Accessibility links

logo-print

უშვილობის პრობლემა (II ნაწილი)


ავტორი: ეკატერინე სოხაძე

(I ნაწილი იხ. აქ)
საბოლოოდ რას ვღებულობთ - ერთის მხრივ არაჯანსაღი ადამიანი (ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანი არც არსებობს, მაგრამ ასეთი პირობები კიდევ უფრო ზრდის დაავადებულთა რიცხვს), რომელიც არც კი ინტერესდება საკუთარი ჯანმრთელობით, რადგანაც მისი დაავადებები "კომფორტულ" სიმპტომებს არ სცილდება, ხოლო მეორეს მხრივ მედიცინა, რომლისთვისაც ის პატარა ნიშნები, რაც მას უკვე აქვს, ახალი "ნორმის" ფარგლებშია მოქცეული და რეაგირებას არ საჭიროებს. ასე ხდება დაავადების იგნორირება როგორც პაციენტის, ისე ექიმების მიერ, ამას დავამატოთ ის მავნე ჩვევები, რომლებიც ფაქტიურად მასობრივად არის მოდებული: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მოუწესრიგებელი სექსუალური კონტაქტები, ყოველივე ამას კიდევ ემატება ის რეალური კვების დეფიციტი, რომელიც ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს ამა თუ იმ ხარისხში, სტრესები და ემოციური დატვირთვები, ცხოვრების გადატვირთული რეჟიმი.

როდესაც ქალი შვილოსნობის ასაკს მიაღწევს, მასში უკვე საკმაო დარღვევები არის: დარღვეული აქვს სქესობრივი ორგანოების ფუნქციონირება, აქვს ქრონიკული დაავადებები, მრავალჯერადი ანთებები, ისევ და ისევ ინფექციებით გამოწვეული, ორგანიზმი ფაქტიურად სუსტია და მას აღარ შესწევს უნარი კიდევ ერთ და თანაც უდიდეს დატვირთვას - ფეხმძიმობას გაუძლოს. ასე ვითარდება მრავალი პრობლემა ადამიანების ორგანიზმში, რომლის დანახვაც ჩვენ არ გვინდა და თავს ჯანმრთელად ან უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემების მქონედ მივიჩნევთ მაშინ, როდესაც კატასტოფა ხდება ჩვენ ორგანიზმში.

ეს პრობლემები იმდენად გლობალურია, რომ მოითხოვს მრავალი საკითხის რეალურ გადახედვას, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და კონკრეტულად ქალის ჯანმრთელობასთანაც. რა არის გამოსავალი?

ნუთუ ლოგიკურია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს ყოველივე არ არის გასათვალისწინებელი და მივმართოთ მხოლოდ იმ გზას, რაც ხელოვნური განაყოფიერებაა? ხელოვნური განაყოფიერების ყველა უარყოფითი მხარის გათვალისწინებით, რომელზედაც თვალებს ვხუჭავთ?


ხელოვნური განაყოფიერება არ იწვევს არც დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, პირიქით, ასეთ ბავშვებში მეტია დაავადებების, მათ შორის გენეტიკური დაავადებების რისკი, ასეთი ბავშვები ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ფიზიკურ და ფსიქო-მოტორულ განვითარებაში.
ამასთან ერთად მწვავედ დგას პრობლემა არასასურველი ემბრიონების რედუცირებასთან დაკავშირებით, რაც ემბრიონის სიცოცხლის ხელყოფას გულისხმობს ანუ სიცოცხლის უფლება ეძლევა მხოლოდ ერთს ან ორს, როდესაც ნაყოფიერდება გაცილებით მეტი, ხოლო ცოცხალი ემბრიონების მოსპობა ასევე აზიანებს იმათაც, ვისი გაჩენაც არის სასურველი, აღარ ვსაუბრობ ამ პრობლემის მორალურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა ასპექტებზე.

რუსეთის მთავარმა პედიატრმა განაცხადა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვების 75% ინვალიდია. ამის გარდა, პედიატრი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერება ქალებს ფაქტიურად "ართმევს ჯანმრთელობას".

თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ხელოვნურ განაყოფიერებასა და აუტიზმის საშუალო ფორმებთან. მათ დაითვალეს, რომ 461 ბავშვიდან აუტიზმის დიაგნოზით 10,5% დაბადებულები იყვნენ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის გამოყენებით. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, რადგანაც აუტიზმის საერთო მაჩვენებელი ისრაელში არის 3,5%.

ცინცინატის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ხელოვნური განაყოფიერება ცვლის გენების ექსპრესიას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლიზმისთვის და ითხოვენ კვლევების გაგრძელების აუცილებლობას. მედიკოსებს ეშინიათ, რომ ბავშვებს "სინჯარიდან" აქვთ მეტაბოლური პრობლემების მომატებული რისკი, რაც ჰიპერტონიის და გლუკოზის დონის ზრდას განაპირობებს.
ასევე კვლევებმა დაადასტურა სერიოზული მეტაბოლური დარღვევები, პლაცენტაში გენების მუშაობასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში ემბრიონის სწორ ზრდას და განვითარებას ემსახურება.

ამრიგად ვფიქრობ ცხადია, რომ ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ძალიან ბევრ კომპრომისებს მოითხოვს, როგორც მომავალი მშობლებისგან, ასევე მედიკოსებისგან, მაგრამ შედეგიც შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს როგორც ნაყოფის, ისე დედის ორგანიზმისთვის. არა მგონია, რომ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები და სასურველია.

ხოლო რაშია გამოსავალი? თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს და კარგად დავფიქრდებით ამ პრობლემაზე, მივხვდებით, რომ აუცილებელია რაიმე ფორმით შევიტანოთ სამედიცინო განათლება საერთო საზოგადოებრივ დაწესებულებებში, გავზარდოთ ინფორმირებულობის დონე ქალთა კონსულტაციებში, გავზარდოთ თერაპიული სამუშაო კონსულტაციებში და არ იყოს იგი შემოფარგლული მხოლოდ ანალიზების აღებით, დაიწყოს საქართველოში პროფილაქტიკური მიმართულების სერიოზული განვითარება და ეკოლოგიური მეთოდების ფართო დანერგვა ყველა მიმართულებით და ბოლოს ვისწავლოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი არის ის, რაც ჯანმრთელობის ყველა პრობლემას მოხსნის. მაშ რაღას ვუცდით? გვინდა არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთოთ?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG