Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გამოცემა „მორნინგ ნიუსმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტისა და ყოფილი დიპლომატის დეივ სემინარას წერილი, სახელწოდებით „წვიმიანი ღამე საქართველოში“. ეს არის მოგზაურობის შთაბეჭდილება, რომელიც ავტორმა საქართველოში, კერძოდ, ყაზბეგში გატარებულ ერთ ღამეს მიიღო. წერილი, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, ეხება წარსულს, 2000 წელს, როცა ჟურნალისტმა განიზრახა ემოგზაურა აბრეშუმის გზისპირა ქვეყნებში და მოხვდა თბილისშიც. იქიდან გადაწყვიტა წასულიყო ყაზბეგში, საითკენაც მიმავალი გზა, როგორც სტატიიდან ჩანს, მის ცხოვრებაში ყველაზე უარესი აღმოჩნდა. ყაზბეგში ჩასულმა, სასტუმროს ვერ მიაკვლია და შემთხვევით ვინმე გიორგისა და ნონას ოჯახში მოხვდა, სადაც უცნაური ურთიერთობის მოწმე გახდა. აქ, ამ ოჯახში, სადაც მას მშობლებთან ერთად ორი ბიჭუნაც დახვდა, მთვრალი მამაკაცი რაღაც გაუგებარი ეჭვიანობის სცენას უწყობს, რაც სტუმარს აფიქრებინებს, რომ გიორგის, მის მასპინძელს, აღარ ახსოვს, რომ მან თავად მიიყვანა ის თავის სახლში. სემინარა ცდილობს შეახსენოს, მე ის ვარ, სასტუმროს რომ ვეძებდი და ბრაიან ადამსის მუსიკას მასმენინებდიო. ბოლოს, ისეთი წამიც უდგება სტუმარს, რომ ფიქრობს, ახლა რომ ამან ცოლს დაარტყას, უსათუოდ გავლახავო, მაგრამ გადარჩება ისიც და ოჯახის უფროსიც, რომელიც მიდის და იძინებს. „მორნინგ ნიუსში“ გამოქვეყნებული ამ სტატიის ავტორი გაოცებულია იმით, რომ მისი მასპინძლები ძალზე ახალგაზრდები იყვნენ და ბევრად უფროსებად კი გამოიყურებოდნენ. ის იხსენებს წიგნს, რომელიც კავკასიის შესახებ წაუკითხავს და რომელშიც საქორწინო რიტუალებია აღწერილი, მათ შორის, ყალიმის ტრადიცია - სიძის მიერ საცოლის ოჯახისთვის ფულს გადახდის წესი. ამერიკელ ჟურნალისტს მოაქვს ფრაგმენტი ამ წიგნიდან და წერს, იმის მიხედვით, რამდენად ლამაზი იყო ქალი და იმის გათვალისწინებით, იყო ის ქალიშვილი თუ არა, სხვადასხვა ურვადი უნდა გადაეხადა კაცსო. წერილში ავტორი გვიამბობს, როცა საქართველოდან დავბრუნდი, დავქორწინდი ჩემს მეგობარზე და ორი ვაჟი გვეყოლა, ისევე როგორც გიორგისა და ნონასო. ის გულწრფელად ეუბნება მკითხველს, როცა ბავშვებს მწყობრიდან გამოვყავარ, მახსენდება ყაზბეგში ის სტუმრობა და ვფიქრობ, არა, არ მინდა გიორგისნაირი ვიყოო.

„იურეიშა ვიუმ“ გამოაქვეყნა წერილი საქართველოში წარმოებული სამხედრო მანქანების შესახებ. წერილის ავტორი, გაზეთ „მთელ კვირაზე“ დაყრდნობით, იუწყება, ზოგიერთი ოფიციალური პირი იტყობინება, რომ ეს მანქანები უცხოეთშიც იწვევს ინტერესსო. გამოცემას მოჰყავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, არჩევნებამდე ზოგიერთს საქართველოში ამ ტექნიკის წარმოება ტყუილი ეგონა, მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ ეს ასე არ არისო. „ლაზიკა“ და „დიდგორი“ მართლაც არსებობს და იმდენად კარგია, რომ სამხრეთ კორეა და აზერბაიჯანიც დაინტერესდა მათითო. იმავე გაზეთს მოჰყავს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის ნათქვამი, საქართველოს სამხედრო ტექნიკის მიმართ ამ ორი ქვეყნის მიერ გამოხატული ინტერესი ზესაიდუმლო ინფორმაციაა და, პრეზიდენტისგან განსხვავებით, არ მსურს ამაზე საუბარიო. ამავე დროს, ამ მცირე ზომის წერილში წაიკითხავთ, რომ ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ღიად ლაპარაკობს ამ ქვეყნების ინტერესზე.

„ფორინ პოლისიმ“ და „ნიუს უიკმა“, ერთსა და იმავე დღეს გამოაქვეყნეს ანა ნემცოვას სტატიები. „ფორინ პოლისიში“ ავტორი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას და წერს: „დღეს საქართველო თავს ისე გრძნობს, თითქოს შავბნელ ზღაპარში ცხოვრობდეს. ორი მეტოქის სასახლეები ავისმომასწავებლად გადმოჰყურებენ საქართველოს დედაქალაქს, თბილისს. ერთი ბორცვის თავზე პრეზიდენტის სასახლეა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს. ის ჯერ კიდევ აქ არის, მიუხედავად იმ დარტყმისა, რომელიც მისმა პარტიამ შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციისგან მიიღო“.

ნემცოვა ჰყვება სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებისა და პარლამენტში მისი გამოსვლის გადადების შესახებ. ჟურნალისტს საშუალება მიეცა პრემიერ-მინისტრს სწვეოდა.
პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, ავრცელებს ცნობას ნემცოვა, ჟურნალისტებთან ტრადიციულ შეხვედრაზე სააკაშვილის თანაგუნდელებთან დაკავშირებით უთქვამს: „ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, რადგან პირველი ორი-სამი წლის მანძილზე მეც ვერ ვხვდებოდი, რას წარმოადგენდნენ ეგენი სინამდვილეშიო“. უფრო ქვემოთ ის მკითხველს აცნობს სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ფონდს, რომელიც პირობას დებს, რომ დაბალპროცენტიან სესხებს მისცემს გლეხებს ორგანული ბოსტნეულისა და ხილის მოყვანის ქართული ტრადიციის გამოსაცოცხლებლად.
სტატიის ავტორი ინტერვიუსთვის რეზიდენციაში შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც, მისი შთაბეჭდილებით, არ მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოცოცხლების ივანიშვილისეულ მცდელობებს. ნემცოვა იხსენებს, რაღაც მომენტში პრეზიდენტმა ლაპარაკი შეწყვიტა და ტელევიზორში „ახალ ამბებს“ შეხედაო. გადმოსცემდნენ სიუჟეტს იმაზე, თუ როგორ გახსნა მან ახალი სათხილამურო კურორტი. ტურიზმი ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნება. ძალიან უყვარს თავის მიერ გატარებულ იმ რეფორმებზე ლაპარაკი, რომელთა წყალობითაც, მისი თქმით, გაიზარდა სტუმრების რიცხვი. როდესაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ტურისტების რაოდენობა წელიწადში 120, 000 იყო. წერილის ავტორის თქმით, ივანიშვილს პრიორიტეტები შეუცვლია და, სააკაშვილზე დაყრდნობით, გვამცნობს, რომ „მათ ხუთი ახალი სასტუმროს მშენებლობა შეაჩერეს აჭარაში და ამ რეგიონის ბიუჯეტი სამჯერ შეკვეცეს“.
12 თებერვალს „ეკონომისტმა“ დაბეჭდა ჯი.- ის სტატია, სათაურით „ერთი ნაბიჯი წინ, სამი მეოთხედი ნაბიჯი უკან“, რომელიც კოაბიტიციას და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის მის გარშემო არსებულ დავას თუ კამათს ეხება. სტატიის ავტორის დაკვირვებით:

„შეთანხმება, რომ საქართველოს ლიდერები ხელისუფლებას გაიზიარებდნენ, სათანადოდ ვერ სრულდება. ბოლო დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება შეეზღუდა. ამისთვის საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობის მიმხრობა, ანუ 100 დეპუტატის ხმა. „ქართული ოცნების“ კანონმდებლებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 85 მანდატი მოიპოვეს. სააკაშვილის არაერთგზის განცხადებამ, რომ ის არ აპირებს ამ უფლებამოსილების გამოყენებას, ისინი ვერ დაარწმუნა“.

უფრო ქვემოთ „ეკონომისტი“ წერს:

„ჯერჯერობით გაცილებით მეტი არეა შეთანხმებისთვის ორ მხარეს შორის, ვიდრე ეს მათი ლიდერების გამონათქვამებიდან ჩანს. მხარეები ეთანხმებიან ერთმანეთს ქვეყნის დასავლური ორიენტაციის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი მანამდე საპირისპიროს ამტკიცებდა. პრეზიდენტი მზადაა დათმოს თავისი ზოგიერთი უფლებამოსილება. სტატიის ავტორს მოჰყავს დასავლელი დიპლომატის აზრი, რომ პოლიტიკური მტრობა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს:

„ქვეყნის ლიდერებმა უნდა აჩვენონ მსოფლიოს, რომ ცეკვის უნარი აქვთ“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG