Accessibility links

logo-print
გორში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ხელოვნება – ადამიანის უფლებებისთვის“. ფესტივალზე სხვადასხვა თემატიკის ფილმები იყო წარმოდგენილი, მათ შორის - ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ რეჟიმებზე, რასიზმზე, მიგრაციასა და კონფლიქტებზე. აუდიტორია ძირითადად სტუდენტებისგან, გორის საზოგადოების წარმომადგენლებისა და კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისგან შედგებოდა. ფილმების დასრულების შემდეგ მედიაექსპერტებთან ზვიად ქორიძესა და ია ანთაძესთან ერთად დარბაზში დისკუსიები იმართებოდა. განსაკუთრებული ინტერესი კონფლიქტების თემატიკაზე შექმნილმა ფილმებმა გამოიწვია. საფესტივალო პროგრამაში ორი ასეთი ფილმი იყო შეტანილი - ანა აგიონის მიერ რუანდაში მომხდარ კონფლიქტზე გადაღებული ფილმი „ ჩემი მეზობელი, ჩემი მკვლელი“ და თამარა მილოშევიჩის მიერ ბოსნიურ სრებრენიცაში მასობრივი ხოცვა–ჟლეტის შემდეგ ამ ქალაქში დაბრუნებული ადამიანების ცხოვრებაზე შექმნილი ფილმი „ყველგან, მაგრამ არა აქ.“ ჩვენების შემდეგ დისკუსიის მონაწილეები მსჯელობდნენ ფილმების გმირებზე, მათ ცხოვრებაზე, ტკივილზე, საქართველოში მომხდარ კონფლიქტებთან მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ლიახვის ხეობიდან დევნილი სტუდენტი ვიქტორ მაისურაძე მიიჩნევს, რომ, ქართველებსა და ოსებს შორის სისხლისღვრის მიუხედავად, შერიგება და ნდობის აღდგენა მაინც მოხდება, ამისთვის კი მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგან. მისი აზრით, ამ კონფლიქტს სხვა კონფლიქტებისგან ის განასხვავებს, რომ ნათესაური კავშირები შენარჩუნებულია და ეს რესურსი გამოყენებული უნდა იქნეს.

რუანდასა და სრებრენიცაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტა, ტრავმირებული ადამიანები, ბურუსით მოცული მომავალი თითქოს ამ პრობლემის მოგვარების იმედს ნაკლებად იძლევა. ფილმის გმირები ეძებენ სიმართლეს და ამ სიმართლის აღიარებას მოითხოვენ. ია ანთაძის აზრით, არ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე და ეს საქართველოშიც უნდა გაიაზრონ პოლიტიკოსებმა.

საზოგადოების როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადაჭრისას ურთიერთთანადგომა, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა - ეს იყო დარბაზში გამართული დისკუსიის მთავარი გზავნილები.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორია ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი შორენა კუჭუხიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდების აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა. საზოგადოება დაფიქრდა და დაიწყო მსჯელობა არსებული პრობლემების შესახებ. ფესტივალის მიზანი კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს საჯარო დისკუსიაში.

კინოფესტივალი, კაუკადოკის (caucadoc) პროექტის ფარგლებში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 14 ქალაქში ტარდება. ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახორციელებენ. გორში ფესტივალის პარტნიორი „გორის სადისკუსიო კლუბია“.
XS
SM
MD
LG