Accessibility links

logo-print

ოქრუაშვილის თავისუფლების ფასი


ირაკლი ოქრუაშვილი "მაესტროს" ეთერში (პარიზიდან, 2011 წლის 10 მაისი).

ირაკლი ოქრუაშვილი "მაესტროს" ეთერში (პარიზიდან, 2011 წლის 10 მაისი).

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უმძიმეს დანაშაულებებში მხილებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებიდან თვე-ნახევრის თავზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის განხილვა მის მიმართ გაგრძელდება, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს გაამართლებენ და მას ყოველგვარი შესაძლებლობა მიეცემა, გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა ან დაუბრუნდეს კერძო იურიდიულ პრაქტიკას, საიდანაც 2001-2002 წლებში დაიწყო კიდეც მისი აღმასვლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

ოქრუაშვილის კარიერა კი მართლაც თვალისმომჭრელი იყო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იგი ჯერ გენერალური პროკურორი იყო და შიშის ზარს სცემდა შევარდნაძისდროინდელ კორუმპირებულ მოხელეებს, რომელთა დაპატიმრებას - ტელეკამერების თანხლებით - ხშირად თავადვე ხელმძღვანელობდა. შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ოქრუაშვილმა ერთ კვირაში დაითხოვა პოლიციის ლამის მთელი პირადი შემადგენლობა და ახალი კადრების მიღება დაიწყო. ყველაზე დიდხანს კი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაყო, საიდანაც მალევე ჩამოიშორა გზიდან ძველი კადრები და დააწინაურა და დაიახლოვა ის ოფიცრები, ვისაც ის მომავალ პრეზიდენტად და მთავარსარდლად ესახებოდა.
ძველი დრო: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე (2006 წლის 27 მარტი)

ძველი დრო: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე (2006 წლის 27 მარტი)


სააკაშვილი, რომელიც ოქრუაშვილს „ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრს უწოდებდა“, მალე მიხვდა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნიდა „პოლიტიკური ქორი“, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი, უბრალოდ, აღმერთებდა ოქრუაშვილს. მოსახლეობას ხიბლავდა ქარიზმატული თავდაცვის მინისტრის სააღლუმო შემართება, სჯეროდა, რომ ოქრუაშვილი ახალ წელს აუცილებლად შეხვდებოდა ცხინვალში, ემზარ კვიციანისგან „განთავისუფლებული“ კოდორის ხეობიდან გადავიდოდა აფხაზეთში და გააერთიანებდა საქართველოს. ირაკლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე დარჩება თავდაცვის მინისტრის პოსტზეო, - კატეგორიულად აცხადებდა ოქრუაშვილში დარწმუნებული საქართველოს პრეზიდენტი და ამით კიდევ უფრო აძლიერებდა თავის ფარულ მეტოქეს.

ასეთ პატივში მყოფი ოქრუაშვილიც, ცხადია, განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა და აკეთებდა ყველაფერს, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს შეეძლო ღამით განგაშზე წამოეყენებინა რომელიმე სამხედრო ნაწილი, გამოსდევნებოდა უკან მძინარე ჯარისკაცებს და დედა ეგინებინა სუსტი ფიზიკური მომზადებისთვის. ოქრუაშვილს შეეძლო მოეხსნა ნებისმიერი რანგის ოფიცერი, ვინც კი მას თვალში არ მოუვიდოდა, ურჩები და კრიტიკოსები კი ციხეშიც ჩაეყარა, როგორც ეს სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის შემთხვევაში ჩაიდინა.

გამარჯვებას მონატრებული ხელისუფლება და ხალხი ოქრუაშვილს ყველაფერს ჰპატიებდა, მაგრამ დაპირებული ძლევამოსილი ტრიუმფი არ შედგა: ნაცვლად იმისა, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვედროდა, ოქრუაშვილი სულ მალე ციხეში აღმოჩნდა. 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ დაარსებული ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი საქართველოსთვის“ - ოფისში დააკავეს. დაპატიმრებას წინ უძღოდა ყოფილი მინისტრის სკანდალური ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც მან პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტთა მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა. დაპატიმრებულ ექს-მინისტრს პროკურატურის გამომძიებლებმა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.
ოქრუაშვილის დაპატიმრება (2007 წლის 27 სექტემბერი)

ოქრუაშვილის დაპატიმრება (2007 წლის 27 სექტემბერი)


მალევე ოქრუაშვილი თავადვე აღმოჩნდა იმ რეპრესიული სისტემის მსხვერპლი, რომლის შექმნაშიც ლომის წილი ედო. ციხეში ყოფნის ერთი კვირის თავზე პატიმარი გატყდა. გამომძიებლების წინაშე მან აღიარა, რომ ცილი დასწამა სააკაშვილს, მოინანია და ამის საფასურად საფრანგეთში წასვლის შესაძლებლობა მიიღო. კომფორტული დევნილობიდან კი ოქრუაშვილი მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს, არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, დაბრუნდა და, როგორც ზემოთაც ითქვა, თვენახევრიანი პატიმრობის მერე, მიზერული გირაოს სანაცვლოდ ის ციხიდან გაათავისუფლეს.

წინააღმდეგობებითა და კომპრომატებით სავსე ბიოგრაფიის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილს დღემდე ჰყავს მომხრეები. ამის მიზეზი კი არც სიმდიდრეა, არც ქარიზმა და არც ინფორმირებულობა, რაც ოქრუაშვილს ნამდვილად არ აკლია. მიზეზი სხვაა: საზოგადოების ინფანტილიზმი, გულმავიწყობა და უპასუხისმგებლო მიმტევებლობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ მიმტევებლობასთან.

საქართველოში, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება ჯერ კიდევ ბოროტებასთან ასოცირდება, თითქმის არასოდეს სჯერათ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკოსის ბრალეულობისა; საქართველოში იშვიათად გაურბიან მათთან ურთიერთობას, ვინც დაბღვერილი მეციხოვნის დაყვირებაზე მყისიერად ინანიებს შეცდომას და წერს აღიარებით ჩვენებას; მეტიც, საქართველოს უახლესი ისტორია მოწმობს, რომ ბრბო ასეთი პოლიტიკოსების გვერდით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მზად არის მათ ანდოს ქვეყნის ბედი და „ოსანას“ ძახილით უფსკრულშიც კი გადაჰყვეს.

ასეთ ვითარებაში, საპატიმროდან გამოსული ირაკლი ოქრუაშვილი, ცხადია, მალე დაიდებს ფასს და არც ქართული პოლიტიკის მეინსტრიმში საკუთარი ნიშის დაკავება გაუჭირდება. მით უფრო, რომ ხელისუფლების კოჰაბიტაციის რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე პროცესში ქარიზმატული ოქრუაშვილი იქნებ პრეზიდენტ სააკაშვილსაც სჭირდებოდეს და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსაც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG