Accessibility links

logo-print

სტიქიური უბედურება სამხრეთ რუსეთში


კრასნოდარის მხარის ქალაქი კრიმსკი 7 ივლისს

კრასნოდარის მხარის ქალაქი კრიმსკი 7 ივლისს

7 ივლისი ჯერ არ გათენებულიყო, როცა ვიქტორ ვოლოშინი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ძმისშვილი ურეკვდა ქალაქ კრიმსკიდან. კავშირი მალე გაწყდა, თუმცა ახალგაზრდა კაცმა მოასწრო იმის თქმა, რომ კრიმსკში წყალდიდობაა და მისი ოჯახი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

„ამბობს, ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა მანქანის სიგნალიზაცია მოესმა. სახლიდან გავიდა - წყალი უკვე მუხლამდე წვდებოდა. რაღაც ყუთი ეხეთქებოდა მის მანქანას და ამიტომ ჩაირთო სიგნალიზაცია. ამის მერე უცებ ამოქმედდა: შეძლო ოჯახთან ერთად სხვენში ასვლა. ამის მერე წყალი უცებ მოვარდა. ერთადერთი, ჩემმა ძმისშვილმა რაც მოასწრო, ის იყო, რომ ხელი სტაცა ფულს, რაღაც წვრილმანებს, დოკუმენტებს და სხვენში ავარდა,“ - ყვება ვოლოშინი, რომელიც თვითონაც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს, ოღონდ მისი დასახლება სტიქიურ უბედურებას გადაურჩა.

ძმისშვილის ზარის შემდეგ ვიქტორ ვოლოშინი მაშინვე მიუჯდა საჭეს და კრიმსკს მიაშურა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტ მუმინ შაკიროვს უყვება, ბევრ დაზარალებულს გამოელაპარაკა, მათგან მოისმინა, რომ ხუთი მეტრი სიმაღლის ტალღა დაატყდა ქალაქს ღამით, როცა ხალხს ეძინა. წყლის ნაკადმა ამოატრიალა ავტომანქანები, ტალახით დაფარა შენობები, შეიწირა 170-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ბავშვების და ხანდაზმულების სიცოცხლე.

წყალდიდობამ მძიმე ზარალი მიაყენა მეზობელ ქალაქებსაც. პირქუშ სურათს აღწერს შავი ზღვის პირა კურორტ გელენჯიკში ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორესპონდენტი, იანა სახაროვა: „ყველაფერი თითქოს უწყინრად დაიწყო. ღამით წვიმა წამოვიდა. მაგრამ რამდენიმესაათიანი თავსხმა წვიმის შემდეგ კურორტის არა მარტო ზღვისპირა და განაპირა, არამედ ცენტრალური ქუჩებიც უცებ გაქრა წყლის ქვეშ. გზებზე მოვარდნილი წყალი ერთნახევარმეტრიან სიმაღლეს აღწევდა. ამასთან, წყალი დიდი სიჩქარით მოედინებოდა და ართულებდა ფეხით მოსიარულეების, ტურისტებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას“.

ორშაბათი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაზარალებული რეგიონის მოსახლეობა დაღუპულ ახლობლებს ეთხოვება.

მწუხარებას ემატება ხელისუფალთა რეაქციით უკმაყოფილება. ბევრს უჩნდება შეკითხვა: როგორ მოხდა, რომ რეგიონში, რომელშიც მწვავეა წყალდიდობის საფრთხე, სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდეს მოსახლეობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ხალხის ევაკუაციაზე. ზოგი ვარაუდობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განზრახ გამოუშვა წყალი რეზერვუარიდან, რათა წყლის ნაკადი არ წასულიყო უფრო დიდი ქალაქის - ნოვოროსიისკის მიმართულებით. ოფიციალური პირები უარყოფენ ამ ბრალდებას, თუმცა აღიარებენ შეცდომებს, რომლებიც დაშვებულ იქნა წყალდიდობაზე რეაგირებისას.

ორშაბათს თანამდებობებიდან გაათავისუფლეს ქალაქ კრიმსკის მერი და კრიმსკის რეგიონის ადმინისტრაციის მმართველი. ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მას შემდეგ რაც დაზარალებული რეგიონი მოინახულა, ორშაბათს მოსკოვში, მთავრობის სხდომაზე მოითხოვა მოსახლეობის წყალდიდობასთან დაკავშირებით გასაფრთხილებელი სისტემის შემოწმება. „წინასწარი მონაცემებით ნათელია, რომ ეს იყო ბუნებრივი მოვლენა. ამის მიუხედავად, ძალიან გულდასმით უნდა იქნეს გაანალიზებული, როგორ მუშაობდა ყველა სამსახური. ეს ეხება არა მარტო გაფრთხილებას, არამედ ეხება ჰიდროტექნიკურ მოწყობილობებს: რა გაკეთდა, რა არ გაკეთებულა, ან დამატებით რა უნდა გაკეთდეს არა მარტო ამ ადგილას, არამედ სხვა ადგილებშიც, სადაც შესაძლებელია ასეთივე ვითარება“, განაცხადა პუტინმა.

„ამ და სხვა ადგილებს“ რაც შეეხება, როგორც ცნობილია, 2014 წელს სწორედ კრასნოდარის მხარეში მდებარე სოჭი უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ საქართველომ მაშველებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა შესთავაზა რუსეთს. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის სახელით მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს.
XS
SM
MD
LG