Accessibility links

28 მაისს აბანოთუბანში, ლეღვთახევში, თბილისის „ფოტოფესტივალი 2013“ სამი ფოტოგრაფის გამოფენით გაიხსნა. პოლონელმა, ირანელმა და ბრიტანელმა ფოტოგრაფებმა ექსპოზიციაში ქალთა უფლებები მოაქციეს. წლევანდელი ფოტოფესტივალის მთავარი თემაც ადამიანის უფლებებია. ფესტივალში არაერთი ცნობილი უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფი მონაწილეობს. ფესტივალის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენს ფოტოგრაფიის ღამე, რომელიც ძველი თბილისის ტერიტორიაზე პირველ ივნისს გაიმართება, თავად ფესტივალი კი 4 ივნისამდე გაგრძელდება.

იუსტინა მელნიკევიჩი, დანა პოპა, ნევშა თავაქოლიანი - სამი ქალი, სამი ფოტოგრაფი და ბევრი ქალი და ბევრი ფოტო. პოლონელმა იუსტინამ, რუმინული წარმოშობის ბრიტანელმა დანამ და ირანელმა ნევშამ ქალების ამბები ღია ცის ქვეშ, თბილისში, აბანოთუბანში გამოფინეს. დამთვალიერებელი ბევრი ირევა - ქალიც და კაციც, დიდიც და პატარაც. ისე არ არის, რომ ფოტოს შორიდან შეავლო თვალი და გაიარო. თითოეული ავტორის თითოეულ ფოტოსთან რამდენიმე წუთით თუ არა, რამდენიმე წამით მაინც გიწევს შეჩერება. ამიტომ შენს უკან ცნობისმოყვარე დამთვალიერებელთა რიგი დგება. ყველა ფოტოს თავისი მინაწერი აქვს.

იუსტინას გამოფენასთან ვდგავარ. ”ჩვენი მკერდი არ იკბინება” - ასე დაარქვა მან თავის ექსპოზიციას, სადაც უკრაინელი ფემინისტი აქტივისტების ჯგუფის - ”ფემენის” - ცხოვრება შავ-თეთრ ფოტოებზე აღბეჭდა. კუბოკრულ ქურთუკში ჩაცმულ გოგოს ნაქსოვი ქუდი ხურავს, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და მიდის. ეს საშა შევჩენკოა, 21 წლის, ”ფემენის” წევრი. ვკითხულობ ფოტოს მინაწერს:

”კაცებმა დააწესეს, რომ ქალის სხეულის და მკერდის გამოჩენა მიუღებელია. ქალის მკერდში არაფერია ამორალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც შიშველი მკერდით გამოვჩნდებით ხოლმე, ხალხი შოკში ვარდება, ლამის გული მისდით, თითქოს მკერდი პირველად ნახეს”...

იუსტინა მელნიკევიჩმა, ამ ფოტოს ავტორმა, საკუთარ ობიექტივში მოაქცია როგორც ”ფემენის” საპროტესტო აქციები, ისე გოგოების ყოველდღიური ცხოვრება, და მეუბნება:

მე არ მეშინია პოლიციის და ციხის. ძალიან მეშინია, რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ. როდესაც საპროტესტო აქციისთვის ვემზადები, ჩანთაში თბილ ტანსაცმელს და წიგნებს ვალაგებ...
”მათთან ერთი კვირა გავატარე. ვწერდი პატარ-პატარა ინტერვიუებს, რომ გამერკვია ვინ არიან ისინი, რა უნდათ, რა არის მათი მოტივაცია. იცი, რა, არ გეგონოთ, რომ ისინი გადიან ქუჩაში და ხალხს თავის შიშველ სხეულს აჩვენებენ. ამ საქციელით ისინი საკუთარ თავს საფრთხეშიც აგდებენ - მათ აპატიმრებენ. მე მგონია, რომ ახალგაზრდები ცოტათი უნდა აფრენდნენ. მათ იმდენი ენერგია აქვთ! ხანდახან შეიძლება ამ გოგოებს არც კი დაეთანხმო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს”.

”ფემენი” ოცი შიშველმკერდიანი აქტივისტისგან შედგება. გოგოები 2008 წელს შეიკრიბნენ და მათი აქციები ძირითადად მიმართულია ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საკითხზე. ისინი შიშვლდებიან ადგილობრივი თუ უცხოელი მაღალჩინოსნების წინ, შიშვლდებიან რომის პაპის წინ. მათ აპატიმრებენ, უსჯიან ადმინისტრაციულ სასჯელს, მაგრამ 23 წლის საშა შევჩენკო, რომელიც ფეხშიშველი ზის სკამზე, ფეხებთან კი კატა უწევს, ფოტოს მინაწერით ამბობს:

”მე არ მეშინია პოლიციის და ციხის. ძალიან მეშინია, რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ. როდესაც საპროტესტო აქციისთვის ვემზადები, ჩანთაში თბილ ტანსაცმელს და წიგნებს ვალაგებ, იმიტომ რომ ციხეში თბილი ტანსაცმლისა და წიგნების მეტი არაფერი გჭირდება”.

2013 წელს ”თბილისის ფოტოფესტივალის” ორგანიზატორებმა გამოფენის მთავარ თემად ადამიანის უფლებები შეარჩიეს, 28 მაისს კი ფოკუსი ქალთა უფლებებზე შეაჩერეს. ქალის ბედისწერა დასავლურ თუ აღმოსავლურ სამყაროში - აბანოთუბანში გამოფენილი ექსპოზიცია მათ ამბავს ჰყვება.

ირანი - ფოტოგრაფი ნევშა თავაქოლიანი - ფოტოპროექტი ”listen” – “უსმინე”. ნევშა თავისი ფოტოებით იმ ამბავს ჰყვება, რომ ირანში ქალებს 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ისლამური წესების მიხედვით, სიმღერა და საკუთარი კომპაქტ-დისკის გამოშვება ეკრძალებათ. ნევშა ფოტოპროექტის წარსადგენ სიტყვაში წერს:

”ფოტოები გადავუღე პროფესიონალ მომღერალ ქალებს, რომლებიც ოცნებობენ გამოვიდნენ დიდი აუდიტორიის წინაშე. მე გავაკეთე მათთვის საოცნებო კომპაქტ-დისკის გარეკანი, თუმცა კომპაქტ-დისკის ბუდე ცარიელი რჩება”.

ყველა ვფიქრობთ საკუთარ უფლებებზე, საკუთარ საწუხარზე, საკუთარ პრობლემებზე და არავინ არ ფიქრობს გვერდით ადამიანების პრობლემებზე და მხოლოდ მაშინ შევწუხდებით ხოლმე, როცა ესა თუ ის პრობლემა პირადად ჩვენ შეგვეხება...
დგას ტრადიციულ ირანულ შავ სამოსში ჩაცმული ახალგაზრდა გოგო და ხელზე მოკრივის წითელი ხელთათმანები აცვია. ან დგას მეორე ფოტოში ისევ ის ირანელი გოგო და ხელში თავწაცლილი ქათმები უჭირავს - და მინაწერი: ”ეს არის აღმოსავლელი ქალის საფიქრალი”...

გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი და ფოტოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მეუბნება, ეს გამოფენა კარგად აჩვენებს, რომ უფლებებს დაცვა სჭირდება, რაზეც ჩვენ ალბათ არ ვფიქრობთო. მისთვის, როგორც რიგითი ადამიანისათვის, ყველაზე მძიმე სანახავი აღმოჩნდა ბრიტანელი ფოტოგრაფის დანა პოპას ერთი ფოტო. ფოტო ფერადია და მასზე ჟღალთმიანი ქალის კეფა ჩანს - მთავარი მინაწერია: ”დალია 20 წლის, ჩემმა საქმრომ 2200 დოლარად გამყიდა”.

”ყველა ვფიქრობთ საკუთარ უფლებებზე, საკუთარ საწუხარზე, საკუთარ პრობლემებზე და არავინ არ ფიქრობს გვერდით ადამიანების პრობლემებზე და მხოლოდ მაშინ შევწუხდებით ხოლმე, როცა ესა თუ ის პრობლემა პირადად ჩვენ შეგვეხება და მივხვდებით, რომ ეს პრობლემა გლობალურად არსებობს. დანა პოპას გამოფენა რეალურად აჩვენებს 21-ე საუკუნის მონებს. ქმარმა როგორ შეიძლება გაყიდოს ცოლი 2200 დოლარად! აი, ახლაც, ამაზე რომ ვფიქრობ, მბურძგლავს. თურმე შესაძლებელია, რომ 21-ე საუკუნეში არსებობდეს მონა, რომელიც შეიძლება გაყიდო, იყიდო და რაც გინდა, ის გაუკეთო”, - ამბობს გურამ წიბახაშვილი.

დანა პოპამ ფოტოპროექტი ”not Natasha” 2006-2008 წლებში გააკეთა და მასში აღწერილია სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების ისტორიები. ეს ამბები ფოტოგრაფმა იმ ქალებისგან მოისმინა, რომლებმაც მოახერხეს თავი დაეღწიათ სექსუალური მონობისთვის. როგორც დანა პოპა წერს, ამ პროექტში მათი გაუპატიურების, ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ისტორია ცოცხლდება.

ნესტან ნიჟარაძე

ნესტან ნიჟარაძე

ფოტოფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე, მეუბნება, ამ გამოფენის მთავარი მისია საზოგადოებისთვის თვალის ახელა არისო:

”საქართველოში, საბედნიეროდ, ქალებს სიმღერის უფლება აქვთ, მაგრამ ირანში ამის უფლება არ აქვთ. ესეც ხომ დამაფიქრებელია, რომ სადღაც ვიღაცას არ აქვს საჯაროდ სიმღერის უფლება. ტრეფიკინგის მსხვერპლები ხომ გვყავს საქართველოშიც? ის ისტორიები, რომლებიც ჩვენ გვეჩვენება, რომ არის სადღაც შორს, სინამდვილეში, ეს ისტორიები შორს არ არის, ეს ისტორიები ჩვენთან არის. უბრალოდ, ძალიან ხშირად ჩვენ არ გვინდა, რომ ამას გავუსწოროთ თვალი. ფოტოგრაფიას კი შეუძლია ეს ყველაფერი ახლოს მოიტანოს, დაგიდოთ თვალწინ ისეთი რამ, რომელიც, აი, აქვეა, მაგრამ თქვენ იმას ვერ ხედავთ”.

ფოტო და ფოტოს მინაწერი - ეს არის თანამედროვე ფოტოგრაფია, მიხსნის ფოტოგრაფი ლელი ბრაგონრავოვა. მისთვის, როგორც ფოტორაფისთვის, ამ კუთხითაც საინტერესო გამოდგა სამი ფოტოგრაფის გამოფენა აბანოთუბანში. ფოტო ტექსტს ითხოვს, ამბობს ლელი:

”ტექსტში არის ის იდეა, რომელსაც ვიზუალი ვერ იტევს და რაკი ფოტოს ტექსტი ახლავს თან, ე.ი. ის უნდა წავიკითხოთ და აღმოვაჩენთ, რომ ეს არის ფოტოგრაფის მიერ შესრულებული კომპლექტი - ფოტოს დამატებული მინაწერი. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩავუარო ფოტოს, შევხედო და მინაწერი არ წავიკითხო. ეს დრო წავიდა, როცა ფოტოგრაფი სათქმელს მხოლოდ ფოტოთი ამბობდა. დღეს ფოტო ტექსტს ითხოვს”.

ერთ-ერთ ასეთ მინაწერთან დგას ნინო გამისონია, დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის წევრი. ამ გამოფენამ კითხვები უნდა გააჩინოს, მეუბნება ის და იქვე ერთ გავრცელებულ და გულდასაწყვეტ შეკითხვას შემახსენებს, რომელიც, მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში, ხშირად ისმის:

”ყოველთვის ისმის შეკითხვა, რა პრობლემები აქვს ქალს ან ვინ შეზღუდა მათი უფლებები. მსგავსი გამოფენების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ გამოფენილი 100 ფოტოდან ერთმა მაინც რომ გაგიჩინოს კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის ძიება დაიწყო, ეს უკვე პროგრესია და მიზანიც მიღწეული იქნება”.

აკრძალული სიმღერა, გაყიდული საცოლე, შიშველი მკერდი უფლებებისთვის - ეს ერთი ფოტოგამოფენის მოკლე დახასიათებაა... გამოფენის მისია შესრულებულია. ხვდები, რომ ფოტოებს მიღმა რჩება მთელი სამყარო, თავისი პრობლემებით, რომელსაც ფოტოობიექტივი ყოველთვის ვერ დაიტევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG