Accessibility links

logo-print

მანუელ ვალსი: „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეიძლება ქიმიური იარაღიც გამოიყენოს


მანუელ ვალსი

მანუელ ვალსი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა გააფრთხილა საზოგადოება ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული განცხადება ვალსმა პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს გააკეთა და დასძინა, რომ „არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

მაშინ როცა საფრანგეთის ანტიტერორისტული ძალები აგრძელებენ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის ცოცხლად გადარჩენილ ორგანიზატორთა მოძიებას და დახოცილ თვითმკვლელთა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებას, საფრანგეთის ხელისუფლება ექსტრემისტებისგან მომდინარე ახალი შესაძლო საფრთხის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. კერძოდ, ლაპარაკია ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე, რაზეც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ისაუბრა 19 ნოემბერს, საფრანგეთის საკანომდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

„ახალია ის მეთოდი, რომლითაც ტერორისტები მოქმედებენ და რომლითაც ყოველ ჯერზე ავითარებენ თავდასხმებსა და მკვლელობებს. თავდასხმების ორგანიზატორთა შემზარავი წარმოსახვა უსაზღვროა. ისინი ერთდროულად ყველანაირ საშუალებას იყენებენ: შეტევით იარაღს, თავის მოკვეთას, თვითმკვლელ მოიერიშეებს თუ დანებს. თანაც ამჯერად საველე მეთაურები და ცალკეული ინდივიდები, რომლებიც ამას აკეთებენ, განსაკუთრებით კარგად არიან ორგანიზებულნი. ამიტომ დღეისათვის არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და როცა ამას ვამბობ, მესმის, რომ აუცილებელია წინმსწრები ზომების მიღება, რადგან მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ არსებობს ასევე ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე“.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განკარგულების საფუძველზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს 13 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც პარიზში მომხდარ ტერაქტებში 129 კაცი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაიჭრა. თუმცა, ტერაქტის საფრთხე რომ არ მოხსნილა, ამას ოთხშაბათს მომხდარი ინციდენტიც მოწმობს,

18 ნოემბერს საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ რეიდი განახორციელა პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოკლეს ერთი ეჭვმიტანილი, კიდევ ერთმა კი, ქალმა, თავი აიფეთქა. დაიჭრა ხუთი პოლიციელი.

„ვინაიდან არსებობს ტერორიზმის საფრთხე, ვინაიდან ჩვენი თანამემამულეები მოგვიწოდებენ, გავაკეთოთ ყველაფერი მათ დასაცავად, ვინაიდან ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ ეფექტიანად, ამიტომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ქვეყნის ფარგლებში და ასევე საზღვარგარეთ მდებარე საფრანგეთის ტერიტორიებზე. ჩვენ თქვენ, ფრანგ კანონმდებლებს, გადასაწყვეტად გთავაზობთ კანონპროექტს, რომელიც სამთვიან პერიოდს ითვალისწინებს. ეს ვადა შესაძლებლობას მოგვცემს, კანონმდებლობის დაცვით გავააქტიუროთ ძალისხმევა ტერორისტების ქსელის გასანადგურებლად, რაც ერთადერთ საშუალებას წამოადგენს ამ ქსელის გასანეიტრალებლად“, აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტერორისტთა ქსელის განადგურების თაობაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსულა ოლანდმაც.

„ჩვენ დაუნდობელი უნდა ვიყოთ ძალადობის მიმართ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ არანაირი ქსენოფობია, ანტისემიტური თუ ანტიმუსლიმანური მოქმედება“, - კიდევ ერთხელ გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ამ თვეში აპირებს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებთან შეხვედრას, რათა ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინთან ერთად ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG