Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 30 ივნისი, 2012 წ.


უცხოეთის პრესამ მიმდინარე კვირაში დიდი ყურადღება დაუთმო ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც ხმების 51,7 პროცენტით გაიმარჯვა „მუსლიმთა საძმოს“ კანდიდატმა მუჰამედ მურსიმ. პარიზის გაზეთ „მონდში“ გამოთქმული მოსაზრებით, კენჭისყრის შედეგი კარგს არაფერს მოასწავებს ეგვიპტის ზოგი მეზობლისთვის.

„უწინარესად, ისრაელისთვის, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან შუამავალს კარგავს. მუბარაქი სისტემატურად ხვდებოდა ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებს და, ამავე დროს, არსებობის საშუალებას აძლევდა ისრაელისადმი კრიტიკულად განწყობილ პრესას. ორმაგი თამაშის ეს ტაქტიკა, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა. ისრაელს დიდი მახვილგონიერება დასჭირდება კაიროსთან ახალი ტიპის ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.“

ისრაელის „ჰაარეცი“ იმის მომხრეა, რომ ეგვიპტის ახალ მთავრობას დრო მიეცეს თავისი პოლიტიკური კურსის სრულად გამოსავლენად.

„ეგვიპტის მოსახლეობამ დაადასტურა, რომ მუსრის ამომრჩეველთა რიგებში განხეთქილებაა. მისი გამარჯვება ხმების 50 პროცენტს ემყარება - და თან ბევრმა ის მისი მეტოქის, აჰმედ შაფიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აირჩია; რადგან შაფიკს ბევრი ძველი რეჟიმის წარმომადგენლად მიიჩნევს. ეგვიპტელთათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იგრძნონ, რომ თავიანთ მომავალს თვითონვე განაგებენ. მოკლედ, თუ მუსლიმთა საძმოს მთავრობამ მოქალაქეების იმედი ვერ გაამართლა, ეს უკანასკნელნი მას თაჰრირის მოედანზე დახვდებიან. ისრაელმა ეგვიპტეს უნდა აგრძნობინოს, რომ მზად არის მხარში ამოუდგეს მას. კარგი მეზობლები სწორედ ასე იქცევიან“, აღნიშნავს „ჰაარეცი“.

ოკეანის გაღმა, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამომავალ გაზეთ „ელ ტიემპოს“ მიმომხილველის აზრით, ეგვიპტის ახალი ხელმძღვანელები ორიენტაციას თურქეთზე აიღებენ.

„ასევე ძირითადად მუსულმანებით დასახლებულმა ამ ქვეყანამ მოახერხა, შეექმნა ლაიცისტური პოლიტიკური სისტემა, რომელშიც დემოკრატიას განვითარების საშუალება ეძლევა. ეს სისტემა სრულყოფილი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, სტაბილურია; და მას არმია იცავს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეგვიპტეც მსგავს გზას დაადგება.“

მადრიდის „ექსპანსიონი“ საუბრობს ევროკავშირში შექმნილ საფინანსო კრიზისზე, რომელიც გამწვავდა მას შემდეგ, რაც კვიპროსმა დახმარება სთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროზონაში შემავალ პარტნიორებს.
„ევროპას ერთდროულად ორი ბრძოლის გამართვა უხდება, - აღნიშნავს ესპანური გაზეთი. - ერთი კავშირის შიგნით მიმდინარეობს. გერმანია ბიუჯეტის კონსოლიდაციისა და კონკურენციის პრინციპების ერთგული რჩება; ხოლო საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი სოლიდარობის უფრო მაღალ ხარისხს უჭერენ მხარს. მეორე პაექრობა მიმართულია საფინანსო ბაზრებზე კაპიტალის დამბანდებლების წინააღმდეგ. პოლიტიკურ ლიდერთა უუნარობის შემხედვარე ინვესტორებმა დაკარგეს ევროპული პროექტისადმი რწმენა.“

ამავე საკითხს ეხება ამსტერდამის „ფოლკსკრანტი“:

„იმისთვის, რათა სავალუტო კავშირმა იმოქმედოს, აუცილებელია, ბრიუსელს უფლებამოსილება გაუფართოვდეს. მაგრამ კავშირის წევრ ქვეყნებს სუვერენობის დაკარგვის ეშინიათ. საფინანსო ბაზრებისადმი ნდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ მოხერხდება მეტი კრედიტის გაცემა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევრობონდების იდეა პოლიტიკურად განუხორციელებადია, და ევროპის ცენტრალური ბანკი ვერ შეძლებს, უსასრულოდ ბეჭდოს ფული, ერთადერთ გამოსავლად ხსნის პაკეტი გვევლინება. მთავრობათა ხელმძღვანელებმა საგანგებო ფონდი უნდა გაზარდონ და მას კომპეტენციაც გაუფართოვონ. თუმცა, ამომრჩევლისთვის ასეთი თითქოსდა უმნიშვნელო ნაბიჯის განმარტება უაღრესად რთულ ამოცანად რჩება“, - წერს ჰოლანდიის გაზეთი „ფოლკსკრანტი“.

უცხოეთის ბეჭდური გამოცემები ასევე დიდ ადგილს უთმობენ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განაჩენს, რომლის თანახმად მიღებულ იქნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ 2010 წელს წარმოდგენილი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით პოლონეთის „ჟეჩპოსპოლიტა“:

„ობამასთვის ეს გიგანტური პოლიტიკური წარმატებაა! 2010 წელს შემუშავებული რეფორმა იყო და დარჩება დემოკრატი პრეზიდენტის უდიდესი შიდაპოლიტიკური გამარჯვება. სასამართლოს გადაწყვეტილება მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ 40 მილიონ ამერიკელს (მათ უდიდეს ნაწილს - ცხოვრებაში პირველად) ექნება სამედიცინო დაზღვევა, არამედ იმასაც, რომ საგრძნობლად გაიზარდა ობამას შანსი, ხელახლა აირჩიონ პრეზიდენტად.“

პოლონური გაზეთის ამ დასკვნას ეხმიანება ჩინეთის „ჟენმინ ჟიბაო“, რომელიც სამედიცინო რეფორმას „ობამას კოზირს“ უწოდებს:

„უზენაესი სასამართლოს განაჩენი უზარმაზარ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგზე. მაგრამ სასამართლოს კიდეც რომ გადაეკეტა გზა სარეფორმო პაკეტისთვის, ეს სულაც არ იქნებოდა იმის მომასწავებელი, რომ კენჭისყრაში ობამას მეტოქე გაიმარჯვებდა. მიტ რომნი იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა რეფორმას, რის გამოც სამედიცინო სისტემის გარდაქმნის მომხრეთა მიერ მუდამ იმ კაცად აღიქმებოდა და აღიქმება, ვისაც არ სურს მათთვის სამედიცინო დაზღვევის მიცემა. ამდენად, თუ ობამამ მოახერხა, თავი უპოვართა დამცველად წარმოგვიდგინოს, მოსახლეობის ამ ჯგუფის ხმები მას გარანტირებული ექნება“, ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ჩინეთის „ჟენმინ ჟიბაო“.

დაბოლოს, შეერთებულ შტატებში გამომავალი ორი მთავარი ყოველდღიური გაზეთის შეფასება. „ნიუ იორკ ტაიმსის“ აზრით, „უზენაესი სასამართლოს განაჩენი პრეზიდენტ ობამას უდიდეს წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, თანაც გადამწყვეტ მომენტში“; ხოლო „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველის თქმით, „სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი გამოდგა: თავისი განაჩენით სასამართლომ პატივი სცა პარლამენტის ავტორიტეტსა და მთელს დემოკრატიულ პროცესს. მოსამართლეებმა გამოცდა ჩააბარეს.“
XS
SM
MD
LG