Accessibility links

ფოტოგრაფების საქმის გამოძიება განახლდა


ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან. 2011 წლის 14 ივლისი

ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან. 2011 წლის 14 ივლისი

„ფოტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მეორე დღეა, პროკურატურაში დაკითხავენ ფოტოგრაფ გია აბდალაძეს, რომელმაც ზურაბ ქურციკიძესთან, ირაკლი გედენიძესა და ნათია გედენიძესთან ერთად 2013 წელს განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს საქმისათვის საიდუმლო გრიფის მოხსნისა და ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს, ერთი ადგილობრივი გაზეთისა და ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პირობითი მსჯავრით ისინი მალევე გაათავისუფლეს. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ პირობითი მსჯავრი მოეხსნათ, თუმცა სიმართლის დადგენის მიზნით ისინი პროკურატურისგან საქმის გამოძიებას მოითხოვენ.

ჩვენების მისაცემად საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ფოტოგრაფი გია აბდალაძე პროკურატურაში 2 დღის განმავლობაში რამდენიმე საათით იმყოფებოდა. დაკითხვისა და გამოძიებისთვის საინტერესო დეტალების თაობაზე ის არაფერს ამბობს, თუმცა იმედი აქვს, რომ გამოძიება მათ უდანაშაულობას დაადგენს:

„იმედია, რომ რეალური სურათი გახდება ცნობილი, პირველ რიგში, ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც, თუ რამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ, უდანაშუალო ადამიანები, ამ მუხლით გაგვასამართლეს“.

ეს მოთხოვნები იყო ძიების დაწყება იმაზე, რაზეც მათ მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ამ საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, რათა საზოგადოებისთვის ცნიბილი გახდეს რეალურად რაში ედავებოდნენ ამ პიროვნებებს...

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს EPA-ს ფოტოგრაფის ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში ჯერ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. 2013 წელს ზურაბ ქურციკიძემ და ირაკლი გედენიძემ, ნათია გედენიძემ და გია აბდალაძემ გამოძიებას სამი ძირითადი მოთხოვნით მიმართეს:

„ეს მოთხოვნები იყო ძიების დაწყება იმაზე, რაზეც მათ მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ამ საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, რათა საზოგადოებისთვის ცნიბილი გახდეს რეალურად რაში ედავებოდნენ ამ პიროვნებებს და, მესამე, ეს პიროვნებები ასახელებდნენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ მიმართ ხდებოდა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, იმ მიზნით, რომ მათ თავის თავზე დაებრალებინათ, ვითომდა მათ ჩაიდინეს დანაშაული სახელმწიფოს წინაშე“.

დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს სიმართლე და გამოირკვეს პირთა ის წრე, ვისი განკარგულებითაც მოხვდნენ ისინი ჯაშუშობის ბრალდებით ციხეში:

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი რამ: ვიყავი ერთ-ერთ გადაღებაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან იყო პროვოკაცია ჩემ მიმართ, რომ მე ვარ ჯაშუში და ა.შ., და კარგია, რომ ეს გამოძიებული იქნება, გაირკვევა სიმართლე და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“.

ერთადერთხელ, როცა დავინტერესდი სისხლის სამართლის საქმით და ეჭვი გამოვხატე, ეს იყო ფოტოგრაფების საქმე. იმიტომ დავინტერესდი, რომ ჩემი პირადი ფოტოგრაფი დააკავეს და დღემდე ეჭვები მაქვს...

4 ფოტოგრაფი 2011 წლის ივნისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საქმეზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო საზოგადოებამ ვერ გაიგო, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად დაკავებულებს. რამდენიმეკვირიანი პატიმრობისა და ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ბრალის აღიარების სანაცვლოდ ისინი საპროცესო გარიგებით გაათავისულეს. მოგვიანებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ სასამართლომ პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოუხსნა.

2014 წელს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა მისი პირადი ფოტოგრაფის დაკავების ფაქტს და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას ეჭვი გამოთქვა, რომ „საქმე მთლად სუფთად“ არ იყო წარმართული:

„ერთადერთხელ, როცა დავინტერესდი სისხლის სამართლის საქმით და ეჭვი გამოვხატე, ეს იყო ფოტოგრაფების საქმე. იმიტომ დავინტერესდი, რომ ჩემი პირადი ფოტოგრაფი დააკავეს და დღემდე ეჭვები მაქვს, რომ იქ ბოლომდე მთლად სუფთად არ იყო ყველაფერი გაკეთებული, მაგრამ ისიც ეჭვის დონეზე დავინტერესდი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ფოტოგრაფები მაშინ 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების გამო დაისაჯნენ, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამ ფოტოებიდან შეიტყო საზოგადოების ფართო წრემ ის, თუ რა ხდებოდა რეალურად იმ ღამით რუსთაველის გამზირზე. ალეკო ცქიტიშვილის სიტყვებით, ეს ფოტოგრაფები თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო დააკავეს და ისინი იყვნენ სინდისის პატიმრები:

„ამ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს ნაბიჯიც არ გადაუდგამთ იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა რეალურად და ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ ფოტორეპორტიორები დააპატიმრეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავიანთ საქმიანობას ასრულებდნენ. რეალურად ეს იყო შეთითხნილი ბრალდება, რაც ჰქონდათ წაყენებული, თითქოსდა ისინი ჯაშუშები იყვნენ. ეს, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია“.

გამოძიების დასრულებამდე მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. ფოტოგრაფები ვარაუდობენ, რომ გამოძიება მალე დასრულდება და შემდეგ უკვე სასამართლო მათ უდანაშაულობას დაადგენს.

XS
SM
MD
LG