Accessibility links

logo-print

რატომ შეცვალეს ფინანსთა მინისტრი?


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

15 აგვისტოს, ახალი მინისტრების თავ-თავიანთ სამინისტროებში წარდგენის დროს, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დააკონკრეტა, თუ რას მოელის ის მათგან. საპარტნიორო ფონდში გასაგრძელებელი სამომავლო საქმიანობა დაზუსტებულია ყოფილი ფინანსთა მინისტრის შემთხვევაშიც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ფინანსთა მინისტრთან დაკავშირებულ საკადრო ცვლილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და გარკვეულ ეჭვებსაც გამოთქვამენ. როგორ აღიქვეს სამთავრობო ცვლილებები პარლამენტში, სადაც მთავრობის შემადგენლობას ნდობა სულ ახლახან გამოუცხადეს?

თუკი პრემიერ-მინისტრის კომენტარებს დავაკვირდებით, ცხადი ხდება, რომ ენერგეტიკის მინისტრად ვახტანგ ბალავაძის დანიშვნა მისი წინამორბედის - ალექსანდრე ხეთაგურის - ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადაყვანამ განაპირობა და არა პირიქით. ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენლის გარკვეულ შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებს და მისგან გაზიფიცირების პროცესის გაგრძელებასა და გამრიცხველიანების პროცესის 2013 წლის ბოლოსთვის დამთავრებას მოელის, მაგრამ ბალავაძის უმთავრეს მოვალეობად მაინც წინამორბედის მიერ გაკეთებული საქმის გასაჯაროება სახელდება:

”ვახოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობების და სწორედ ახლა დადგა ეპოქა, როდესაც ტექნიკური სამინისტროდან ეს სამინისტრო უნდა გადაიქცეს საჯარო სამინისტროდ და ჩვენ თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიდეთ და ის მიღწევები, რაც ალე ხეთაგურმა განახორციელა, თითოეული მიღწევა უნდა ვაგრძნობინოთ თითოეულ ოჯახს, ანუ თითოეულ ოჯახში უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც წლების განმავლობაში შექმნეს ამ ადამიანებმა.”

მერაბიშვილის იმედები ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, ცხადია, ფინანსთა მინისტრის პოსტზეც უკავშირდება. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ როგორც ელექტროენერგიის პრობლემა ჩააბარა წარსულს, ხეთაგური იმავე წარმატებით შეძლებს, მაგალითად, 7 წლის მანძილზე 20-ჯერ (რეკორდულად) გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის ტემპების შენარჩუნებას:

”ალე ხეთაგურს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რუტინული, ნელი, მაგრამ ეფექტური მუშაობის, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ გარანტირებულად გავაგრძელოთ ზრდის ის ტემპები, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გაგვაჩნდა.”

13 აგვისტოს, როცა 2 მინისტრის საკითხი გაახმაურა, ვანო მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია და, მეტიც, ორი დღის მანძილზე ათასნაირი ვერსია ვრცელდებოდა იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებდა მუშაობას ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. 15 აგვისტოს კი პრემიერ-მინისტრმა ის საქართველოს პარლამენტის შენობაში ახალ თანამშრომლებს წარუდგინა და გაირკვა, რომ გვინდაძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ანუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის, მოადგილე გახდა და, პარალელურად, ის ფონდის ფარგლებში მოქმედ საინვესტიციო სააგენტოს - ”ინვესტ ინ ჯორჯიასაც” უხელმძღვანელებს.

ვანო მერაბიშვილმა იხუმრა, რომ გვინდაძის ახალი სამსახურის თანამშრომლების თავისუფალი რეგლამენტი ”შურს” იწვევს მთავრობის ყველა წევრში, თუმცა იქვე აღნიშნა ისიც, რომ მისია ფრიად სერიოზულია და რომ სწორედ ამ სამსახურზე ”გაივლის” მთავრობის სამომავლო დაპირებებისა და გეგმების დიდი ნაწილის შესრულება. ”იგივე უცხოეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის წახალისება სწორედ თქვენ მიერ შექმნილი კომპანიის მეშვეობით განხორციელდება”, - უთხრა პრემიერ-მონისტრმა 15 აგვისტოს საპარტნიორო ფონდის თანამშრომლებს და იქვე დააზუსტა, თუ რას მოელის ის დიმიტრი გვინდაძისგან:

”მე დარწმუნებული ვარ, რომ დიმა ისეთივე ენთუზიაზმით და უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებს იმას, რაშიც იყო ის ოსტატი - მინდა ვთქვა, რომ ის არის, ასე ვთქვათ, საქართველოში ყველაზე მაღალპროფესიონალი ადამიანი, ვინც აწარმოებდა მოლაპარაკებებს დონორებთან, უცხოურ ორგანიზაციებთან.”

ზოგს სჯერა, ზოგს კი არა, რომ დიმიტრი გვინდაძეს ახალი საქმიანობა საგანგებოდ შეურჩიეს და რომ საპარტნიორო ფონდი მისთვის იძულებითი თავშესაფარი არ არის. ასეთი ვარაუდები კი გამომდინარეობს შეკითხვიდან - რატომ გახდა აუცილებელი ფინანსთა მინისტრის გამოცვლა წინასაარჩევნო პერიოდში, მით უმეტეს მაშინ, როცა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა სულ ახლახან და, კერძოდ, 4 ივლისს გამოუცხადა.

”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი თვლის, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ხეთაგური ვანო მერაბიშვილმა წლების განმავლობაში გამოცდილი განსაკუთრებული ერთგულებისთვის შეარჩია, ხოლო დიმიტრი გვინდაძე სავარაუდო პრობლემების პრევენციის მიზნით განარიდეს ფინანსთა სამინისტროს:

”გვინდაძე არ არის გუნდის წევრი, არ იყო და ვერც გახდებოდა... ის საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობდა და არ იყო სახელგატეხილი ადამიანი. როგორც ჩანს, ის არ გაისვარა და ამიტომ მისი ადგილი მერაბიშვილის მთავრობაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა.”

ოპონენტების მსგავს ეჭვებს ”კონსპირაციის თეორიაზე” აღმოცენებულ აბსურდად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. უშუალოდ საკადრო ცვლილებებში კი დეპუტატი გასაკვირს ვერაფერს ხედავს:

”მთავრობა მუშაობს გუნდური პრინციპით. პრემიერ-მინისტრი პასუხს აგებს დაპირებებზე - სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. იმისათვის, რომ ეს დაპირებები (და საკმაოდ სერიოზული პროგრამაა დადებული და ძალიან ბევრია გასაკეთებელი) შესრულდეს, ბუნებრივია, მას სჭირდება საკადრო გადაადგილებები და მე ამაში ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ.”

ახალ ნდობაგამოცხადებულ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები უჩნდება ”ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს. თუმცა, როგორც მან 15 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, წინა წლების ანალოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, შეკითხვების დასმას, უბრალოდ, აზრი არა აქვს, რადგანაც მათზე შესაბამის პასუხებს მაინც არავინ გასცემს. ვეფხვაძისთვის სამთავრობო ცვლილებებისა და ”კარუსელების” ლოგიკა დღემდე ამოუცნობად რჩება.
XS
SM
MD
LG