Accessibility links

logo-print
ბოლო დღეებში დასავლეთის რამდენიმე გავლენიან გამოცემაში გამოქვეყნდა სტატიები საქართველოს შესახებ. მოკლე, ფაქტების ამსახველი პუბლიკაციები მიეძღვნა, მაგალითად, აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტზე ალექსანდრ ანქვაბზე მოწყობილ თავდასხმას, რომელსაც ანქვაბი, როგორც ცნობილია, უვნებელი გადაურჩა. ამის შესახებ მოკლედ იუწყება ბრიტანეთის ყოველდღიური „ტაიმსი“. უფრო ვრცელია „ნიუ იორკ ტაიმსის“ პუბლიკაცია.
ფაქტების გარდა - სად, როდის და როგორ მოეწყო თავდასხმა ანქვაბის ავტოკოლონაზე - „ნიუ იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორი, მაიკლ შვარცი ასახავს მომხდარის კონტექსტს.

ციტატა: „თავდასხმამ, სავარაუდოდ, ისევ ააფორიაქა მოსკოვი, რომელიც ცდილობს, მოაგვაროს ბოლოდროინდელი პოლიტიკური რყევებით გამოწვეული დაძაბულობა აფხაზეთსა და საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა იგნორირება გაუწია საერთაშორისო თანამეგობრობის უარყოფით დამოკიდებულებას და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ორივე რეგიონი“.

„ნიუ იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ორმა რეგიონმა მოსკოვს, დივიდენდების მოტანასთან ერთად, არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

„რუსეთის კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას აფხაზეთის პოტენციურად მომგებიან ტურისტულ ბიზნესში, დაბრკოლებებს აწყდებიან. და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, ამომრჩევლებმა ორივე რეგიონში უარყვეს კანდიდატები, რომლებიც კრემლის აშკარა ფავორიტები იყვნენ“, - ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“.

დასავლეთის მედიაში ასევე მოკლე ინფორმაცია გავრცელდა ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტში მორიგი მსხვერპლის - სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია კი გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა გავლენიანმა გამოცემა „ნეშენლ ინტერესტმა“.

სტატიის ავტორი, კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტი, თომას დე ვაალი უბრუნდება შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც გასული თვის მიწურულს გაიმართა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. დე ვაალის აზრით, პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის 30 იანვრის შეხვედრაში აღსანიშნავი იყო, პირველ რიგში, თვით შეხვედრის ფაქტი, რადგან სააკაშვილისათვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ობამასთან შეხვედრას ოვალურ კაბინეტში, სადაც ის ორჯერ მიიღო ობამას წინამორბედმა, ჯორჯ ბუშს.

„რაც შეეხება ობამას, მისმა ფროიდიანულმა წამოცდენამ - ჯერ „რუსეთის“ თქმამ, ვიდრე საკუთარ თავს შეუსწორებდა „საქართველოო“ - ბევრი რამ გაგვიმხილა იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ობამასთვის მნიშვნელოვანია, შეეძლოს თავის დაცვა (პრეზიდენტობის შესაძლო რესპუბლიკელი) კანდიდატების, რომნის, ან გინგრიჩისაგან, რომ მან (ობამამ) „ავტობუსის ბორბლებს ქვეშ ჩააგდო“ საქართველო, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის გამო. სააკაშვილის ფრაზა - „მე ძალიან კმაყოფილი გავალ ამ კაბინეტიდანო“ - შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც მოგვრიდა კმაყოფილებას“, - დაასკვნის თომას დე ვაალი.

ამის შემდეგ ის ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტების შეხვედრისას განხილულ მთავარ საკითხებზე - თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობაზე და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე. პუბლიკაციის ავტორს საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ შეხვედრის შემდეგ ობამას მიერ გაკეთებული განცხადება დაიწყო სწორედ საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე მინიშნებით.

„ჩვეულებრივ, შეერთებული შტატები, რასაკვირველია, ცდილობს, ზედმეტად არ ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკური ცხოვრების დეტალებში. მაგრამ საქართველო სახიფათოდ არის მიახლოებული შეერთებული შტატების პროტეჟე სახელმწიფოს სტატუსთან, როგორც დიდი რაოდენობით საფინანსო დახმარების, თავდაცვის სფეროში წვრთნისა და პოლიტიკური რჩევების მიმღები ქვეყანა. არა მარტო პრეზიდენტი სააკაშვილი - ვაშინგტონში იმავე კვირაში იმყოფებოდა ოპოზიციის ორი წარმომადგენელი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში იბრძვიან ორ არჩევნებში - ერთი თვით საქართველოშია, მეორე კი ვაშინგტონში“, - წერს კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი სტატიაში, რომელიც გამოცემა „ნეშენლ ინტერესტმა“ გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG