Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიული საზოგადოების ეთნო-რელიგიური მრავალფეროვნება, როგორც ასადის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის მიზეზი


ავტორი: არჩილ ყველაშვილი

2013 წლის 27 სექტემბერს გაეროს უშიშრეობის საბჭოს მიერ მიღებული 2 118-ე რეზოლუციით მიღწეულ იქნა შეთანხმება სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების თაობაზე. ათწლეულების მანძილზე სირიის უმთავრესი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის იარაღის ფლობაზე ხელის აღებით, რომლის ძირითადი ფუნქციაც ისრაელის შეკავება იყო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ოპტიმალურად მომგებიანი ნაბიჯი გადადგა და მოხერხებულად აიცილა დასავლეთის ჩარევა, რაც მეტად სათუოს გახდიდა რეჟიმის გადარჩენას. შექმნილ ვითარებაში, მეამბოხე პარტიზანების წინააღმდეგ ასიმეტრიულ ბრძოლაში, რომლებთან გამკლავებასაც რეჟიმი კონვენციური შეიარაღებითაც მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებს, ქიმიური იარაღის ფლობა-არფლობა, რომელიც უფრო მასშტაბური, კონვენციური ხასიათის საბრძოლო ოპერაციებში გამოსაყენებლად იყო გამიზნული, ბევრს არაფერს ცვლის. სამაგიეროდ, ოფიციალურ დამასკოს საერთაშორისო ნორმების დამცველ ძალად წარმოაჩენს და სირიის შიდა კონფლიქტში ნებისმიერი მესამე ძალის ჩარევის გამართლებას ართულებს. ქიმიური იარაღი ამ შემთხვევაში სირიის რეჟიმისთვის უკვე ზედმეტ თავის ტკივილად იქცა, რომელიც შეიძლება გარეშე ძალის ინტერვეციის მიზეზი გამხდარიყო.

ზემოთხსენებულმა დიპლომატიურმა გარღვევამ ერთგვარი ილუზიური განწყობა შექმნა საერთაშორისო საზოგადოებაში ასადის რეჟიმის მიმართ, რომელიც ქიმიური განიარაღების პირობებში უკვე გარკვეულ თანამშრომლობით დამოკიდებულებაში იმყოფება გაეროსთან. უცხოური ინტერვენციის წამოწყება ამ თანამშრომლობის პირობებში კიდევ უფრო არარელევანტურად და ნაკლებად მოსალოდნელად გამოიყურება. მიღწეული შეთანხმება თითქმის არაფერს ცვლის ადგილზე, სირიაში, სადაც საომარი მოქმედებები კვლავინდებური ინტენსივობით მიმდინარეობს და ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბები კიდევ უფრო იზრდება.

2012 წლის მიწურულიდან 2013 წლის აპრილამდე ამბოხებულების მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების პირობებში, ბევრი ანალიტიკური ორგანო პროგნოზირებდა ასადის მმართველობის უახლოეს ხანებში დამხობას, მაგრამ ბოლო თვეებში სამთავრობი ძალების და ლიბანური ჰეზბოლას კონტრ-იერიშებმა და რევანშმა გამოაშკარავა რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა, შეიარაღებული კონფლიქტის სამომავლო სცენარი კი კიდევ უფრო საჭოჭმანო და ბუნდოვანი გახადა. სირიის სამოქალაქო ომის შიდა დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ კონფლიქტი შესაძლოა დროში დიდხანს გაიწელოს, როგორც ეს მოხდა მეზობელ ლიბანში 1970-80-იანი წლების ხანგრძლივი სამოქალაქო ომის დროს. სირიის კონფლიქტის „ლიბანიზაციის“ ვერსიას ამყარებს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ეს ომი უფრო და უფრო ემსგავსება ეთნო-სექტარულ კონფლიქტს. სირიის კონფლიქტი უკვე აღარ არის ბრძოლა მხოლოდ რეჟიმსა და მეამბოხე დაჯგუფებებს შორის, არამედ ადგილი აქვს ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით მოსახლეობის მილიტარიზებას და ურთიერთდაპირისპირებას. უფრო კონკრეტულად, ასადის რეჟიმი მოხერხებულად იყენებს სირიული უმცირესობების შიშსა და უნდობლობას სუნიტი ამბოხებულებისადმი და ეწევა ალავიტების, ქრისტიანების, დრუზების და სხვა უმცირესობების წარმომადგენლებისგან პარამილიტარული ფორმირებების ჩამოყალიბებას, რომელთა ძირითად ფუნქციასაც თავიანთი დასახლებების ამბოხებულებისგან დაცვა წარმოადგენს. ეს ფორმირებები ცნობილნი არიან ლიჯან შაბიიას, სახალხო კომიტეტების სახელით. სახალხო კომიტეტები ლოკალურ დონეზე მოქმედი დაჯგუფებებია, რომლებიც სამეზობლოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და მოგვაგონებენ ჰაფეზ ალ-ასადის მიერ მუსლიმური საძმოს ამბოხების დროს ჩამოყალიბებულ პარამილიტარულ სახალხო ორგანიზაციებს. ამა წლის დასაწყისში მთავრობამ, ირანელების დახმარებით, სახალხო კომიტეტებისგან დაიწყო უფრო ბრძოლისუნარიანი მილიციის - ეროვნული თავდაცვის ძალების (ქუვატ ად-დიფაა ალ-ვატანი) ჩამოყალიბება, მათი უკეთესად გაწვრთნა და აღჭურვა. გარდა ამისა, სირიში მოქმედებს კიდევ ერთი ძლიერი პრო-სამთავრობო დაჯგუფება, ე. წ. ხალხის არმია (ჯაიშ ალ-შაბი). თუმცა, ამბოხების დაწყებიდანვე სისასტიკითა და აქტიურობით ყველაზე ფართოდ ცნობილნი გახდნენ პრო-სამთავრობო გასამხედროებული მილიციის, შაბიჰას წევრები. შაბიჰა უფრო ორგანიზებული კრიმინალური პროფილის მატარებელი ფორმირებაა, რომელიც ხელისუფლების მფარველობით სარგებლობს ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული. შაბიჰას წევრების ძირითადი საქმიანობა კონტრაბანდა და სხვა უკანონო აქტივობები იყო. ორგანიზაციის განსაკუთრებული კონსოლიდაცია მოხდა 1980-იან წლებში. მისი წევრები უმთავრესად მოსახლეობის დაბალი ფენებიდან არიან გამოსულნი. მათი უმრავლესობა ალავიტია, თუმცა არა მარტო. შაბიჰას ხელმძღვანელები და ფინანსური დონორები, ტრადიციულად, ასადის ნათესავები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ წარმართავდნენ უკანონო, ძირითადად კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ბიზნეს-საქმიანობებს. თუმცაღა ითვლება, რომ არსებობს სუბორდინაციის პრობლემები და რეჟიმს სრულყოფილი კონტროლი შაბიჰას ბანდების მოქმედებებზე არ აქვს. მთლიანობაში, რადგან შაბიჰას წევრების უმრავლესობა ალავიტია, ჩადენილი დანაშაულებების გამო უაღრესად არიან დემონიზებული სუნიტურ მოსახლეობაში და ალავიტური რეჟიმის დამხობის შემთხვევაში ამბოხებულების შურისძიება ელით, ასადისადმი ერთგულება მათთვის უალტერნატივო არჩევნად რჩება.

იგივე შიძლება ითქვას სირიული საზოგადოების იმ ნაწილზე, იმ ეთნო-რელიგიურ უმცირესობებზე, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილნი სუნიტებით დომინირებული ამბოხებისადმი. მოსახლეობის ამ ნაწილის პრო-სამთავრობო პოზიციები აიხსნება არა ცალსახა ბრმა ერთგულებით ასადისადმი, არამედ მათი შიშით სუნიტური უმრავლესობის რევანშისადმი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მმართველი უმცირესობის, ალავიტების დომინირების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამბოხებულებში რადიკალი ისლამისტების გაძლიერება და მათი ქმედებები კიდევ უფრო ავის მომასწავლებელია სირიული უმცირესობებისთვის და უბიძგებს მათ უსაფრთხოების მიზნით რეჟიმს ამოუდგნენ გვერდში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასადის მთავრობას საკმარისი სამხდრო-პოლიტიკური დასაყრდენი გააჩნია ქვეყნის შიგნით მცხოვრები ლოიალურად განწყობილი უმცირესობების სახით, რომელთა მილიტარიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მოსახლეობის ეს სეგმენტი პოტენციური საბრძოლო რესურსია რეჟიმისთვის. მათი მობილიზაციისა და გასამხედროებისთვის საჭირო რესურსების მოძიება უცხოელი მოკავშირეების (ირანი, ჰეზბოლა, ერაყელი შიიტები) შემწეობით, ასადის რეჟიმს, როგორც ჩანს, არ უჭირს. უცხოელი დონორები სირიაში მოქმედ ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებს საკმაოდ ყავთ, რაც რომელიმე მხარის მიერ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შანსებს ამცირებს და კონფლიქტს აჭიანურებს. რელიგიური ნიშნით (ალავიტები სუნიტების, ქრისტიანები სუნიტების წინააღმდეგ) მოსახლეობის დაპირისპირებას სირიის კონფლიქტი ანტი-სამთავრობო ამბოხების ლიანდაგებიდან ეთნო-სექტარული სამოქალაქო ომის ლიანდაგებზე გადაჰყავს. ამ შემთხვევაში თვით პრზიდენტ ასადის ფიგურაც კარგავს გადამწყვეტ მნიშვნელობას, - კონფლიქტი მოსახლეობის გადამტერებულ ჯგუფებს შორის ალბათ მისი შესაძლო სიკვდილის შემდეგაც ინერციით გაგრძელდება. ასადის დამხობამ შესაძლოა გზა გაუხსნას უფრო ქაოსურ და ძალადობრივ კონფლიქტს, რომელიც გასცდება სირიის საზღვრებს და რეგიონულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ასე რომ, აშკარად გამოკვეთილია იმის ნიშნები, რომ კონფლიქტი სირიაში დროში ხანგრძლივად შეიძლება გაიწელოს, თუ არ მოხდა მესამე ძალის ხისტი ჩარევა ან დიპლომატიური გარღვევა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დიპლომატიური გამოსავლის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იანვარში დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებების სამომავლო შედეგებს ბოიკოტს უცხადებს სირიაში მებრძოლი მეამბოხე დაჯგუფებების, - როგორც ისლამისტების, ისე შედარებით ზომიერი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG