Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში


ნიქოზის ტაძრის გვერდით, ისტორიულ სასახლეში, უჩვეულო ხალხმრავლობაა. რამდენიმე დღეა კონფლიქტის ზონის ეს სოფელი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. სასახლეს, რომელიც 4 წლის წინ რუსული ავიაციის დაბომბვისას თითქმის მთლიანად განადგურდა, მოგვიანებით პირვანდელი სახე დაუბრუნდა. აქვე მოეწყო დარბაზიც, სადაც ფესტივალი იმართება. ფესტივალის ჩატარების იდეა, მეგობრებთან ერთად, ცხინვალ-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) გაუჩნდა. მიტროპოლიტი პროფესიით ანიმატორია და საკუთარ გამოცდილებას ეპარქიის ხელოვნების სკოლაში ახლა ნიქოზელ ბავშვებს უზიარებს.

ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეორედ ტარდება. შარშან სოფელში მხოლოდ გახსნის და დახურვის ცერემონიალი გაიმართა, ფილმების ჩვენება გორის დარბაზებში ხდებოდა, წელს კი სრული პროგრამა მხოლოდ ნიქოზში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობას რუსეთის, პოლონეთის, უკრაინის, ბელორუსის, გერმანიის და საქართველოს ანიმაციური ხელოვნების წარმომადგენლები იღებენ. ფესტივალისადმი გზავნილში ანიმაციური ფილმების რუსეთის ღია ფესტივალის დირექტორი ალექსანდრე გერასიმოვი წერს:

„მეუფე ისაია და მეუფე ნიკოლოზი სუზდალში გავიცანით. გაცნობისთანავე ნათელი შეიქნა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ახლობლები ვართ, ერთი ოჯახის წევრები, ერთი ცომიდან მოზელილი. ფაქტია, რომ თუ ადამიანები ერთ საქმეს ემსახურებიან, მით უფრო ისეთს, როგორიცაა ანიმაციური ხელოვნება, რომელიც საქმისადმი დაუზოგავ თავდადებას, ერთგულებას და სიყვარულს მოითხოვს, ეს მათ არა უბრალოდ აახლოებს, არამედ ერთმანეთთან ანათესავებს კიდეც.“

ამ ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ აქ არავინ არავის ეჯიბრება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ იკრიბებიან ანიმაციური ხელოვნების წარმომადგენლები და ერთმანეთს საკუთარ ნაშრომებს უჩვენებენ, გამოცდილებას უზიარებენ. ჩრდილების თეატრის ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ამბობს, რომ მეუფესთან ერთად დიდი ხნის ოცნება აისრულა, როცა ნიქოზში ხელოვნების სკოლა გახსნეს და ფესტივალის ჩატარება შეძლეს.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00
გადმოწერა

„ვოცნებობდით იმაზე, რომ აქ შეგვექმნა ხელოვნების სკოლა და სანამ ეს უბედურება დატრიალდებოდა, მეუფემ თავისი ნაცნობების, ახლობლების დახმარებით შევძელით და ანიმაციის სტუდია ავაწყეთ. მერე მოხდა ომი და ეს ყველაფერი დაიბომბა, დადნა და განადგურდა. ამის მერე ნიქოზი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და პოლონეთის დიდი დამსახურება არის, რომ ხელოვნების სკოლისთვის ჩვენთან შემოზიდეს აპარატურა და ფეხზე დააყენეს ეს გაცილებით უკეთესად, ვიდრე ადრე იყო. პოლონელებთან საუბარში გაჩნდა ასეთი აზრი, რომ რატომ არ უნდა ჩავატაროთ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი, რომელსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის“, – ამბობს გელა კანდელაკი.

ფესტივალზე ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ნამუშევრის პრემიერა შედგა. „საშობაო მინიატურა“ – ასე ჰქვია ანიმაციურ ფილმს, რომელიც სტუდიის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს და გამოცდილი ანიმატორების აპლოდისმენტი დაიმსახურეს. თავმდაბალმა პატარებმა ინტერვიუზე მოკრძალებული უარი თქვეს, ნიქოზ-ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ კი აღნიშნა, რომ სკოლაც და ფესტივალიც სოფელში სიცოცხლის შემომტანია. მალე ნიქოზს ჩრდილების პროფესიული თეატრიც ექნება.

„ერთმანეთს ეხმარება ეს ყველაფერი, ხელოვნების სკოლამ მოიტანა ამ ფესტივალის ჩატარების იდეა, სურვილი და რეალურიც გახადა. ვფიქრობ, ფესტივალი ძალიან დაეხმარება თვითონ სკოლის არსებობას და მის წინსვლას, ასევე ამ მხარის და რეგიონის კულტურული ცხოვრების კიდევ უფრო გამოცოცხლებას“, - ამბობს მიტროპოლიტი ისაია.
მე აქ არაჩვეულებრივ ემოციურ მუხტს ვიღებ ადამიანებთან ურთიერთობისგან, ამ ადგილიდან, ჩვენი მასპინძლებისგან. პირველ რიგში, ეს ყველას გვაერთიანებს. როცა ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, შინაგანად თითქოს დანაშაულს ვგრძნობთ იმ სიტუაციის გამო. ხალხი ხომ ამაში დამნაშავე არ არის. ადამიანები ადამიანებად დარჩნენ და მათ შეუძლიათ კარგს კარგით უპასუხონ...
ნატალია ორლოვა

ნატალია ორლოვა ნიქოზში მოსკოვიდან ჩამოვიდა. იგი ანიმაციური ფილმების სტუდია „ანიმას“ სამხატვრო ხელმძღვანელია. ნატალია ამბობს, რომ ნიქოზიდან დიდი სითბო მიაქვს და ის არასდროს უნდა განმეორდეს, რაც ამ სოფელში 4 წლის წინ დატრიალდა.

„მე აქ არაჩვეულებრივ ემოციურ მუხტს ვიღებ ადამიანებთან ურთიერთობისგან, ამ ადგილიდან, ჩვენი მასპინძლებისგან. პირველ რიგში, ეს ყველას გვაერთიანებს. როცა ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, შინაგანად თითქოს დანაშაულს ვგრძნობთ იმ სიტუაციის გამო. ხალხი ხომ ამაში დამნაშავე არ არის. ადამიანები ადამიანებად დარჩნენ და მათ შეუძლიათ კარგს კარგით უპასუხონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ვიკრიბებით. ყველა ხომ ერთი ღმერთის შექმნილები ვართ და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანებში სიძულვილი გაღვივდეს“, – ამბობს ნატალია ორლოვა.

ნიქოზის ხელოვნების სკოლაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი ანიმატორები მოიწვიონ, რომლებიც ბავშვებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
XS
SM
MD
LG