Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის შენებას რა უნდა?!


საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობაც სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ დარგში საქმიანობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოა და სულ რაღაც 7 პროცენტს შეადგენს. რა არის ამის მიზეზი და რა უნდა გაკეთდეს ვითარების შესაცვლელად?

ნახევარზე მეტი ჩვენი სოფლიდან თურქეთში მიდის სამუშაოდ. იმერეთი იქნება, კახეთი თუ სხვა კუთხე...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 2,1 მილიონი ადამიანი -სოფლად ცხოვრობს. სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის თქმით, დასაქმების თვალსაზრისით სოფლად გაცილებთი უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქად:

„ყველაზე დიდი უმუშევრობა - 29 პროცენტი - თბილისშია. გამოდის, რომ ყოველი მესამე ადამიანი ეძებს სამსახურს. რეგიონებში უმუშევრობა 8-9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს აიხსნება იმით, რომ რაიონებში ადამიანები ძირითადად საკუთარ მეურნეობებში არიან დაკავებულები და ისინი დასაქმებულებად ითვლებიან.“

დასაქმებულად კი ითვლებიან, მაგრამ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის მოცულობა უმნიშვნელოა. საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში სულ რაღაც 7,3 პროცენტია. შესაბამისად, მცირეა სოფლად დასაქმებულთა შემოსავალიც.

„ნახევარზე მეტი ჩვენი სოფლიდან თურქეთში მიდის სამუშაოდ. იმერეთი იქნება, კახეთი თუ სხვა კუთხე, სოფლად ყველგან გასაჭირია“, ამბობს სოფლად მცხოვრები კაცი.

სწორედ გასაჭირის დაძლევისა და ვითარების შეცვლის მიზნით დაიწყო მთავრობამ სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, რისთვისაც 2011 წლის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა წარმატებულად მიიჩნევს სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტს, რომლის მიზანი სიმინდის მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლებაა. მინისტრის მოადგილის კონსტანტინე კობახიძის თქმით, 2011 წელს ჰიბრიდული სიმინდი 30 ათას ჰექტარზე დაითესა, რამაც სიმინდის მოსავალი ერთიორად გაზარდა.
რ დამიკლია ხვნა, სასუქი, დამაშინება, დაკულტივატორება და მორწყვა. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცი...

„პროგრამა იყო წარმატებული და გვინდა მომავალ წელს არსებული ფართობების მინიმუმ გაორმაგება“, განაცხადა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ.

თუმცა, სამინისტროს ხელმძღვანელობის ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროგრამა არაეფექტიანია. „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი წლის მოსავლის გარეშე დარჩენილ ფერმერებს პირადად შეხვდა.

ფერმერი: „არ დამიკლია ხვნა, სასუქი, დამაშინება, დაკულტივატორება და მორწყვა. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცი.“

ამგვარი ვითარების გამო სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მწვავედ გააკრიტიკეს პარლამენტშიც. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიესალმნენ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მინისტრი, თუმცა უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის უქონლობის გამოც უსაყვედურა:
შესანახი მეურნეობის განვითარებით შესაძლებელი იქნება, რომ გლეხმა შეინახოს ან გაყიდოს პროდუქცია ისე, რომ არ გაუფუჭდეს და მაშინ გაყიდოს, როცა თვითონ აწყობს...

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვიცოდეთ, რა იცვლება საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში სოფლის მეურნეობის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. დავრჩებით კვლავ იმ კამპანიური პროცესების და ილუზიების იმედად, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა შეიძლება გადაარჩინოს ბაყაყის ბარკლებმა, სირაქლემის კვერცხებმა, მოცვმა, ლოკოკინებმა, თუ სერიოზულად ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მთავრობა, პარლამენტთან ერთად, ჩამოაყალიბებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.“

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში მართლაც წარმოადგინა ეკონომიკური განვითარების ათპუნქტიანი პროგრამა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სოფლის მეურნეობას. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობის ხელშეწყობით შენდება 200 ათასტონიანი რეგიონალური ლოგისტიკური და სანერგე-სადემონსტრაციო ცენტრები. უკვე აშენდა 35 ათას ტონაზე გათვლილი ხუთი შესანახი მეურნეობა:

მთავრობის სხდომა ბათუმში
მთავრობის სხდომა ბათუმში
“შესანახი მეურნეობის განვითარებით შესაძლებელი იქნება, რომ გლეხმა შეინახოს ან გაყიდოს პროდუქცია ისე, რომ არ გაუფუჭდეს და მაშინ გაყიდოს, როცა თვითონ აწყობს და ამით მეტი შემოსავალი მიიღოს. გარდა ამისა, ეს საშუალებას იძლევა შემცირდეს იმპორტი და გაიზარდოს ადგილობრივი პროდუქციის მოსავლიანობა. ამავდროულად, ეს თავიდან აგვარიდებს ფასების რყევებს, რადგანაც იმპორტის დროს იზრდებოდა ფასები, ადგილობრივი პროდუქცია ნული იყო და იმპორტიორები აკეთებდნენ, შესაბამისად, საკმაოდ დიდ ფულს საქართველოს მოსახლეობაზე.“

მთავრობის გეგმა მოიწონა პრეზიდენტმაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მთავრობა მაინც გააგრძელებს ხორბლისა და სიმინდის მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ჯიშების შემოტანას, რადგანაც ჯიშები, რომლებსაც დღეს იყენებენ, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

„როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სავაჭრო დეფიციტი არ უნდა გვქონდეს, ეს არის სწორედ წარმადობის ამაღლება. პირველადი პროდუქტი უნდა იქმნებოდეს უფრო მეტი რაოდენობით და მეტი ხარისხით. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სოფლის მეურნეობაში სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას იწონებს ეკონომისტთა დიდი ნაწილი. ნოდარ ხადურის თქმით, მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული პოლიტიკა ძალიან ჰგავდა სტიქიურ იერიშს.

„ხან სიმინდზე იყო ქვეყნის იმედი დამყარებული, ხან ნიანგებზე, ხანაც ბაყაყებზე.... არ ჩანდა სტრატეგიული ხედვა, რომლის ჩამოყალიბება ევალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ევალება და არც უნდა ევალებოდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მას ევალება დარგში პოლიტიკის განხორციელება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემები კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ქართული პროდუქციისათვის არათუ გარე ბაზრები, შიდა ბაზარიც კი ძნელად ხელმისაწვდომია. და კიდევ:

„სოფლის მეურნეობაში არ არის ინფრასტრუქტურა, ძალიან დაბალია ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების დონე. სერიოზული პრობლემაა მცირემიწიანობა. 90-იან წლებში ჩატარებული რეფორმის შედეგად, მთავრობამ სოფლად მცხოვრებ ყველა ოჯახს თითო-თითო ჰექტარი მიწა დაურიგა.“
50-იან წლებში სოფლის მეურნეობაზე იაპონიის მთლიანი ეკონომიკის 90 პროცენტი მოდიოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტიც კი არაა...

მცირემიწიანობას სამამულო სოფლის მეურნეობის უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს ეკონომისტი ზურაბ ჯაფარიძეც. მისი თქმით, საქართველოში 700 ათასი ოჯახი თითო–თითო ჰექტარს, ანუ, ჯამში, 700 ათას ჰექტარს ფლობს. სწორედ მცირემიწიანობაა დაბალი პროდუქტიულობის უმთავრესი მიზეზი, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე პოვებს უარყოფით ასახვას. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა მიწების გამსხვილება, თუმცა ეს პროცესი, დადებითი ეკონომიკური ეფექტის პარალელურად, სოფლად მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს მიწისა და შემოსავლის გარეშე დატოვებდა. ეფექტიანი ვერც ცალკეული დარგების სუფსიდირება იქნება, რადგანაც საქართველოს ისედაც სუსტი ეკონომიკა ვერ შეძლებს სოფლის მეურნეობაში დაკავებული 2 მილიონი ადამიანის - მოსახლეობის თითქმის ნახევრის - რჩენას. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გამოსავალს დრო და ეკონომიკის ბუნებრივი განვითარება გვიჩვენებს, რისი არაერთი პეცედენტი არსებობს. სამაგალითოდ გამოდგება თუნდაც იაპონია, რომლის ეკონომიკურმა აღმავლობამ მკვეთრად შეამცირა როგორც სოფლის მეურნეობის წილი, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.

„50-იან წლებში სოფლის მეურნეობაზე იაპონიის მთლიანი ეკონომიკის 90 პროცენტი მოდიოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტიც კი არაა. რამდენიც უნდა ვეცადოთ, ამას ვერც ჩვენ ავცდებით. ფიზიკურად ვერ შევძლებთ. შეგვიძლია რესურსები ვყაროთ. მნიშვნელობა არ ექნება სიმინდის პროგრამას თუ სხვა რამეს მოვიგონებთ, სინამდვილეში მაინც ვერაფერს ვუშველით. თუმცა სოფლის მეურნეობის გადარჩენა „კარგი“ პოლიტიკური თემაა დღეს, რადგანაც ნებისმიერი გამოკითხვის დროს აქტუალურ პრობლემათა ჩამონათვალში ყოველთვის ხვდება. ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობას რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ. რეალურად ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ უნდა ვაცალოთ და დაველოდოთ იმას, თუ რა გზით წავალთ ბუნებრივად. სავარაუდოდ, ეს იქნება სოფლის მეურნეობის შემცირება“, უთხრა ზურაბ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG