Accessibility links

ამ კვირაში დასავლეთის პრესაში გამოქვეყნდა ორი წერილი, რომლებშიც საუბარია საქართველოს მთავრობის პროექტებსა და მასშტაბურ სიახლეებზე, რის შესახებაც ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრები არსებობს.

ელენ ბერი საქართველოზე ხშირად აქვეყნებს ხოლმე სტატიებს. ამჯერად „ნიუ იორკ ტაიმსში“ 21 აპრილს დაბეჭდილი მისი სტატია ეხება ინიციატივას, რომელიც შავ ზღვასთან უნდა განხორციელდეს, სადაც სამომავლოდ დაგეგმილ ქალაქს ლაზიკა დაერქმევა. მას შემდეგ, რაც ავტორი აღწერს გზას მომავალი ქალაქისკენ, მკითხველს აუწყებს, ეს არის პროექტი, დაფუძნებული ჩინურ კონცეფციაზე, რომელიც ქალაქების სწრაფად აგებას გულისხმობსო.

სტატიის ავტორს ადგილობრივ მცხოვრებლებთან უსაუბრია და მათ მოსაზრებებს გვაცნობს. მაგალითად, ერთი სკოლის მასწავლებელი, იდეით შთაგონებული, იმდენად არის თურმე მოქცეული მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომ ყოველდღე უყურებს ოფიციალურ სარეკლამო რგოლს, სადაც, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, „კომპიუტერული ანიმაციის მეშვეობით არის ნაჩვენები დუბაის მსგავსი ცათამბჯენები და ხალხმრავალი ნავსადგური“. გაზეთს მოჰყავს სხვათა აზრი, რომელიც უკვე ყოველგვარ მშენებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ვინაიდან, როგორც ერთი ადგილობრივი მცხოვრები ეუბნება ბერის, იქ ნიადაგი იმდენად ნოტიოა, რომ დაგეგმილი მრავალსართულიანი შენობებისთვის საძირკველი 25 მეტრის სიღრმეზე უნდა გაითხაროს. გაზეთი მკითხველს განუმარტავს, რომ ამ შეფასების ავტორი მეგრელია, საუკუნეების მანძილზე იქ მცხოვრები ეთნოსის წარმომადგენელი, რომლის არგუმენტიც ეთნოსსავე უკავშირდება.

“ნებისმიერი მეგრელი გეტყვით, რომ აქ მშენებლობა შეუძლებელია”, ამბობს ელენ ბერის რესპონდენტი და დაჭაობებულ ადგილს გადასცქერის: ”ლაზიკა! მხოლოდ სიტყვაა ლაზიკა. აქ სხვა არაფერია. ამ უზარმაზარ ნაგებობებს არ ვიცი, როგორ დაიჭერს ჭაობი“.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიის ავტორმა იცის, რომ ქალაქის შენებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იჩენს თავს, მაგრამ იდეის საჯარო განხილვის შესაძლებობა არ არსებობს. უკვე პირველი შენობის აგებაც კი დაიწყესო. ბერის მოჰყავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, ათ წელიწადში ლაზიკა, თბილისის შემდეგ, სადაც 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი და შავი ზღვის წამყვანი სავაჭრო ცენტრი გახდებაო. გაზეთი ლაზიკის იდეის წარმოშობაზე ჰყვება და წერს, ზუგდიდის ეკონომიკური გაჭირვების დაძლევაზე ფიქრის დროს გასჩენია საქართველოს პრეზიდენტს იდეა, იქვე ახლოს აგებულიყო სრულიად ახალი ქალაქი და ნავსადგურიო.

პრეზიდენტის იდეის თაობაზე, როგორც ცნობილია, ბევრი შეკითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. სტატიაში საუბარია ეკოლოგიურ მხარეზე, ასევე იმაზე, თუ ვინ უნდა იცხოვროს ლაზიკაში, როცა საქართველოში ამჟამად სულ დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობა არც იზრდება და არც მისი ურბანიზება შეიმჩნევა. ელენ ბერისთვის ცნობილია, რომ პრობლემაა დაფინანსებაც. ოთხი თვის წინ სააკაშვილს უთქვამს, ევროპისა და აზიის რამდენიმე მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებაა დაწყებული და ისინი გადაიხდიან გრძელვადიან სამშენებლო ხარჯებსო, რაც, პრეზიდენტის გამოთვლით, 600-დან 900 მილიონამდე დოლარს უნდა შეადგენდეს. ჯერჯერობით ეს ვალდებულება საჯაროდ არც ერთ ინვესტორს არ უკისრია, ამიტომ არაა ცნობილი, თუ ამ თანხიდან რამდენი დააწვება ტვირთად საქართველოს ბიუჯეტს, რომელიც გასულ წელს 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენდაო. წერილის ბოლოს „ნიუ იორკ ტაიმსს“ მოჰყავს სტატისტიკური ცნობებიც, გამოკითხვის შედეგები იმაზე, თუ მოქალაქეთა რა ნაწილი ემხრობა ლაზიკის იდეას.

გაზეთი „ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბიუნიც“ სიახლეზე წერს, კერძოდ, საქართველოში განხორციელების სტადიაში არსებულ პროექტზე - პარლამენტის ქუთაისში გადატანაზე. სტატიის ავტორი იუწყება, რომ პარლამენტის გადატანა ოფიციალურად შარშან ზაფხულში გამოცხადდა და, ალბათ, წელს განხორციელდება. ეს პროექტი, წერს ის, თითქოს დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის, თბილისის განტვირთვის, ქუთაისის ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის ამ ორი ისტორიული ნაწილის სიმბოლური დაკავშირებისთვის შემუშავდა, მაგრამ, ავტორის ვარაუდით, ის კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს ისედაც სუსტ საკანონმდებლო ხელისუფლებას იმ დროს, როცა ქვეყანა საარჩევნო არასტაბილურობის ფაზაში შედის. მისი ფიქრით, როცა ასეთი რამ ხდება, დედაქალაქიდან ხელისუფლების ერთი ან მეტი შტოს გადატანა შეიძლება იყოს შეგნებული პოლიტიკური ხერხი (ეს ეჭვი საქართველოშიც არსებობს) და ქვეყნის რომელიმე რეგიონის, ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ან პოლიტიკური ოპოზიციის შესუსტებას ისახავდეს მიზნად.

გაზეთში ლაპარაკია წმინდა ტექნიკური ხასიათის სირთულეებზე, რაც ქუთაისში პარლამენტის გადატანას მოჰყვება და კრიტიკულ მოსაზრებებზეც, რომელთა ავტორები ამ ნაბიჯის უკან უღირს ზრახვებს ხედავენ, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანოს იზოლირება და საპროტესტო გამოსვლებისთვის ხელის შეშლა. „ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბიუნის“ სტატიის ბოლოს წაიკითხავთ, ძნელია საეჭვოდ არ მოგეჩვენოს პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნების წინა პერიოდში მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა უმაღლეს ფაზას აღწევსო. წერილის ავტორს უჭირს იმის გაგებაც, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ეს ნაბიჯი საქართველოს არამდგრად დემოკრატიას იმის განვითარებაში, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება: მყარი ინსტიტუტები და მრავალფეროვანი წარმომადგენლობა მთავრობაში.
XS
SM
MD
LG