Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


საფრანგეთის ყოველდღიურმა გაზეთმა ”ლე მონდმა” გამოაქვეყნა ევროპის პარლამენტის წევრის, ლიბერალ-დემოკრატ სერ გრეჰემ უოტსონის წერილი სათაურით ”რატომ უნდა მისცეს ევროპამ რეალური შანსი საქართველოს?” ამ წერილში გრეჰემ უოტსონი მიმოიხილავს საქართველოს ახალი მთავრობის მუშაობას უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში და აღნიშნავს, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ”ამნესტი ინტერნეშენელი,” ”ჰიუმან რაიტს უოჩი,” ევროპარლამენტის მრავალპარტიული დელეგაცია, აგრეთვე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი დადებითად აფასებენ საქართველოში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებს. სერ გრეჰემი მიესალმება საქართველოში უმაღლესი სასამართლოს არჩევნებს, ახალი შრომის კოდექსის დამტკიცებას, რეფორმებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში და ასევე ხაზს უსვამს, რომ ახალი მთავრობა ურყევად აგრძელებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს. თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ მის ოპონენტებს ევროპის სახალხო პარტიაში, რომლის წევრიცაა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” არ სურთ ამ მიღწევების აღიარება. ამ დროს ისინი თვალს ხუჭავდნენ წინა მთავრობის მრავალ დანაშაულზე. ამიტომ სერ გრეჰემ უოტსონი მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიას, დაიცვას ევროპის დემოკრატიული ღირებულებები:

”სასურველი იქნებოდა, ევროპის სახალხო პარტია გაცნობოდა ევროპელების, ამერიკელების და აღიარებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, სანამ თავს დაესხმებოდა საქართველოს. ახალი მთავრობა იდეალური არ არის. ეს მრავალი მათგანისთვის პირველი გამოცდილებაა და მათგან შეცდომებსაც უნდა ველოდოთ. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი სწორ გზას ადგანან, უფრო პროგრესული და დემოკრატიული საქართველოსკენ, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებას.”

ბრიტანულმა ”ბი-ბი-სიმ” 2 ივლისს გამოაქვეყნა პოლ რიმპლის სტატია სათაურით ”საქართველოს ძლევამოსილი მართლმადიდებელი ეკლესია.” სტატიაში საუბარია ეკლესიისა და პირადად კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ზეგავლენაზე ქართულ პოლიტიკაზე. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეკლესია და პატრიარქი ხშირად ნეიტრალური შუამავლის როლს თამაშობენ პოლიტიკურ დაპირისპირებებში. თუმცა ამავდროულად ეკლესიის პრორუსული, კონსერვატორი წევრებისთვის საქართველოს დასავლური ორიენტაცია ქართულ ტრადიციებს უქმნის საფრთხეს. ეკლესიის ულტრაკონსერვატიული ზრახვები ცალსახა გახდა მისი მხრიდან ისეთი საკითხების გაპროტესტებით, როგორიცაა ”აი-დი” ბარათები და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის პირის სტატუსის მინიჭება. ეკლესია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბოლო ხანებში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებშიც:

”მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორემ მოუწოდა სამღვდელოებას, მიუკერძოებელი ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მრავალმა მღვდელმა ღიად დაუჭირა მხარი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას. ივანიშვილმა დააფინანსა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

თუმცა 13 მაისს ივანიშვილი, უკვე პრემიერ-მინისტრის როლში, გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები სხვა მოქალაქეების თანასწორები იყვნენ. სამი დღის შემდეგ ილია მეორემ მთავრობას მოუწოდა, აეკრძალა 17 მაისს ჰომოფობიის საწინააღმდეგო დემონსტრაცია. ეს იყო პირველი ღია დაპირისპირება ეკლესიასა და მთავრობას შორის.”

ბოლოს გაგაცნობთ 2013 წლის 6 ივლისს ”ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირი რუსეთს ეჯიბრება აღმოსავლელი მეზობლების მომავლისათვის. მაშინ, როდესაც ლიტვა ამ კვირაში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ხდება, ამ ქვეყნის მთავრობა ევროკავშირს ახსენებს, რომ ”ერთიანი და თავისუფალი ევროპის” მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ახლა ევროპისთვის ყველაზე სანუკვარი პრიზი უკრაინაა, 46 მილიონიანი მაცხოვრებლითა და ჭარბი ბუნებრივი და სასოფლო-სამეურნეო რესურსებით. თუმცა ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე ასევე ისაუბრებენ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზეც, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. თუმცა სამიტზე მხოლოდ უკრაინა გააფორმებს ამ ხელშეკრულებას ევროკავშირთან. დანარჩენები კი სავარაუდოდ ხელშეკრულების სამომავლო ტექსტზე შეთანხმდებიან.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG