Accessibility links

ქალზე ძალადობა და „სხვის საქმეში ჩაურევლობის“ სინდრომი


ავტორი: თამარ კურატიშვილი

რატომ უნდა მომწონებოდა, კლასელი ბიჭები თმას რომ მქაჩავდნენ, ყველაზე მძიმე წიგნს მირტყამდნენ თავში და კალმის ჩარჩოდან დახვეულ ქაღალდებს მაფურთხებდნენ, ვერ ვხვდებოდი. სამაგიეროდ, ჩემი თანატოლი გოგონების უმრავლესობა ხვდებოდა, რომ თუკი მის მიმართ ბიჭი ამგვარ ქცევას გამოხატავდა, აუცილებლად, მასზე იყო შეყვარებული. ამ გოგოსაც ამ სიყვარულის სახელით, მედგრად ეჭირა თავი_წიგნის ბრაგუნი იქნებოდა, ნაფურთხი ქაღალდის ნაკუწებით გადათეთრებული თმა,თუ დერეფანში კედელთან აყუდება და იატაკზე ფორთხვამდე ღიტინი,­­_მოთმინებითა და პირზეაკრული ღიმილით იტანდა.

მას შემდეგ, რაც იატაკზე სუნთქვაშეკრულ სატრფოს შეეშვებოდა ბიჭი, ახლა ძალებაღდგენილი გოგო წამოხტებოდა და მწვალებლისთვის ჩასარტყამად გაექანებოდა. ამ ჩარტყმის საპასუხოდ ბიჭი დაუმორჩილებელ სიყვარულს კიკინაში წაავლებდა ხელს და რამდენიმე მეტრზე მოითრევდა.

მოთმინება კავკასიელ ქალს დაბადებიდან მოსდგამს და სიკვდილის ფასადაც უჯდება. რა არის გასაკვირი იმაში, რომ ასე აგურ-აგურ ნაშენები ურთიერთობის მერე ძალადობა დერეფნიდან სახლში ინაცვლებს, ოღონდ ახლა დანებით, ცელებით, ნაჯახით და ქალსაც, ვითომ სიყვარულისა თუ ოჯახის სიწმინდის სახელით ჰგონია_“მოთმინებითა შენითაო“.

ქალთა უფლებების დამცველს რომ ჰკითხო, გეტყვის, ქართველ კაცს ქალის ჩაგვრა ოდითგან მოსდევსო და ყველაფერს ტრადიციას დააბრალებს, თითქოს ქალთა ცემა-ტყეპა ჩვენი ერის მენტალობის ძირძველი პრობლემა ყოფილა. ტრადიცია კი რამდენადაა დამნაშავე პოლიტიკურ ლიდერებზე კამათისას ცოლსა და ქმარს შორის შეხლა-შემოხლაში და ამას მოყოლილ წივილ-კივილში მეზობლების ჩართვაში, არ ვიცი, რადგან დიდი პოლიტიკური ისტორია აქვს ამ ქვეყანასო, ვერ იტყვი.

ქართველი კაცის მენტალობაში კი ქალის პატივისცემა ერთ-ერთი გამორჩეული ღირსებათაგანი რომ იყო, აგერ 70-იანების მიწურულს რევაზ ინანიშვილმა გითხრა ნოველით_“ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!“_ სადაც სრულიად უცხო ვიტგენშტეინის დასანახად, „ყვავმა“ „ გენერალმა ჩახრილ ქალს უადგილო ადგილზე მიუწკაპუნა ხელი“ და მიუხედავად ამ უცნობობისა, ვიტგენშტეინისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მის თვალწინ, თუნდაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალის დამცირება.

„_უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მეტი თავშეკავებულობა გამოგეჩინა, გენერალო?“ _და გამოესარჩლა ქალს ვიტგენშტეინი.

„_ეს როგორ?

_მე, მამაკაცი, ვიდექ თქვენს გვერდით!

_მამაკაცი?_გაეღიმა დაბნეულს.

ვიტგენშტეინმა მოწყვეტით სტკიცა სილა.

_პირველსავე სადგურში ჩავალთ და ვესვრით ერთმანეთს.

_ის ქალი ...იმ ქალის გულისათვის არ ღირს.

_მე არ ვიცი ეგ.

_თანაც ნაომოვი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვსვამ!

_მით უკეთესი თქვენთვის.

_ მე თქვენ უთუოდ მოგკლავთ.

ვიტგენშტეინმა აღარაფერი უპასუხა. თავის კუპისაკენ წავიდა.

–რენკონტრ? –იკითხა გენერალმა.

–რენკონტრ.

...და ვიტგენშტეინი დუელით ასრულებს თავის სიცოცხლეს იმ ქალის ღირსების დასაცავად, რომელსაც არც კი იცნობს.

ალბათ, ვიტგენშტეინი ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ვაკის პარკში ვინმე არასამთავრობოს წარმომადგენელი ექსპერიმენტით შეეცდებოდა კაცის ღირსების შემოწმებას და ალბათ, არც ვიტგენშტეინი ჩაუვლიდა ისე გულგრილად იმ ექპერიმენტულ წყვილს, სადაც მამაკაცი ქალს სიტყვიერადაც უსწორდება და ფიზიკურადაც, მაგრამ იმ დღეს ძალიან ბევრმა ქართველმა ჯეელმა ჩაუარა მათ ღიმილით სახეზე.

ასეთი სიმახინჯით დაიწყო ჩვენში „ფასეულობათა გადაფასება“ და არა ქალის მიმართ ტრადიციული მოწიწების შენარჩუნებით.

თვითმარქვია დათა თუთაშხიები კი თავის მართლებას მოჰყვებიან _ „არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემ საქმეში“_და დაიმოწმებენ ჭაბუა ამირეჯიბს. . . მაგრამ რა ვუყოთ, რომ მასწავლებელს გაკვეთილზე აღარ გაუგრძელებია, რა მოუტანა დათას ამ „სხვის საქმეში ჩაურევლობამ“, რომ სწორედ ამის შემდეგ აიყარა გული ხალხმა დათაზეც და თუ ვინმე ერთგული და ჭირში ხელის შემწყობი ჰყავდა შემოეფანტ-შემოეკარგა ყველა.

თუ რამე პრობლემა გვაქვს ქვეყანაში,მათ შორის ყველაზე მწვავე,სწორედ ეს ''სხვის საქმეში ჩაურევლობის'' სინდრომია. ჩაურევლობისა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების ურთიერთობაში, რომელიც უფრო წეწვა-გლეჯას ჰგავს, ვიდრე ურთიერთობას. მსგავსი წეწვა-გლეჯვა გვაქვს დღეს ყველგან, _პარლამენტია-ოჯახია-ავტობუსია_ სულერთია. საზოგადოებაში მოძალადეობის სურვილია დაგროვილი და ეს მხოლოდ კაცების ბრალი არ უნდა იყოს._ რას იტყვი ამაზე შენ, რომელსაც ამ აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე არ გიფიქრია, ან კი რად გინდოდა ფიქრი, განა, აქ არაა ტრადიცია, რომელიც, მართლაც რომ, ტლაპოდ გაუხდია ერს?! ისვარე-აწმინდე ხელი ტრადიციებს და ნურც შენ ჩაერევი ხალხის საქმეში, იჯექი ოფისში და წერე მოსაზრებები, გაეცი ინტერვიუები,_ როგორი ხელისშემშლელია, თურმე, ტრადიციები დემოკრატიული ქვეყნის შენებისთვის, როგორი ტრადიციულად ქალზეძალადობამოყვარული ერი ვართ. ნუ გაიხსენებ იმასაც, რომ სანამ, დღეს უკვე განვითარებული, მსოფლიო არჩევნებში ქალის მონაწილეობისათვის იბრძოდა, ჩვენ ქალი პოლიტიკოსი გვყავდა. დღეს რომ ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლიაო, გაიძახი, დღეს ყოველი ადამიანიც ძალადობის მსხვერპლია და ქალებად-კაცებად-ბავშვებად-მოხუცებად დაყოფა ფუნდამენტურად აღიარებული უფლებების მიხედვით, არც თუ სახარბიელო ტონია. ძალადობის ტრადიციების ფონზე განხილვაც, მაინცდამაინც, კარგი გადაწყვეტა იყოს, არამგონია. . .

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG