Accessibility links

logo-print

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის ადგილსამყოფელი უცნობია


მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების შესახებ. ჯიბლაძემ თანამდებობა დატოვა 70-მდე თანამშრომელთან ერთად, ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ახლობლებსა და მეგობრებს მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისის შემდეგ აღარ უნახავთ. 11-ში არც დათქმულ შეხვედრაზე მისულა, და არც იმავე დღეს დაგეგმილ სემინარზე გამოჩენილა. ახლობლები ჯიბლაძეს ვერც ტელეფონით უკავშირდებიან. ნათესავებმა შესაბამისი განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც ამ უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, ჯიბლაძის ძებნა დაწყებულია, თუმცა მის შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია გამოძიებას არ მოეპოვება:

მამუკა ჯიბლაძემ სამსახური თავის 70-მდე კოლეგასთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაითხოვეს გამოცდების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. თავად მიმინოშვილი გვეუბნება, რომ გაუჩინარების დღეს ის თავად ესაუბრა ჯიბლაძეს, რომელიც არა მხოლოდ მისი თანამშრომელი იყო, არამედ მეგობარიც. შეხვედრა ვაკეში დათქვეს, თუმცა ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ჯიბლაძე დათქმულ ადგილზე არ მისულა.

„ჩემი უახლოესი მეგობარია და გამოცდების ეროვნული ცენტრის გარდა, მათემატიკის ინსტიტუტშიც მუშაობდა“, - ამბობს მიმინოშვილი. – „11-ში ტელეფონით ველაპარაკე, შეხვედრაზე შევთანხმდით, ორ საათზე კავსაძის კუთხეში უნდა შევხვედროდით და სახლიდან იქამდე დაახლოებით 15 წუთი დასჭირდებოდა მოსასვლელად, მაგრამ დათქმულ ადგილას არ მოვიდა. არც 3 საათზე დაგეგმილ სემინარზე გამოჩნდა. შემდეგ ვურეკავდით და არ იღებდა ყურმილს და მერე ყველანაირი კონტაქტი გაწყდა. ახლა მთავარია, როგორმე ეს ადამიანი ვიპოვოთ.“

მამუკა ჯიბლაძე ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელმაც ახლახან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და, როგორც შოთა უტიაშვილი აცხადებს, ბოლო დღეებში ჯიბლაძე ძირითად დროს სახლში ატარებდა. რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მოულოდნელი გაუჩინარების მიზეზი? ჯიბლაძის ახლობლებს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოუძებნიათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG