Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესა კვლავინდებურად დიდ ყურადღებას უთმობს სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებულ კრიზისს და ევროპის ცალკეული ქვეყნების მიერ ამ კრიზისის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას. აი, რას წერს ამაზე პოლონეთის გაზეთი „ჟეჩპოსპოლიტა“: „სულ უფრო იზრდება იმ გერმანელების რიცხვი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკის მიმართ. გამორიცხული არ არის, კანცლერ ანგელა მერკელს ამ პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა მოუწიოს. ათიათასი ლტოლვილი ყოველდღე - ასეთი ვითარება სულ უფრო მეტ გერმანელში ბადებს კითხვას: როდის დასრულდება ეს პროცესი? ამ კითხვაზე ანგელა მერკელს პასუხი არა აქვს. ქალბატონი მერკელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვა, ასევე სწრაფად უნდა უთხრან უარი მათ, ვისაც თავშესაფარი არ ეკუთვნის, უნდა შეიქმნას სატრანზიტო ზონები სასაზღვრო რეგიონებში. მაგრამ ეს ყველაფერი ბევრს ვერაფერს შეცვლის. მერკელის კრიტიკოსთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ასეთ ვითარებაში კანცლერი აქამდე არასოდეს ყოფილა.“

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ მიმომხილველის აზრით, ლტოლვილთა პრობლემის მოსაგვარებლად კანცლერ მერკელზე უკეთეს წინადადებებს ვერც გერმანელი სოციალ-დემოკრატები გვთავაზობენ. „რაზეც მერკელი საუბრობს და რა გზებსაც ის კრიზისის მოსაგვარებლად სახავს, დიდად არ განსხვავდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიციისგან. ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება როგორც მმართველი ქრისტიანულ-სოციალური კავშირის, ისე სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებით და თანდათან იზრდება სიმპათია რადიკალური მემარჯვენე პარტიებისადმი."

ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტელეგრაფი“ ერთმანეთს ადარებს ლტოლვილთა პრობლემისადმი გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების დამოკიდებულებას. „ლტოლვილთა საკითხის გამწვავებით გამოწვეული კრიზისი, რომელიც თავს დაატყდა ევროპას, მეტად სერიოზული პრობლემაა და ის მძიმე ტვირთად აწევს ევროპის ქვეყნების მთავრობებს. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გამოსავალია, სამშობლოდან გაქცეულ სირიელ ლტოლვილებს დავეხმაროთ, სამშობლოს სიახლოვეს დარჩნენ იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან შინ დაბრუნდებიან. ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, განაცხადა, რომ მიესალმება თავშესაფრის სირიელ მაძიებლებს. ეს ქვეყნები ახლა იქნებ ნანობენ კიდეც, რადგან მათი ასეთი პოზიციის შედეგად ევროპის კავშირს ეკონომიკურ ლტოლვილთა აქამდე არნახული ტალღა მიაწყდა.“

გასულ კვირაში უცხოეთის პრესამ არაერთი სტატია მიუძღვნა 2014 წლის ივლისში, „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგის“ ჩამოგდების გარემოებათა თაობაზე ჰოლანდიელ სპეციალისტთა დასკვნას, რომელიც 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ დასკვნის თანახმად, თვითმფრინავი რუსეთში წარმოებულმა „ბუკის“ ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტამ ჩამოაგდო. ავსტრიის გაზეთი „შტანდარდი“ ექსპერტთა დასკვნას კრიტიკულად აფასებს: „ექსპერტების ანგარიშს წელიწადზე მეტ ხანს ელოდნენ დაღუპულთა ოჯახების წევრები და, მათთან ერთად, მთელი საზოგადოება - იმ იმედით, რომ დასმულ კითხვებზე პასუხს მიიღებდნენ. ეს არ მოხდა. ის, რომ კიევს თავისი საჰაერო სივრცე უნდა ჩაეკეტა, კარგა ხნის წინ იყო ცნობილი, ისევე, როგორც ის, რომ თვითმფრინავი „ბუკის“ რაკეტით ჩამოაგდეს. საინტერესო იმის გაგება იყო, საიდან იქნა გაშვებული ეს რაკეტა. მაგრამ სპეციალისტების მიერ მოხაზული რაიონი იმდენად დიდია, რომ არ იძლევა დამნაშავეების შესახებ სარწმუნო დასკვნების გაკეთების საშუალებას.“

ინგლისის „გარდიანი“ ანგარიშზე სხვა პერსპექტივიდან მსჯელობს: „როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტება „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, ერთი რამ სრულიად აშკარაა: ამ ტრაგედიის უარყოფითი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის უზარმაზარია. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა, ხოლო მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა. შეცდომით განხორციელებული ამ ჩამოგდების შემდეგ (საუბარი კი სწორედ შეცდომაზე უნდა იყოს) მეამბოხეებმა დაკარგეს რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა. შესაბამისად, მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის ტრაგედიამ გაზარდა იმის შანსი, რომ უკრაინა შეძლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.“

დაბოლოს, ფეხბურთის შესახებ. ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები განაგრძობენ თავიანთი შეფის, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მხარდაჭერას. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ესპანეთის გაზეთი „პერიოდიკო დე არაგონი“: „უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა და მისმა წევრმა 54-მა ეროვნულმა ფედერაციამ მიშელ პლატინის მხარდაჭერა აღუთქვეს - მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, ფიფას ეთიკის კომისიამ პლატინი, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, 90 დღით ჩამოაშორა საქმიანობას. ამ ფონზე ევროპის ფედერაციების გადაწყვეტილება დიდად მოსაწონად ვერ ჩაითვლება. მათ ხელიდან გაუშვეს საუცხოო შანსი, როგორმე შეეჩერებინათ მსოფლიო ფეხბურთის ისედაც შელახული რეპუტაციის შემდგომი დაცემა.“

სარაგოსაში გამომავალ გაზეთს ეთანხმება საფრანგეთის „დერნიერ ნუველ დ’ალზასი“, რომლის მიმომხილველიც აღნიშნავს: „მიშელ პლატინი ვერ გამოდგება იმ კაცად, მსოფლიო ფეხბურთს კრიზისიდან რომ გამოიყვანს. ის ამჟამად არსებული სისტემის წარმომადგენელია; და თუ მაინც გადაწყვეტს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას, საყოველთაო ნდობის მოპოვებას ვერ მოახერხებს, ესე იგი ის ვერასოდეს იქცევა პრეზიდენტად, რომელსაც მყარად უჭირავს ხელში მართვის სადავეები.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG