Accessibility links

logo-print

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებამ, არ დაესწროს 9 მასისთვის მოსკოვში დანიშნულ „გამარჯვების აღლუმს“, გახმაურებულმა - როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ცრუ - ინფორმაციამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიკვდილის შესახებ და აშშ-ის სენატის წერილმა, რომლის ადრესატი ირანის მთავრობა იყო.

გერმანიის მთავრობის პრესმდივნის ცნობით, მერკელმა უარით უპასუხა რუსეთის მიწვევას, დასწრებოდა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს. მაგრამ, ამავე წყაროს განცხადებით, მერკელი აპირებს 10 მაისს ჩავიდეს მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გვირგვინით შეამკოს უცნობი ჯარისკაცის საფლავი. როგორც ვარაუდობენ, დასავლელ ლიდერთაგან „გამარჯვების აღლუმში“ ცოტა ვინმე თუ მიიღებს მონაწილეობას, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის შექმნილი დაძაბულობის გამო.

აი, რას წერს ამ თემაზე გერმანიის გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“:

„ცივი ომის ყველაზე ცივ დროსაც კი იყო რამდენიმე ხელშეუხებელი დღე. ამ დღეებს მიეკუთვნებოდა წითელი არმიის იმ დაღუპულ სამხედროთა ხსოვნის დღეც, რომლებმაც გერმანია გაათავისუფლეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინგლისსა და საფრანგეთთან ერთად. ანგელა მერკელმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა უარი უთხრა პუტინს 9 მაისის მიწვევაზე და მაშინაც, როცა გადაწყვიტა მოსკოვს მომდევნო დღეს ესტუმროს უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შესამკობად. პუტინი და მერკელი ერთადაც კი აპირებენ საფლავის შემკობას. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის მოლაპარაკებები გრძელდება. არსებითად, ეს არის კარგი ამბავი 9 მაისის მიწვევაზე უარის თქმის მიღმა“.

ასევე გერმანიაში გამომავალი გაზეთი „ტაგესშპიგელი“ კი წერს:

„არც ერთი დასავლელი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი არ არის ვალდებული მიიღოს პუტინის მიწვევა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. რა სიგნალი იქნებოდა ეს პუტინისთვის? მის გვერდით რუს ჯარისკაცებს მიაგო პატივი, მაშინ როცა ამ ქვეყნის ჯარი მეზობელ უკრაინაში შეიარაღებულ აგრესიას იცავს? კანცლერიც კი არ მიდის რუსეთში, ყოველ შემთხვევაში, 9 მაისს, მაგრამ მეორე დღეს მაინც აპირებს იქ ჩასვლას. იქნებ მისმა ამ საგანგებო ნაბიჯმა უკრაინის კონფლიქტის შეჩერებამდე მიგვიყვანოს“.

გასულ კვირაში გავრცელდა ხმები, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მძიმედ არის ავად. იგი 5 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და გადადო რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა, მათ შორის, ყირგიზეთის პრეზიდენტთან, ალმაზბეკ ათამბაევთან. ტვიტერსა და ფეისბუკზე ბოროტი ხუმრობის სახით გავრცელდა პოსტები პუტინის სიკვდილის თაობაზე.

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს“ არ გაჰკვირვებია ინტერნეტის მომხმარებელთა რეაქცია:

„შვებულებას ყველა იღებს, მაგრამ როცა მსოფლიოში ყველაზე სკანდალური ქვეყნის ამაყად ძლიერი და ერთადერთი ხელშეუხებელი ლიდერი ხარ, შენი შვებულება ხალხს ანერვიულებს“.

„ნიუ-იორკ მეგეზინმა“ გამოაქვეყნა სტატია, სახალისო სათაურით „თუ ვინმე პუტინს ნახავთ, შეგვატყობინეთ“. სტატიის ავტორი წერს, რომ პუტინის გაუჩინარებას, რომელსაც ზოგი ბოტოქსის კიდევ ერთ პროცედურას აბრალებს, ზოგი კი პუტინის ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებას, რუსეთის ბაზარზე ჯერჯერობით არავითარი გავლენა არ მოუხდენია.

13 მარტს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი შესანიშნავად გრძნობს თავს და გავრცელებული ხმები უბრალო ჭორებია. იმავე დღეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამაც გაავრცელა, სავარაუდოდ, ახალი კადრები, სადაც პუტინი შეხვედრაზე იმყოფება კრემლში.

დაბოლოს, 11 მარტს 47-მა ამერიკელმა სენატორმა ღია წერილი მისწერა ირანის მთავრობას. ისინი იუწყებიან, რომ ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე ნებისმიერი შეთანხმება ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან, შეიძლება შეიცვალოს ან სულაც გაუქმდეს მას შემდეგ, რაც 2017 წელს ობამას ადმინისტრაცია სამუდამოდ დატოვებს თეთრ სახლს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა წერილს დიდწილად „პროპაგანდისტული“ უწოდა.

გერმანიის გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ სენატის წერილს ასეთ შეფასებას აძლევს:

„წერილს სხვა შეფასებას ვერ მივცემთ, გარდა სენატის მცდელობისა მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვან დროს ჩაერთოს, პრეზიდენტის ავტორიტეტი დააკნინოს და საერთოდ უარყოს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, გამართლებული იყოს ეჭვი ამ მოლაპარაკებების ეფექტიანობასა და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებაზე, სენატის ქმედება მაინც გაუმართლებელია. ეს მისი მხრიდან უღირსი საქციელია - ამ შეფასებაში სრულიად მართალია აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი“.

სენატის წერილს „უპრეცედენტო“ უწოდა ბრიტანეთის „ბიბისიმაც“:

„ზოგი ამას გამბედაობას არქმევს, ხოლო ზოგი უგემოვნობას. ერთი რამ ცხადია: წერილი, რომელიც რესპუბლიკელებმა ირანის ლიდერს მისწერეს, უპრეცედენტოა. ისინიც კი, ვისაც არ მოსწონს ობამას საგარეო პოლიტიკა ან ირანთან მოლაპარაკებების ფორმატი, ფიქრობენ, რომ წერილი უადგილო იყო. კონგრესის წევრებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაში - ეს მათი საქმიანობის ნაწილია, მაგრამ უცხოელ ლიდერებთან ასეთი სახით დაკავშირება, მართლაც, ახალ სიმაღლეებს სწვდება“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG