Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში დასავლეთის მედიაში რამდენიმე საყურადღებო სტატია გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ. მათ შორის იყო სკანდალური წერილიც, რომლის თანახმად, აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოს გავლით შესაძლოა საწვავს აწვდიდეს სირიის რეჟიმს, რომელიც დასავლეთის სანქციის ქვეშაა.

“აზერბაიჯანი და საქართველო: სირიის მომარაგების მარშრუტის ნაწილია?“ - ასეთი სათაური აქვს საინტერნეტო გამოცემა „იურეიჟია ვიუში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები შაჰინ აბასოვი და მოლი კორსო აშშ-ში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციის „ადამიანის უფლებები, პირველ რიგში“ შესაბამის ანგარიშს ეყრდნობიან. ორგანიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანს სირიის რეჟიმის ხელშემწყობს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოდან მცირე გემებს დიზელის საწვავი გადააქვთ, ხოლო აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცე დაუთმო რუსეთს, რომელიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმს იარაღითა და ფულით ამარაგებს. ასეთი დასკვნის წყარო კი სააგენტო „როიტერსია“, ნათქვამია „იურეიჟია ვიუში“, რომელიც საქართველოსთან მიმართებით წერს:

„ყულევში არსებული საქართველოს შავი ზღვის პორტიდან, რომლის დიდ წილსაც აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ განკარგავს, დიზელის საწვავით დატვირთული ერთი სატრანსპორტო ხომალდი და კიდევ რამდენიმე იანვარში გაიგზავნა. „როიტერსის“ თანახმად, ამ საქმიანობის უკან დგანან დაუდგენელი ფირმები, რომლებსაც ენერგომატარებლები ზღვით გადააქვთ სირიაში“.

სტატიის ავტორები ფაქტების გადასამოწმებლად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარისა“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

„სოკარის“ წარმომადგენელმა საქართველოს გავლით რაიმე სახის საწვავის სირიაში ტრასპორტირება კატეგორიულად უარყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ვეკუამ კი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის („ადამიანის უფლებები, პირველ რიგში“) გავრცელებულ ინფორმაციას „მცდარი“ და „დაუდასტურებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც აშშ-ისა და თურქეთის მტკიცე მოკავშირეა, სირიის მთავრობას დიზელის საწვავის ექსპორტით არანაირ დახმარებას არ უწევს.

ასევე ძნელი დასამტკიცებელია ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი საჰაერო გზით იარაღს და ფულს აწვდიდნენ სირიას.

„ბაქო არ არის პასუხისმგებელი სხვა ქვეყნების თვითმფრინავებზე, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის გავლით ასრულებენ ფრენებს. არსებობს საერთაშორისო შეთანხმება ფრენის თავისუფლების შესახებ, რომელსაც აზერბაიჯანი იცავს“, - აღნიშნა „იურეიჟია ვიუსთან“ საუბარში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ყოფილმა მრჩეველმა ვაფა გულუზადემ.

„ევროპა უნდა დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთს, თუ არადა, ამას რუსეთი გააკეთებს“ - ასეთი სათაურით „გარდიანში“ 17 აპრილს გამოქვეყნდა სიგრიდ როუსინგის სტატია. ავტორმა საქართველოსა და სომხეთში იმოგზაურა და შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა დამცველებთან. იგი აღწერს საქართველოსა და სომხეთის ბუნებრივ სილამაზეს და ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე თითქმის დაცარიელებულ სოფლებზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, რაც, ავტორის თქმით, საუკუნოვანი ცუდი მმართველობის შედეგია. განსაკუთრებულად მძიმე ვითარება დახვდა სიგრიდ როუსინგს სომხეთში, სადაც 1988 წელს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

„ყველა სოფელი, სადაც ჩვენ შევედით, სანახევროდ მიტოვებულია. დანგრევამდე მისული სახლები ლითონის ფირფიტებითა და ხის ძელებით უწესრიგოდ არის შეჭედილი. ალბათ, მეტი ოჯახი წავიდოდა, რომ შეძლებოდათ, მაგრამ ქალები და ბავშვები დარჩნენ, კაცებმა კი რუსეთის მიგრანტთა შრომის ბაზარს მიაშურეს, საიდანაც მცირე ანაზღაურებას სახლში გზავნიან. სოფლებში რომ ბავშვებიც არიან, იმით მიხვდები, რომ თოკებზე მათი ტანსაცმელია გამოფენილი გასაშრობად. ჩვენ არ გვინახავს ხალხი, მაღაზიები, არ შეგვხვედრია არანაირი მანქანა“, - ნათქვამია „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

შემდეგ ავტორი ვრცლად ჩერდება ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებზე. სტატიაში ნახსენებია საქართველოს „ციხის სკანდალი“, პატიმართა ცემისა და დამცირების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელება, რასაც თბილისის ქუჩებში მრავალათასიანი გამოსვლები, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელის გადადგომა და 16 ციხის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

სომხეთში ადამიანის უფლებათა დამცველები კი უფრო ხშირად კორუფციასა და გამჭვირვალობას უჩივიან და იმედი აქვთ, რომ ევროპული ინსტიტუტების, კერძოდ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დახმარებით იპოვიან სიმართლეს.

„ევროპული სოლიდარობა, თუკი მედიით ვიმსჯელებთ, ცარიელი იდეაა ბევრი ბრიტანელისთვის, მაგრამ დემოკრატია და სამართლის ნორმების დაცვას ევროპის ფარგლებში ყველა ჩვენგანისთვის აქვს მნიშვნელობა. საქართველო და სომხეთი, სხვა 14 სახელმწიფოსთან ერთად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში იმყოფებიან. ეს პოლიტიკა ეკონომიკურ ინტეგრაციას და მყარ განვითარებას სთავაზობს ამ ქვეყნებს, თუკი ისინი აიღებენ ვალდებულებას პატივი სცენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის ნორმებს და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. თავისუფალ ვაჭრობაუნარიანი სახელმწიფო მმართველობისათვის ორმხრივად მომგებიანი საქმეა“, - წერს „გარდიანის“ ავტორი და სტატიის სათაურში წამოჭრილ საკითხს წერილის ბოლოში განმარტავს.

„ამ რეგიონში, ისევე როგორც სხვაგან, ადამიანები მიდიან და მოდიან, ზოგჯერ კი, როგორც საქართველოში ვხედავთ, კარგი ადამიანები ცუდისკენ იცვლებიან. ევროპული ინტეგრაცია ყველაზე საუკეთესო არჩევანია უნარიანი მმართველობისათვის. სომხეთისათვის ალტერნატივა რუსეთია, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, ავალდებულებენ, რომ „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირდნენ. სავაჭრო შეთანხმება ევროპასთან და ადამიანის უფლებათა მოთხოვნები ამაზე უკეთესი ალტერნატივაა მათთვისაც და ჩვენთვისაც“, - ნათქვამია „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG