Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო უკრაინაში მიმდინარე დრამატული პროცესები. უკრაინას და მის სამომავლო პერსპექტივებს არაერთი საინტერესო და ანალიტიკური წერილი მიეძღვნა.

26 თებერვალს „ლონდონ ივნინგ სტანდარტში“ გამოქვეყნდა ბრიტანელი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის საიმონ სებაგ მონტეფიორეს წერილი, სახელწოდებით „რუსეთი უკრაინას თავის საციცოცხლო ნაწილად აღიქვამს“. ისტორიკოსის შეფასებით, კიევში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს სამოქალაქო ომის გამოწვევის პოტენციალი აქვს ან კიდევ უარესის - პუტინის მხრიდან ინტერვენციის. მონტეფიორე წერილში მოკლედ მიმოიხილავს უკრაინის ისტორიას და წერს, რომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პრეზიდენტ პუტინის პრესტიჟი ძალიან მაღალი იყო - „ოლიმპიურ ბრწყინვალებაში, ნავთობით მოტანილ სიმდიდრეში, საქართველოსა და ჩეჩნეთში განცდილი ტრიუმფით, სირიის კრიზისის გაკონტროლებით, უკრაინით, რომელიც მისი ქმნილების, მოუხეშავი ყოფილი მსჯავრდებულის, იანუკოვიჩის მმართველობის ქვეშ იყო - პირის, რომელიც პუტინს არასოდეს მოსწონდა და ენდობოდა. მაგრამ კიევმა ყველაფერი შეცვალა“, - წერს მონტეფიორე და განაგრძობს: „რუსეთმა ეს დარტყმა უნდა მოიგერიოს. ამასთან, ჯერ კვლავაც ძალიან ადრეა საიმისოდ, რომ უკრაინაში რევოლუცია დემოკრატიის წარმატებად გამოვაცხადოთ. უკრაინა კვლავაც იმ ეიფორიულ ადრეულ სტადიაზეა, რომელიც ყველა რევოლუციას ახასიათებს. ნახავს თუ არა ის სარგებელს, დამოკიდებულია რუსეთის რეაქციაზე, რომელსაც ის უძველეს კავშირებზე დაყრდნობით მოახდენს“, - წერს მონტეფიორე. „დღევანდელი კრემლი დამოკიდებულია ძალაზე, წესრიგსა და ნავთობზე, მაგრამ უკრაინის „დაკარგვა“ სიძლიერის იმიჯს ნაკლებად ქმნის. იანუკოვიჩის რეჟიმი პუტინის ავტოკრატიული რუსეთის სახეშეცვლილი ბიძაშვილი იყო“. ისტორიკოსი და იქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ უკრაინის რევოლუციის წარმატებამ შესაძლოა მოსკოვშიც მისცეს ბიძგი ქუჩის დემოკრატიას.

23 თებერვალს ბრიტანულ „ინდეპენდენტში“ გამოქვეყნდა უკრაინის პოლიტიკისა და ისტორიის სპეციალისტის ენდრიუ უილსონის წერილი, სახელწოდებით „რატომაა ახალი უკრაინა კრემლისთვის უმძიმესი კოშმარი“. უილსონის აზრით, რუსეთის საზღვართან დემოკრატიის დამყარებას შესაძლოა დომინოს ეფექტი აღმოაჩნდეს და საფრთხე შეუქმნას მთელ სისტემას, რომელიც პუტინმა 2000 წლის შემდეგ ააგო. უილსონი ვარაუდობს, რომ პუტინი უკრაინას იოლად არ შეელევა. „ბოლო წლებში რუსეთი ბევრს ლაპარაკობს თავის ‘რბილ ძალაზე’, თუმცა ის განსაკუთრებით რბილი არ არის. ახალ უკრაინას მოუწევს მეტის გადახდა გაზში, რომელიც ‘ტექნიკური მიზეზებით’ რეგულარულად გადაიკეტება ხოლმე. რუსეთის ‘საკვების უსაფრთხოების’ შეშლილი სააგენტო გამოაცხადებს, რომ ყველაფერი, რაც უკრაინიდან გადის, რადიაქტიურია. უკრაინელ მიგრანტ მუშებს სახლში გაგზავნიან სოჭის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ“.

27 თებერვალს „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა ცნობილი პუბლიცისტის ენ ეპელბაუმის წერილი, სახელწოდებით „უკრაინა ზეწოლას განიცდის“. ავტორის თანახმად, საიმისოდ, რომ უკრაინის ახალ მთავრობას ძირი გამოუთხაროს, პუტინს იქ სამხედრო შეჭრა არ სჭირდება - სურვილის შემთხვევაში, ამას სხვა გზებითაც შეძლებს, მაგალითად, ე.წ. „პროვოკაციების“ მოწყობით ან ფინანსური ბერკეტებით. „ახლა ყირიმი ექვემდებარება მანიპულაციას. რუსეთის აგენტებმა წარმატებით გამოუთხარეს ძირი საქართველოს სუვერენიტეტს, მისი პროვინციის - სამხრეთ ოსეთის -მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტებისა და სხვა წამახალისებელი ზომების შეთავაზებით, შემდეგ კი იქ დე ფაქტო სამხედრო შეჭრით. იგივე ტაქტიკა გამოიყენეს ნახევრად ავტონომიური დნესტრისპირეთის შესაქმნელად. დნესტრისპირეთი ტექნიკურად მოლდავეთის ნაწილია, მაგრამ პოსტსაბჭოთა წლებს რუსეთის კონტროლის ქვეშ გადის“, – წერს ავტორი და განაგრძობს: „ყირიმი შესაძლოა იქცეს უკრაინის ნაწილად, რომელსაც უკრაინა რეალურად ვერ განაგებს. ნათელია, რომ იქ ავტომატური იარაღით შეიარაღებული კაცების გამოჩენა ქაოსურ სოციალურ მოძრაობას არ მოუტანია. ამ ხალხს ვიღაცამ მიუტანა მათი უნიშნო უნიფორმები და ვიღაცამ ზუსტად დაგეგმა მათი გამოჩენის მომენტი. მათი იქ ყოფნა, რაც რეგიონში რუსეთის მხრიდან მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ემთხვევა, შესაძლოა სეპარატიზმის ხელშეწყობას ისახავდეს მიზნად. იგივე ითქმის რუსეთის მედიაში გავრცელებულ გაფრთხილებაზე კიევში ‘ფაშიზმისა’ და ექსტრემიზმის შესახებ. თუკი აღმოჩნდა, რომ სეპარატისტები მრავალრიცხოვანი არ არიან, ამ საკითხს მაინც გამოიყენებენ კიევში ახლად შექმნილი, კვლავაც სუსტი მთავრობის რიგებში მუდმივი დაძაბულობისა და შფოთის გამოსაწვევად“.
XS
SM
MD
LG