Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში ევროპის პარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე დაამტკიცა ჟან-კლოდ იუნკერი. ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა სექტემბერში დაასახელეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, მიუხედავად ბრიტანეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობისა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ცალკეული კომისიების ხელმძღვანელთა კანდიდატურებმაც. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით პორტუგალიის ყოველდღიური გაზეთი „დიარიუ დი ნოტისიაში“: „ახალმა კომისიამ - მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიპოვა ევროკავშირის პარლამენტის მხარდაჭერა. მაგრამ ხელიდან იქნა გაშვებული შესაძლებლობა, კავშირისთვის მართლაც ქმედითი ხელმძღვანელობა ჩაეყენებინათ სათავეში. კომისიის პრეზიდენტი თავისი კომისრებიდან ზოგიერთს არც კი იცნობს. არადა, ის მაინც იძულებულია, გუნდის სიმტკიცეზე იზრუნოს. კომისიის წინაშე არსებული პრობლემები ყოველი ჩვენგანის პრობლემებია: უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის, ახალი ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღება - ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ამ პრობლემების გადაჭრას ართულებს გერმანიის სულ უფრო მეტად დომინანტური როლი და დიდი ბრიტანეთის თანდათანობითი დისტანცირება. ასეთ ვითარებაში ოპტიმიზმის შენარჩუნება იოლი არ არის“, წერს პორტუგალიის „დიარიუ დი ნოტისიაში“, რომელსაც კვერს უკრავს ესტონეთის „პოსტიმეესი“.

გაზეთი წერს: „იუნკერი ევროკავშირის მსხვილ წევრებს შორის მიღწეული კომპრომისული არჩევანი იყო. ბევრი მას ძველმოდურად მიიჩნევს, და ათი წლის წინ ის ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობის კანდიდატი. სავარაუდოა, რომ ის ფრთხილად იმოქმედებს და რისკის გაწევას მოერიდება, რათა თავიდან აიცილოს კრიზისების წარმოშობა და შეინარჩუნოს ის, რასაც აქამდე მიაღწია.“

ამავე საკითხს ეძღვნება შვედეთის გაზეთ „დაგენს ნიუჰეტერში“ გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი: „ჯერ კიდევ ბაროზუს პრეზიდენტობის დროს ევროპის კავშირში, ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით, არაერთი პრობლემა წარმოიშვა. იუნკერის გუნდს ამ პრობლემების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით ერგო. გაფართოება განხორციელდა, მაგრამ გაზრდილი კავშირის შიგნით ახალი უთანხმოებები გაჩნდა. კვირას ევროპის საფინანსო კონტროლის უწყებამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა გამოაქვეყნონ ანგარიში საბანკო სისტემის მდგომარეობის შესახებ. უკვე ცნობილია, რომ პაციენტი სისხლის ნაკლებობას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ახალი ანალიზები მისი ორგანიზმის ახალ სუსტ მხარეებს გამოავლენს. მერე კი უკვე კომისიის პასუხისმგებლობა იქნება, წარმოადგინოს საქმიანი წინადადებები, რომლებიც ევროპის საბანკო კავშირს განამტკიცებს და ევროზონის ქვეყნების საკრედიტო ინსტიტუტებს ზრდის ნამდვილ ლოკომოტივად აქცევს.“

დასავლეთის პრესა ასევე დიდ ყურადღებას უთმობს სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე, ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლას ქალაქის დამცველებსა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის. ჰოლანდიის გაზეთი „ტელეგრააფი“, სარედაქციო წერილში, მიესალმება თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, კობანისკენ თავისი ტერიტორიით გაატაროს ერაყელი ქურთების სამხედრო შენაერთ ფეშმერგას წევრები. „ეს გაბედული ნაბიჯია თურქეთისა, რომელმაც ვეღარ გაუძლო შეერთებული შტატებისა და თავისი სხვა მოკავშირეების ზეწოლას. მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტი მებრძოლებისთვის მართლაც ქმედითი დარტყმების მისაყენებლად ბევრად მეტია გასაკეთებელი. ზედმეტია იმის ხაზგასმა, რომ, რაც შეიძლება მალე თურქეთმა კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ კოალიციას. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ ფანატიკოსებს თურქეთის ტერიტორიიდანაც შეუტიონ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ნატოს წევრ თურქეთის საზღვართან გადაულახავი ზღუდე ააგოს. თუნდაც ამის აღსაკვეთად სირიის ტერიტორიაზე ქვეითი ჯარის შეყვანაც გახდეს საჭირო“.

აშშ-ის „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ აზრით, კოალიციისა და „ისლამური სახელმწიფოს“ დაპირისპირებაში აშკარა უპირატესობა ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არა აქვს: „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უკან არ იხევენ, მაგრამ ვეღარც ახალ ტერიტორიებს იპყრობენ. ეს უკვე წინსვლაა იმ ვითარებასთან შედარებით, რომლის მოწმენი ერთი თვის წინათ ვიყავით, როცა ჯიჰადისტები ლამის ბაღდადში შევიდნენ. მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისი გამოდგა აშშ-ის ავიაციის მცირემასშტაბიანი იერიშები. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ საჰაერო იერიშებით ტერიტორიებს ვერ აიღებ. საამისოდ საჭიროა სახმელეთო ჯარი, რაც ვაშინგტონის ადმინისტრაციამაც კარგად უწყის. მაგრამ მას იმედი აქვს, რომ ამ ამოცანის შესრულებას რეგიონში მისი მოკავშირეები ითავებენ. მაგრამ ერაყის არმია ამისთვის მზად არ არის, ხოლო სირიაში ზომიერი ძალები პრაქტიკულად არ არსებობს.“

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების იერიშებზე საუბრობს ესპანეთის გაზეთი „პაისიც“: „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშებით აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას სურს, ფანატიკოსი მებრძოლები დაასუსტოს და დაამარცხოს. მაგრამ აქამდე მიღწეული შედეგი ეჭვქვეშ აყენებს ამ მიზნის განხორციელებას. ფუნდამენტალისტებისთვის ჯერ არავის მიუყენებია გამანადგურებელი დამარცხება. პირიქით. შეერთებულ შტატებში სულ უფრო ხშირად გაისმის იმათი ხმები, ვინც ფიქრობს, რომ საქმეში სახმელეთო ჯარის ჩაუბმელად ფიასკო გარდაუვალია. სამხედრო ვითარება და რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ურთიერთკავშირები გვიჩვენებს, რომ ობამას გეგმა მოიკოჭლებს.“

XS
SM
MD
LG