Accessibility links

logo-print

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თბილისის წყალდიდობამ და მისმა შედეგებმა.

13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში დატბორა და გაანადგურა საცხოვრებელი სახლები სვანიძისა და წყნეთის ქუჩებზე, ზოოპარკი და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, დააზიანა გმირთა მოედანზე აშენებული ესტაკადა, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორია. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 19 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამი ადამიანი.

წყალდიდობის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველთა ფოტოები: გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოტი, შენობის მეორე სართულზე ამძვრალი და კონდიციონერზე ჩამოკიდებული დათვი, წყალში მოცურავე ნიანგი და ა.შ. ცხოველების დიდი ნაწილი ან ვოლიერებშივე დაიხრჩო ან შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის მოსამსახურეებმა მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღემდე გაქცეულად ითვლება ერთი აფთარი და ვეფხვი. აღდგენით და დასუფთავების სამუშაოებში ჩაება მოხალისეთა უპრეცედენტო რაოდენობა.

უცხოეთის პრესაში ყველაზე მეტს საუბრობდნენ თბილისის ზოოპარკსა და იქიდან გაქცეულ ცხოველებზე. თითქმის ყველა სტატიაში შეხვდებით ბეჰემოტ ბეგის, ფოტოს, რომელშიც ის ხან ჭადრის ფოთლებს შეექცევა, ხანაც ქუჩაში მძიმედ მიიწევს წინ.

დიდი ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ თბილისის სტიქიას არაერთი სტატია მიუძღვნა. ერთ-ერთში ვკითხულობთ:

„გასაგები იყო დაბნეულობა იმის თაობაზე, თუ რომელი მტაცებელი ცხოველები იმყოფებოდნენ თბილისის ქუჩებში წყალდიდობიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ. მიმდინარე კვირაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ ქვეყნის მთავრობამ თქვა, რომ ზოოპარკის გარეთ მტაცებელი ცხოველები აღარ იყვნენ. მაგრამ ოთხშაბათს თეთრმა ვეფხვმა სარეცხი ფხვნილის საწყობში მოკლა ადამიანი. ხუთშაბათს პოლიციამ განაცხადა, რომ კიდევ ეძებენ ერთ ვეფხვსა და ერთ აფთარს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დიდი სირცხვილი იყო მთავრობისთვის და თბილისელებში უამრავი დამცინავი ხუმრობა გამოიწვია. ბევრი გაოგნებული და თავზარდაცემულია ამ საგით - 20 ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებული ტრაგედიის პარალელურად, ქუჩაში სეირნობდა ბეჰემოტი, ხოლო პინგვინი მეზობელი აზერბაიჯანის საზღვართან აღმოჩნდა.“

აშშ-ის გაზეთი „ჩიკაგო ტრიბიუნი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „დახურეთ ზოოპარკები თბილისში დაღუპულ ცხოველთა ხსოვნის პატივსაცემად“:

„თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ უნდა დააფიქროს მთავრობები, შეცვალონ გარეული ცხოველების დატყვევების წესები. თბილისის ზოოპარკი თავის უმთავრეს დანიშნულებად კონსერვაციას ასახელებს; ხოლო მეორადად - რეკრეაციას. არადა, კონსერვაცია სულაც არ საჭიროებს ბუნებრივი გარემოდან ცხოველების მოწყვეტას და დატყვევებას. თბილისის წყალდიდობისას დაღუპული პინგვინები გადაშენების პირას მისული იშვიათი აფრიკული ჯიშისა იყვნენ. რატომ არ შეიძლებოდა ისინი სამხრეთ აფრიკაში დაეტოვებინათ, იქვე მოევლოთ მათთვის? კონსერვაციის მიზნებისთვის, რა საჭირო იყო პინგვინების გადაყვანა 12231 კილომეტრის მანძილზე? თეორიულად, ზოოპარკი შეიძლება ემსახურებოდეს განათლებას და ეს გამართლებულიცაა, მაგრამ თბილისში ასე არ იყო: პოლიციელებმა, რომლებმაც ზოოპარკიდან გაქცეული ბევრი ცხოველი მოკლეს, როგორც ჩანს, არაფერი იცოდნენ მათი ქცევის შესახებ.“

საფრანგეთის გაზეთი „ლიბერასიონი“ დაწვრილებით აღწერს წყალდიდობით დაშავებულებისა და ზოოპარკის ბინადრების მდგომარეობას, და აღნიშნავს:

„საქართველოს დედაქალაქში 14 ივნისს უკვე ასეულობით მოქალაქე ეხმარებოდა სამაშველო ჯგუფებს. ზარალი თავიდან 13 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა სავსებით მოსალოდნელია, რომ ბევრად უფრო დიდი იყოს. თბილისი ხშირად ყოფილა მომაკვდინებელი წყალდიდობების მოწმე. 2012 წლის მაისში ამ ქალაქში დაიღუპა ხუთი ადამიანი ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო.“

დაბოლოს, გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა ყურადღება გაამახვილა სტიქიასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხებზე:

„მოქალაქეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია ზოოპარკიდან გაქცეული ბევრი ცხოველის დახოცვამ. აქტივისტები მოსახლეებს მოუწოდებდნენ, დაკარგული ცხოველის შემჩნევისას ზოოპარკში დაერეკათ, და არა პოლიციაში. საკამათო გახდა ასევე ხალხში დიდი პატივისცემის მქონე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის განცხადება, რომელშიც სტიქია მან ზოოპარკთან დაკავშირებული ცოდვით ახსნა, ანუ იმით, რომ ეს დაწესებულება იქ აშენდა, სადაც ადრე ეკლესია იყო.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG