Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 21 სექტემბერი


სირიის კრიზისი კვლავაც რჩება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამომავალი გაზეთი „ვენჰუი ბაო“ მიესალმება ამ საკითხში აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა მესვეურებს შორის მიღწეულ შეთანხმებას: „თეთრ სახლს პრობლემის მოგვარების არავითარი ბერკეტი არ გააჩნია. თვით სამხედრო დარტყმაც კი, როგორც უკანასკნელი საშუალება, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვითარება გაუმჯობესდება. ასადის ჯარი კვლავინდებურად ყველაზე დიდი ძალაა ქვეყანაში და სამხედრო ინტერვენცია შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს. ახლა საუკეთესო გამოსავალია განხორციელება შეთანხმებისა, რომელსაც აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა მიაღწიეს. ამგვარად შეერთებული შტატები შეძლებს, გადაურჩეს სირცხვილის ჭამას და ამტკიცოს, რომ სირია მხოლოდ მისი თავდასხმის შიშით ამბობს უარს ქიმიურ იარაღზე.“

„ვაშინგტონ პოსტი“ გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით ობამას მისამართით შეერთებულ შტატებში უმძაფრესი კრიტიკა გაისმის: „როგორ ხდება, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევიდან სულ ერთი წლის შემდეგ ობამას ყველა მხრიდან აკრიტიკებენ ლამის ნებისმიერი ნაბიჯისთვის, ამ შემთხვევაში სირიის საკითხში? ეს მით უფრო საკვირველია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ზედმიწევნით უპასუხებს ამერიკელი მოქალაქეების სურვილს, იხილონ სირია ქიმიური იარაღის გარეშე ამ ქვეყანაზე თავდასხმის განუხორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ობამა ზუსტად იმას აკეთებს, რაც ამერიკელებს სურთ, მას მაინც დამარცხებულად აცხადებენ.“

განვლილ კვირაში უცხოეთის პრესაში ბევრი დაიწერა ტრაგედიაზე, რომელიც 16 სექტემბერს მოხდა ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. შეგახსენებთ: აშშ-ის ძალების ყოფილმა რეზერვისტმა აარონ ალექსისმა 12 კაცი მოკლა. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით მექსიკის გაზეთი „კრონიკა დე ოი“: „როგორც ყოველთვის ასეთი შემთხვევების შემდეგ, ამჯერადაც გამწვავდა დავა-კამათი იარაღის ფლობის უფლების გარშემო. აშშ-ში 124 მილიონი მოქალაქე შინ სრულიად კანონიერად ინახავს იარაღს - 270 მილიონ ერთეულ პისტოლეტსა და თოფს. სრულიად გაუგებარია, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში რატომ არის შესაძლებელი, შეიარაღებული შეხვიდე, ვთქვათ, კაფეში. კიდევ უარესია, რომ თავად ამერიკელებს, როგორც ჩანს, სულაც არ სურთ ამ მდგომარეობის შეცვლა.“

ამავე საკითხს ეხება ჰოლანდიის „ფოლკსკრანტში“ გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია: „აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გეგმამ, გაემკაცრებინა იარაღის ფლობის კანონი, სრული კრახი განიცადა. კონგრესიდან და თეთრი სახლიდან ორიოდე ნაბიჯზე 12 უდანაშაულო ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა პირმა. ეს ბოროტმოქმედება მწარედ შეგვახსენებს, რომ აშშ-ში პოლიტიკა სრულიად უძლურია, წინ აღუდგეს ამგვარ სისხლისღვრას. რა თქმა უნდა, ასეთი სისხლიანი თავდასხმების მოწმენი სხვაგანაც ვხვდებით, მაგრამ არსად ისე ხშირად, როგორც შეერთებულ შტატებში.“

დაბოლოს, კიდევ ერთი თემა, რომელმაც დასავლეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ეს გახლავთ 22 სექტემბრისთვის დანიშნული გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები.

„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, წერს ესპანეთის გაზეთი „პაისი“. „გერმანია ხომ მოსახლეობით კონტინენტის უდიდესი ქვეყანაა, ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვანწილად წარმართავს კიდეც ევროკავშირის პოლიტიკურ კურსს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბუნდესტაგის არჩევნების შედეგი რადიკალურად შეცვლის კონტინენტის პოლიტიკური ცხოვრების სცენარს. ევროპის საკითხებში გერმანიის პოლიტიკის რაიმე არსებითი ცვლილება ახლავე შეგვიძლია გამოვრიცხოთ. თუმცა, ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება შეიცვალოს აქცენტები და პრიორიტეტები.“

ამავე საკითხს ეძღვნება ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამომავალი „აირიშ იგზემინერის“ სტატია: „კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ გერმანიის საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხი იქნებოდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი. მაგრამ ეს თემა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. გერმანიას არ აწუხებს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც მისი მეზობლების უმრავლესობა დგას. ეკონომიკა ჰყვავის, უწინარესად ჩინეთში ექსპორტის დიდი მოცულობის წყალობით. აკრეფილი გადასახადების მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ 2015 წლისთვის მთავრობა სახელმწიფო ვალების შემცირებას გეგმავს. კონტინენტის ქვეყნებს შორის გერმანიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა უმუშევრობა ახალგაზრდებში. ყოველივე ამას გერმანელები აღიქვამენ არა როგორც თავისთავად მოსულ ბედნიერებას, არამედ როგორც ვითარების სწორად შეფასებისა და მომჭირნე პოლიტიკის შედეგს.“
XS
SM
MD
LG