Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე


9-13 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და განახლებული პროგრამით წარდგება. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოდან ჩასული 15 მწერალი მიიღებს, წიგნის 400 000-მდე მოყვარულს კი საქართველოს წიგნის ბაზრის შესახებ შთაბეჭდლებას ქვეყნის 25-მდე გამომცემლობის უახლესი გამოცემები შეუქმნის. საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა- ფშაველას სამი ცნობილი პოემის ფრანგული, გერმანული და ინგლისური თარგმანებიც გამოიცა.

ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი 9-დან 13 ოქტომბრამდე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მოიყრის თავს. შეხვედრის მიზეზი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაა, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მონაწილეობს.

„წელს ჩვენი სტენდი არის წიგნებით ბევრად მდიდარი, ვიდრე წინა წლებში. საინტერესოა, რომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა, რამდენიმე უცხოელი მოვიდა ჩვენთან და ვაჟა-ფშაველა იკითხა. ჩვენდა სამარცხვინოდ, მაშინ არ გვქონდა ვაჟა-ფშაველა. რომ ჩამოვედით, თარგმანები მოვიძიეთ და გამოვეცით მისი ცნობილი სამი პოემა ფრანგულად, ინგლისურად და გერმანულად. ცხადია, მის გვერდით მიგვაქვს თანამედროვე ქართული ლიტერატურაც, რაც დასტურია იმისა, რომ დინამიკა ქართულ ლიტერატურაში დაკარგული არ არის“, განაცხადა 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.

მაგალითად, წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ქართველი ავტორის ნაწარმოები გამოიცა საზღვარგარეთ, პრეზენტაციები კი დაიგეგმა იმ მწერლებისა, ვისი ნაწარმოებებიდანაც ფრაგმენტები ვთარგმნეთ. ეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრებია...
დეა მეტრეველი
წელს საქართველოდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში 15 მწერალი მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია ცხრა პრეზენტაცია, ქართველი ავტორების საჯარო კითხვა, გერმანიაში გამოცემული თანამედროვე მწერლების წიგნების პრეზენტაციები. კულტურის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამების ხელმძღვანელი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველო უკვე თითქმის ათი წელია ფრანკფურტის წიგნის გამოფენაში მონაწილეობს:

„შედეგიც აღსანიშნავია. მაგალითად, წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ქართველი ავტორის ნაწარმოები გამოიცა საზღვარგარეთ, პრეზენტაციები კი დაიგეგმა იმ მწერლებისა, ვისი ნაწარმოებებიდანაც ფრაგმენტები ვთარგმნეთ. ეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრებია“.

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია გვეუბნება, რომ ამ მოვლენისათვის საგანგებოდ ითარგმნა ნაწყვეტები ირაკლი სამსონაძის რომანიდან „ყურთბალიში“. უცხოელი მკითხველის წინაშე „ინტელექტი“ამ ნაწარმოებითაც წარდგება:

„საგანგებოდ ითარგმნა ფრაგმენტები ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებიდან „ყურთბალიში“, რომელიც იქაური მკითხველის წინაშე წარდგება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს მცირე რომანი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია“.

„ინტელექტმა“ და სხვა გამომცემლობებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სპეციალური კატალოგიც მოამზადეს, რომელშიც თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები შევიდნენ. კატალოგში მათი ბიოგრაფიები და მათივე ნაწარმოებებიდან თარგმნილი ნაწყვეტებია შესული.
რაც შეეხება დაგეგმილ პრეზენტაციებს, წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს სახელით წარმოდგენილი იქნება გერმანულად ნათარგმნი წიგნები - ბესო ხვედელიძის „თაგვის გემო“ და ანა კორძაია-სამადაშვილის „მე, მარგარიტა“; ჩატარდება ბონდო მაცაბერიძის გამოცემული „თანამედროვე ქართული ზღაპრების“ პრეზენტაცია, ასევე გაიმართება „ახალგაზრდულ ლიტერატურაში გერმანიის ეროვნული პრემიის“ დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც წარდგენილნი არიან თამთა მელაშვილი და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი რომანით „გათვლა“; ზურაბ ქარუმიძე, კოტე ჯანდიერი, თეონა დოლენჯაშვილი, ნატო დავითაშვილი, ირაკლი სამსონაძე მიიღებენ მონაწილეობას საჯარო კითხვაში „პოლიფონიური ქართული პროზა“.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილ დისკუსიაში „ქართული პოეზია საბჭოთა დროიდან დღემდე“ გიორგი კეკელიძესა და დავით მაღრაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ზვიად რატიანიც.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს, მასში ასიათასობით დასახელების წიგნია წარმოდგენილი, მათ გვერდით ქართულიც, რომელთა ნახვის და შეფასების შესაძლებლობაც ამ უდიდესი ფორუმის სტუმრებს 9-დან 13 ოქტომბრამდე მიეცემათ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG