Accessibility links

დედაქალაქისგან განსხვავებით, სტიქიურ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია საქართველოს რეგიონებში, თუმცა ძლიერმა წვიმამ სერიოზული ზარალი მიაყენა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს - დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და განადგურდა ნათესები. 14 მაისის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელი კვლავაც მოწყვეტილია გარესამყაროს. ხელისუფლება ზარალს ითვლის. რა სახის დახმარებას უნდა მოელოდეს დაზარალებული მოსახლეობა?

ძლიერი წვიმის შედეგად აბობოქრებულმა სტიქიამ ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და აჭარა დააზარალა. ამ დრომდე მეტად რთული ვითარებაა ხულოს რაიონში. როგორც რაიონის გამგებელი თემურ ბოლქვაძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სტიქიამ იქ 100-ზე მეტი ოჯახი დააზარალა:

”12 მაისს იყო ძლიერი წვიმა და რამდენიმე სოფელში დამეწყრა გზები, დააზიანა ხიდები და დააზარალა მოსახლეობის ნათესები. ეს არის, მაგალითად, ღორჯომის თემის სოფლები - ტუნაძეები, მერჩხეთი, ახალი უბანი. 2 დღით ადრე კი, 10 მაისს, დაზარალდა სოფლები - ძირკვაძეები და ოქრუაშვილები. დაზიანებულია 4 ხიდი და რამდენიმე ათეული მეტრი გზა არის დამეწყრილი. ამჟამად გვაქვს 3 სოფელი - ტუნაძეები, ახალი უბანი და მერჩხეთი, სადაც საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია.”

თემურ ბოლქვაძის თქმით, ხულოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზებისა და ხიდების აღდგენაზე ამჟამად საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობს და ძირითადი აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, ერთ კვირას გასტანს. ზარალი ჯერ ბოლომდე დათვლილი და შეჯამებული არ არის, თუმცა მათ, ვისაც სტიქიამ ნათესები გაუნადგურა, გამგებელი წინასწარვე ჰპირდება თესლითა და სასუქით მომარაგებას. გათვალისწინებული იქნება ასევე მიწის დასამუშავებლად საჭირო ხარჯი.

საგაზაფხულო ნათესები ყველაფერი წაიღო, ვენახები გაანადგურა, სიმინდი გაანადგურა, ლობიო გაანადგურა, პომიდორი აღარ არის ...

ზარალს ითვლიან დუშეთის რაიონშიც, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა და გარესამყაროს მოსწყვიტა 10-ზე მეტი სოფელი და 300-ზე მეტი ოჯახი. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ამ ეტაპზე უკვე გაწმენდილია დუშეთ-გრემისხევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომელსაც ამ დრომდე საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება, შეუფერხებლად უკავშირდება რაიონულ ცენტრებს.

რაც შეეხება კახეთს, ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა გურჯაანის, ლაგოდეხისა და ახმეტის რაიონებში. მოსახლეობა ძირითადად ნათესებისა და ნარგავების განადგურებას უჩივის:

”საგაზაფხულო ნათესები ყველაფერი წაიღო, ვენახები გაანადგურა, სიმინდი გაანადგურა, ლობიო გაანადგურა, პომიდორი აღარ არის, ვენახები არის წყალში... ქვა და ნავთია შეტანილი ვენახებში, გაუბედურებულია... სამეზობლო კედელი გადმოანგრია, ქვა, ქვიშა, შლამი, სუ ყველაფერი აქ მოიტანა...”

ზოგიერთ ადამიანს საერთოდ ყველაფერი გაუნადგურა. მინიმალური მაინც ზიანი ყველას უნდა ავუნაზღაუროთ. დაზარალებულ ოჯახებს, ყველაზე გაჭირვებულებს, სახელმწიფომ რაღაც მაინც უნდა აუნაზღაუროს ...

კახეთის რაიონებში სტიქიამ რამდენიმე ასეული ოჯახი დააზარალა - განადგურდა ნათესები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მნიშვნელოვნად დაზიანდა გზები და ხიდები. რადიო თავისუფლების პარტნიორი რადიოს - რადიო ”ჰერეთის” - კორესპონდენტის ინფორმაციით, ზარალი გაცილებით ნაკლები მასშტაბის იქნებოდა, სანიაღვრე არხებს წყალი რომ გაეტარებინა.

14 მაისს კახეთში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, ხოლო თბილისში გამართულ საგანგებო თათბირზე პრეზიდენტმა დავალება მისცა ფინანსთა მინისტრს. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო მოსახლეობას მინიმალურად მაინც უნდა დაეხმაროს:

”ზოგიერთ ადამიანს საერთოდ ყველაფერი გაუნადგურა. მინიმალური მაინც ზიანი ყველას უნდა ავუნაზღაუროთ. დაზარალებულ ოჯახებს, ყველაზე გაჭირვებულებს, სახელმწიფომ რაღაც მაინც უნდა აუნაზღაუროს. ეს უნდა გვესმოდეს, რომ რესურსები შეზღუდულია. ბევრად მეტი მინდა ამ ხალხს გავუკეთო, არაფერი რომ არ გავუკეთო, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ დავთვალოთ, ვნახოთ და უახლოეს დღეებში რაღაცა მივცეთ.”

კონკრეტულად რა იგულისხმება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ”რაღაცაში”, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კონკრეტიკაზე საუბარი შესაძლებელია რამდენიმე დღეში, ანუ მას შემდეგ, რაც ზარალის მასშტაბები შეჯამდება. პარალელურად, დამაიმედებელს ვერაფერს გვეუბნებიან სინოპტიკოსები. გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის დოდო გვაზავას მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს დღეებში წვიმა და, ზოგ შემთხვევაში, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.
XS
SM
MD
LG