Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის შეზღუდვის წინააღმდეგ


21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების წესთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების ან მოდიფიცირების თხოვნით მიმართა. დადგენილება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 24 სექტემბერს მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვნად აფერხებს არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ისეთ შეზღუდვებს აწესებს, როგორიცაა: კენჭისყრის უფლების მქონე პირის მიერ, კენჭისყრის შენობის დატოვების შემთხვევაში, შენობაში მისი განმეორებით შესვლის აკრძალვა; გადაღების წარმოების ნებართვის დაშვება სუბიექტიდან ან ობიექტიდან მხოლოდ 3 მეტრით დაშორებული მანძილიდან; გადაღების მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში დაშვება, 10 წუთზე მეტი ხნით გადაღების მსურველმა კი პროფესიული საქმიანობა სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან უნდა აწარმოოს და სხვ. როგორც „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ამბობს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა, ყველა წინა არჩევნები საქართველოში ამ შეზღუდვების გარეშე ჩატარდა და პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი შემთხვევა იმისა, რომ ჟურნალისტებს ადმინისტრაციისთვის ხელი შეეშალათ:
ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი


“სხვა პუნქტებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც უშუალოდ საარჩევნო უბანში გადაღების შეზღუდვას ითვალისწინებს, როცა გადამღები ჯგუფი გამოდის საარჩევნო უბნიდან, მას ერთმევა უფლება დაბრუნდეს უკან. ეს არის ყველაზე თვალხილული ხელის შეშლა, რომელიც დადგენილებითაა განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, მერე, მოგვიანებით რაიმე რომ მოხდეს საარჩევნო უბანზე, კამერით გადამღები ჯგუფი საერთოდ ვეღარ ბრუნდება. ჩვენთვის ამან შექმნა 2012 წელს პრობლემები და შუალედური არჩევნების დროსაც და ჩვენ პერიოდულად ვაყენებდით ამ საკითხს, რომ უნდა გაუქმებულიყო დადგენილება“.

დადგენილების გაუქმების კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა 2013 წლის გაზაფხულიდან. არასამთავრობო სექტორთან დავაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის არგუმენტი იყო ის, რომ თავად ჟურნალისტების საჩივრები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით კომისიაში არ შესულა. ამ ფაქტს ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ამ ორგანიზაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორმა ეკა ციმაკურიძემ გვითხრა, საიას ხელთ აქვს საქართველოს 7 რეგიონში საკუთარი ძალებით ჩატარებული კვლევის შედეგები:

“გამოვკითხეთ ის ჟურნალისტები, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მუშაობისა. ვკითხეთ, შექმნიათ თუ არა რაიმე პრობლემები ამ დადგენილების მოქმედების გამო და კონკრეტულად რა პრობლემები შეექმნათ და როგორ მოაგვარეს. დასახელდა კონკრეტული პრობლემები, როდესაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ ინფორმაციის მოპოვებაში არჩევნების დღეს, თუმცა გასაჩივრებული, როგორც ასეთი, ეს შემთხვევები არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტები ცდილობდნენ შეესრულებინათ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები“.
გუშინ ჩვენ ჩვენი წინადადება წარვუდგინეთ. ერთი, რომ ვითხოვდით ამ დადგენილების გაუქმებას და, მეორე, თუ გაუქმება არ ხერხდება და არის წინააღმდეგობები, ჩვენს ვარიანტზეც შეიძლება საუბარი, ანუ იმ გარკვეული მუხლების მოხსნასა და გარკვეული მუხლების მოდიფიცირებაზე...

მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსი ისედაც არეგულირებს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმართლებლად მიაჩნიათ მედიისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება. დადგენილების გაუქმების აუცილებლობის ამ მთავარ არგუმენტზე 15 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზეც გაამახვილეს ყურადღება „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ და „კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა. „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს:

“გუშინ ჩვენ ჩვენი წინადადება წარვუდგინეთ. ერთი, რომ ვითხოვდით ამ დადგენილების გაუქმებას და, მეორე, თუ გაუქმება არ ხერხდება და არის წინააღმდეგობები, ჩვენს ვარიანტზეც შეიძლება საუბარი, ანუ იმ გარკვეული მუხლების მოხსნასა და გარკვეული მუხლების მოდიფიცირებაზე. ამაზე იყო საუბარი და მერე უკვე თვითონ საარჩევნო კომისიის წევრებს უნდა ესაუბრათ და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხიც.
XS
SM
MD
LG