Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა


თბილისის ქუჩები წყალდიდობის შემდეგ
თბილისის ქუჩები წყალდიდობის შემდეგ
ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა თბილისში მომხდარ წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო "სივილ ჯორჯიას" თანახმად, მსხვერპლის შესახებ ცნობას ადასტურებს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. წვიმა დაახლოებით ღამის 10 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადიდებულმა მტკვარმა ყველაზე დიდი ზარალი ორთაჭალას მიაყენა. როგორც იუწყებიან, მსხვერპლი წყალდიდობას სწორედ ამ უბანში მოჰყვა. იუწყებიან ასევე, რომ სულ მცირე შვიდი ადამიანია მოთავსებული საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არის ცნობები წყალდიდობის შესახებ დუშეთის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონებში.

"ორთაჭალჰესის" ხელმძღვანელობის მტკიცებით, გუშინდელი წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების დაღუპვა მდინარე მტკვრის ადიდებას არ გამოუწვევია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ორთაჭალჰესის" დირექტორმა ზვიად ჩუბინიძემ განუცხადა, მდინარის დონე არ მომატებულა, უბედური შემთხვევა კი იმის გამო მოხდა, რომ ფერდობებიდან ჩამოსული წყლის გატარება კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო.

"კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო ფერდობებიდან ჩამოსული წყლის გატარება. ამის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ ფოთლებმა და ტოტებმა, რომელიც წვიმამ ჩამორეცხა და ხეებიდან ჩამოიტანა, შემკრებ კოლექტორებში საცობები წარმოშვა და წყალი, რომელიც მტკვარში უნდა ჩასულიყო, ქუჩაში აღმოჩნდა", - განაცხადა "ორთაჭალჰესის" ხელმძღვანელმა.
XS
SM
MD
LG