Accessibility links

logo-print
ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ”იდენტობის” ორგანიზებით, თბილისში მიმდინარეობს პირველი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებსა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ეხება. სტუდენტები კონფერენციაზე საკუთარი გამოკვლევების შესახებ ჰყვებიან, რომლებიც ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ჩაწერილი ინტერვიუების შედეგად დაიწერა.

შესავლის მაგივრად. მცირე დიალოგი:

- საით მიბრძანდებით?
- კონფერენციაზე მივდივარ.
- ძაან მაგარ კონფერენციაზეც მიდიხარ, - ირონიული ტონი მომყვება ზურგში.

ილიას უნივერსიტეტის საკონფერენციო აუდიტორია სტუდენტებითაა სავსე. ისინი ესწრებიან გენდერული თანასწორობისა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ”იდენტობის” მიერ ორგანიზებულ პირველ სტუდენტურ კონფერენციას, რომელიც სწორედ ლგბტ საკითხებს ეძღვნება. ”ლგბტ ადამიანები და ბულინგი”, ”ლესბოსელი და ბისექსუალი გოგოების ბულინგი სკოლებში”, ”ინტერნალიზებული ჰომოფობია - პრობლემა და გამოსავალი” - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა იმუშავეს და გამოკვლევები კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

”ჩემი კლასელები გრძელი გზით დადიან, რომ მე არ შემხვდნენ. ამბობენ, რომ ლესბოსელის დანახვა არ უნდათ. ისინი არ სხდებიან იქ, სადაც მე ვზივარ, რადგან ეზიზღებათ ის ადგილი. ისინი ჩემს მეგობრებს ეუბნებიან, რომ საშიშია ჩემთან მეგობრობა, რადგან შეიძლება მე მათ რამე დავუშავო”,- ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ლესბოსელი მოსწავლის ნაამბობიდან, რომელიც ანა ჭეიშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, საკუთარ გამოკვლევას ილუსტრაციის სახით დაურთო. მან სკოლებში ლესბოსელი და ბისექსუალი მოსწავლეების პრობლემები შეისწავლა. როგორც ანა ამბობს, გამოკითხული გოგოების ნაწილმა ქამინგ აუტი, ანუ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება მოახერხა, ნაწილი კი ამისგან თავს იკავებს. ისინი კლასელებისა თუ საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლენას გაურბიან. ანას თქმით, ლბ გოგოები, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლნიც არაერთხელ გამხდარან:

”გოგონა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც მან ქამინგ აუტი გააკეთა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ვეღარ ამყარებს კლასელებთან ურთიერთობას. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ის გაურბის არსებულ მტრულ გარემოს და ცდილობს არ მოისმინოს ის დამამცირებელი კომენტარები, რაც მისი მისამართით კეთდება. იყო შემთხვევა, როდესაც თავისი მასკულინური ქცევის გამო ის ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გახდა. როგორც ის ჰყვება, მას ერთხელ ყელშიც კი წაუჭირეს ხელი”, - ამბობს ანა ჭეიშვილი.

როგორია მასწავლებლების როლი ლგბტ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში? რამდენად არიან ისინი მზად დაიცვან ლგბტ მოსწავლეების უფლებები და არ გამოარჩიონ ისინი სხვა მოსწავლეებისგან? ეს მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლილი მამულაშვილმა შეისწავლა. როგორც ლილი ჰყვება, პედაგოგების დამოკიდებულება ჰომოსექსუალობისადმი არაერთგვაროვანია. თუკი ერთი ნაწილი ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევს, მეორე ნაწილისთვის ის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ლილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპზე მან მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში არსებული სკოლების პედაგოგთა განწყობები გამოიკვლია:

”ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაიგებენ მოსწავლის ორიენტაციას, ირწმუნებიან, რომ არ შეცვლიან პროფესიულ დამოკიდებულებას მათ მიმართ და არ აგრძნობინებენ მათ, რომ ისინი რამით გამოირჩევიან სხვა ბავშვებისგან. ერთ-ერთ მასწავლებელს ჰქონდა სწორედ ასეთი შემთხვევა: მან იცოდა, რომ მის კლასში გეი მოსწავლე სწავლობდა და აბსოლუტურად ჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ბავშვთან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდა ბიჭიც და დანარჩენი კლასიც, რომ რაიმე სახის ძალადობას არ ჰქონოდა ადგილი”, - ამბობს ლილი მამულაშვილი.

კიდევ ერთი თემა, რომელიც სტუდენტურ კონფერენციაზე განხილვის საგნად იქცა, ეს არის ინტერნალიზებული ჰომოფობია - ჰომოფობიის სახეობა, რომელიც გულისხმობს თავად ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების შეთვისებულ ჰომოფობიას. ასეთებს შეიძლება საკუთარი ორიენტაცია ერთგვარ დისკომფორტს უქმნიდეს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტმა კობა ბიწაძემ ამ პრობლემის შესწავლა რეგიონის მაგალითზე, კონკრეტულად კი, ქუთაისის მაგალითზე გადაწყვიტა. ნაწყვეტი ერთ-ერთი გეი რესპონდენტის ნაამბობიდან:

”ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომ ჭირს ვინმეს ენდო. ჩემი პარტნიორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალური, რადგან მინდა მასთან ერთად ქუჩაში გავიარო, მეგობრებს და მშობლებს გავაცნო და, თუკი ის მანერული იქნება, ჩემზეც იფიქრებენ, რომ გეი ვარ, რაც არ მაწყობს. ამიტომ პარტნიორად მირჩევნია კაცური ტიპი, რომელსაც ცოტა ფულიც ექნება და ფარულად გვექნება სექსი. სხვების თვალში კი მეგობრები ვიქნებით”.

ეს ციტატა კობა ბიწაძემ იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, თუ რამდენად სერიოზულად დგას ლგბტ ადამიანების ცნობიერებაში ინტერნალიზებული ჰომოფობია:

”ამ გამოკვლევაში ღრმად ჰომოფობები უფრო ბევრნი იყვნენ, ვიდრე ნაკლებად ჰომოფობები და, საბოლოო ჯამში, მივიღე ის შედეგი, რასაც ველოდი, ანუ საზოგადოების გავლენა არის საკმაოდ დიდი და ეს არის ლგბტ ადამიანების სტრესი, რომელსაც განიცდის საზოგადოების ზეწოლის შედეგად. ქამინგ-აუტის ბარიერებში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად სახელდება საზოგადოებისაგან გარიყვა და მათი მიუღებლობა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო”, - ამბობს კობა ბიწაძე.

კობა ბიწაძის რესპონდენტთა უმეტესობა რელიგიური თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნევს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას და ამის გამო ისინი ინტერნალიზებული ჰომოფობიის მაღალ მაჩვენებელს ავლენენ. მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, თვითმკვლელობის მცდელობა ლგბტ თემში შვიდჯერ აღემატება ჰეტეროსექსუალთა შორის სუიციდის მცდელობის მაჩვენებელს. სუიციდის მიზეზად, პირველ რიგში, ისინი ასახელებენ საზოგადოების მხრიდან მათ მიუღებლობას და თავად მათ დამოკიდებულებას საკუთარი ორიენტაციის მიმართ.

ირაკლი ვაჭარაძე, ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ”იდენტობის” ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჰომოფობიის მაღალი მაჩვენებლის დაძლევის ერთ-ერთი გზა თავად იმ ადამიანებთან მუშაობაა, რომლებიც ლგბტ თემის მიმართ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ავლენენ. მას მოჰყავს მაგალითი საერთაშორისო ორგანიზაცია ”გეი სთრეით ალიანსის” მიერ მოწყობილი შეხვედრებისა, რომლებიც ჰეტეროსექსუალ და ლგბტ პირებს შორის იმართება და სადაც ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, შეხედულებებს, შიშებსა და დამოკიდებულებებს უზიარებენ:

”საოცარი რაღაცები ირკვევა. რქიანი და კუდიანები არ ჰგონიათ ხოლმე ლგბტ ადამიანები, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ბევრს უთქვამს, პირველად ვნახე ამ ორიენტაციის ადამიანი და არ მეგონა, რომ მასაც კაცურად საუბარი შეეძლო ან მასაც ასეთი სიყვარული შეეძლო და ა.შ. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ რომ გამოდიან ხოლმე, ორივე მხარე ძალიან ჩართული და გახსნილია ხოლმე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ახალგაზრდები სინამდვილეში იდეოლოგიზებულნი კი არ არიან და სიძულვილით აღჭურვილნი, არამედ, უბრალოდ, ისინი არ არიან ინფორმირებულნი და მართლა რომ არ გყავს ცხოვრებაში ადამიანი ნანახი ან რომ თვლი, რომ არ გყავს ნანახი, გეშინია და გძულს და ეს დამოკიდებულებები შენში შეუცნობელია”, - ამბობს ირაკლი ვაჭარაძე.

ის ირწმუნება, რომ ხანმოკლე ინტერაქცია ლგბტ თემსა და ჰეტეროსექსუალებს შორის სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შიშები და ცრურწმენები, რომლებიც არცთუ იშვიათად მედიისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ არის პროვოცირებული, გაქრეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG