Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 28 სექტემბერი, 2013


განვლილ კვირაში დასავლეთის პრესის ყურადღება მიმართული იყო ნიუ იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიისკენ. კერძოდ, „ნიუ იორკ ტაიმსი“ ხაზს უსვამს სირიის ქიმიური იარაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას: „სირიის ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე გაეროს რეზოლუციის ტექსტი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა მოიწონა. ეს თანხმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პასუხისკენ, რომელიც სირიაში მომხდარ სისხლისღვრას უნდა გაეცეს. რეზოლუციის მიღების შედეგად დამასკის რეჟიმი ვალდებული ხდება, გაანადგუროს თავისი ქიმიური იარაღის არსენალი. ამავე დროს, უარი ითქვა მუქარაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობას ავტომატურად მოჰყვება სამხედრო ინტერვენცია. გადაწყდა მხოლოდ, რომ თუ დამასკი სიტყვას გატეხავს, უშიშროების საბჭო საგანგებოდ შეიკრიბება ამ საკითხის განსახილველად. თუ საკითხს მშვიდობიანი მოგვარება უწერია, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება წამყვან სახელმწიფოებს შორის თანხმობის მიუღწევლად. რეზოლუციის მიღება მიზანთან გვაახლოებს“, აღნიშნავს „ნიუ იორკ ტაიმსის“ მიმომხილველი.

მას არ ეთანხმება ავსტრიის „შტანდარდში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი, რომელიც გაეროს რეზოლუციას კრიტიკულად აფასებს: „რუსეთი წინადადებას გამოთქვამს, თვითონ გააკონტროლოს სირიის მიერ ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი. რატომ ასე გვიან? რატომ აქამდე არ მიმართა მოსკოვმა გაეროს შესაბამისი მანდატის მინიჭების თხოვნით? ამ საკითხში ის კომპეტენტურიც იქნებოდა და საჭირო პასუხისმგებლობით აღჭურვილიც: სირიის ქიმიური იარაღის არსენალის შექმნაში მთავარ როლს ხომ საბჭოთა კავშირი ასრულებდა. ასეა თუ ისე, რუსეთის სანდოობის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის მზად, უარი თქვას თავისი სირიელი მოკავშირის უპირობო დაცვაზე.“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განხილული საკითხებიდან არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ირანის ბირთვულ პროგრამასა და სესიაზე ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ჰასან როჰანის გამოსვლას. აი, რას წერს ამ თემაზე ბრიტანეთის გაზეთი „ტაიმსი“: „საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ირანისთვის ხელსაყრელი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში გაუქმდება მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. მაგრამ ბოლო პერიოდში თეირანმა, ბირთვული ნივთიერებების გამდიდრების მიზნით და საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილის საწინააღმდეგოდ, რამდენიმე ახალი ქარხანა ააშენა. ამიტომ აუცილებელი იქნება ამ ქვეყანაში გაეროს ინსპექტორების გაგზავნა. თუ ირანს საერთაშორისო იზოლაციისთვის თავის დაღწევის საშუალება მიეცემა, ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ, რომ მათს წინსვლას დასავლეთი კი არა, მოლები აფერხებენ. ალბათ, დადგა დრო, ეს შანსი გამოვიყენოთ“, დაასკვნის „ტაიმსი“.

უფრო სკეპტიკურია თავის შეფასებაში ისრაელის „ჰაარეცი“: „ვიდრე დასავლეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ირანის პრეზიდენტმა როჰანიმ უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამის განხორციელება. უნდა შეწყდეს ცენტრიფუგების მშენებლობა და ურანის გამდიდრების პროცესი. ეს მნიშვნელოვანი ნიშანი იქნებოდა და მსოფლიოს იმასაც დაანახვებდა, რომ დიპლომატიურ ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მაგრამ თუ თეირანმა ამ წინადადებებს უარით უპასუხა, ყველასთვის ნათელი შეიქნება, რასთან გვაქვს საქმე“, წერს „ჰაარეცი“ სარედაქციაო სტატიაში.

მიმომხილველები ასევე ბევრს საუბრობენ გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ამ არჩევნებში მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის დამაჯერებელ გამარჯვებაზე. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის „სუარი“ ასეთ ვარაუდს გამოთქვამს: „თუ მერკელი კოალიციას სოციალ-დემოკრატებთან შექმნის, მხარდაჭერა მას პარლამენტის ორივე პალატაში უზრუნველყოფილი აქვს. თანაც, მისთვის ეს საუცხოო საშუალება იქნება არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებისას - შინ იქნება თუ გარეთ - ყველაფერი სოციალ-დემოკრატ პარტნიორებს გადააბრალოს. ევროპის საკითხებში გერმანიის პოზიცია რადიკალურად არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროპა გერმანიისგან კეთილი ნების გამოხატვას ელის. თავის ყოველ მომდევნო ნაბიჯს მერკელი სტრატეგიულად აწონ-დაწონის და გაზომავს - მუდამ გერმანიის ინტერესების გათვალისწინებით. ასე რომ, ევროპის მემარცხენე ორიენტაციის პარტიებს იმედგაცრუება არ ასცდებათ.“

გერმანიის არჩევნების თემას ეხება ბრიტანეთის „ინდეპენდენტში“ დაბეჭდილი სარედაქციო წერილიც: „სულ მალე გაიმართება მოლაპარაკება კოალიციის შექმნის თაობაზე და გამოჩნდება კონკრეტულად რას ნიშნავს მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირის საარჩევნო გამარჯვება: რას ნიშნავს გერმანიის ეკონომიკისთვის და რას ნიშნავს ევროსთვის. ყველაზე მეტად მოსალოდნელია დიდი კოალიციის ჩამოყალიბება სოციალ-დემოკრატებთან პარტნიორობით. კანცლერის აშკარა ტრიუმფის მიუხედავად, მისი მომავალი წარსულზე იოლი როდი იქნება. მას გადასაჭრელი ექნება არაერთი რთული საკითხი, მათ შორის ევროზონაში ბანკების გაერთიანების ჩამოყალიბების საკითხი. ასეთ ვითარებაში მერკელის საყოველთაოდ ცნობილი სიფრთხილე, შესაძლოა, წაადგეს კიდეც საქმეს. თუმცა, მეორე მხრივ, ლოდინსაც აქვს საზღვარი.“
XS
SM
MD
LG