Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელმა სენატორმა შეწყვიტა „ფილიბასტერის“ აქტი


რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების მიმართ საჰაერო იერიშებს ეწინააღმდეგება, შეწყვიტა დაახლოებით 13 საათს გაგრძელებული ობსტრუქციის აქტი, რომელიც მან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა.

კენტუკის შტატის წარმომადგენელმა სენატორმა, რენდ პოლმა, ობსტრუქციის აქტი ოთხშაბათს გამოაცხადა, რათა გადაედო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ჯონ ბრენანის კანდიდატურის შესახებ კენჭისყრა. პროცედურულად ამგვარი ობსტრუქცია, რომელსაც ბევრ ენაზე „ფილიბასტერს“ უწოდებენ, გამოიხატება სიტყვით გამოსვლისას ხანგრძლივი ლაპარაკით, რათა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი გახდეს.

სენატორმა ობამას ადმინისტრაციისგან მოითხოვა გაევრცელებინათ განცხადება, რომელშიც ცალსახად იქნებოდა ნათქვამი, რომ აშშ არ გამოიყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს აშშ-ის ტერორიზმში ეჭვმიტანილი მოქალაქეეების დახოცვის მიზნით.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა სენატორმა ამგვარი პირობა ადმინისტრაციისგან, თუმცა ობსტრუქციის აქტი შეწყვეტილია.
სენატორისთვის მიმდინარე კვირაში გაგზავნილ წერილში გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი ამბობს, რომ ვერ გამორიცხავს აშშ-ის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობას ამერიკელი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ.

ჰოლდერის თქმით, ბარაკ ობამა არ აპირებს ასეთი თავდასხმების ბრძანების გაცემას, თუმცა მათი განხორციელების თეორიული შესაძლებლობა რჩება, თუკი საქმე „არაორდინარულ გარემოებებთან“ გვექნება - მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „პერლ ჰარბორის“ ან 2001 წლის 11 სექტემბრის მსგავს თავდასხმებთან.
დღეს ვიწყებ ობსტრუქციის აქტს ცენტრალურ სადაზვერვო სამაართველოში ჯონ ბრენანის კანდიდატურის წამოყენების წინააღმდეგ. ვილაპარაკებ, სანამ ძალა მეყოფა. ვილაპარაკებ რამდენიც საჭიროა - სანამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის ზარი დარეკავს...

აშშ უპილოტო თვითმფრინავებით რეგულარულად ახორციელებს თავდასხმებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ, უწინარესად, პაკისტანში, ავღანეთსა და იემენში. ამგვარ თავდასხმებს ბევრი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ ექსტრემისტებთან ერთად ამ იერიშების შედეგად სამოქალაქო პირებიც იხოცებიან.

აშშ-ში განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა მოჰყვა ინფორმაციის გაჟონვას, რომ ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს მიზანში აშშ-ის მოქალაქეებიც ამოიღოს, თუკი მაღალი რანგის ოფიციალურ პირები იეჭვებენ, რომ ისინი გარდაუვალ თავდასხმას გეგმავენ.

სამოქალაქო თავისუფლებების დამცველები თვლიან, რომ ასეთი თავდასხმებით შესაძლოა სახელმწიფომ დაარღვიოს სამართლიანი გასამართლების უფლება, რომელსაც მოქალაქეებს კონსტიტუცია ანიჭებს.
სენატორი რენდ პოლი ფილიბასტერის სახელით ცნობილი ობსტრუქციის აქტის გამოცხადებისას ასეთი სიტყვებით გამოვიდა:

„დღეს ვიწყებ ობსტრუქციის აქტს ცენტრალურ სადაზვერვო სამაართველოში ჯონ ბრენანის კანდიდატურის წამოყენების წინააღმდეგ. ვილაპარაკებ, სანამ ძალა მეყოფა. ვილაპარაკებ რამდენიც საჭიროა - სანამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის ზარი დარეკავს, რომ ჩვენი კონსტიტუცია მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ გასამართლების უფლებას ვაფასებთ, რომ თვითმფრინავებმა ამერიკის მიწაზე არც ერთი ამერიკელი არ უნდა მოკლას ბრალის წაუყენებლად და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის გარეშე“.

უპილოტო თვითმფრინავებით იერიშების მიტანის კამპანია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს დაიწყო, თუმცა ამგვარი იერიშები გახშირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ობამა მოვიდა.

აშშ-ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ობსტრუქციის აქტი აწ გარდაცვლილმა სენატორმა, სტრომ ტურმონდმა დაამყარა. 1957 წელს ის 24 საათზე მეტხანს გამოდიოდა სიტყვით სამოქალაქო უფლებების აქტის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG