Accessibility links

logo-print
ავტორი: გიგა ქავთარაძე, ზუგდიდი

როგორ მოეფონება გულს, როცა შენთვის უცხო ადამიანი, შენს მშობლიურ ენაზე ორიოდე სიტყვას გეტყვის, შენ გრძნობ ის თუ როგორ უახლოვდება შენი ენის სამყაროს, როგორ ცდილობს წინადადება მშობლიურ ენაზე შემოგაწიოს, შენ ამ დროს სიყვარულით ივსები, მაღლდები ასეთი ადამიანების არსებობით. ამასთანავე, შენი ენა უფრო გიყვარდება, მისდამი სიყვარული გაორკეცებული ძალით მოგეახლება, შენი თავისადმი რწმენა გიძლიერდება, გიხარია არსებობა, სიცოცხლე. რადგანაც ვიღაც უცხომ, ქალმა თუ მამაკაცმა შენი გულის სიმებს ხელი შეახო და საამოდ ააჟღერა, შენი სულის სიღრმეს ჩასწვდა, შენდამი მოწიწება და პატივისცემა გამოხატა. რატომ ხდება ასე? რატომ ივსები ამ დროს შეუცნობი სიყვარულისა და სავსეობის უთბილესი გრძნობით? იმიტომ ხომ არა, რომ ენა ის ფენომენია, რომელსაც ხელმეორედ შეუძლია დაგაბრუნოს ბავშვობაში, ბებია და ბაბუას უთბილეს და უტკბილეს გარემოში, საიდანაც ყურში მუდმივად ჩაგესმის ჟამგადასული ხმები: “ბებიქ ქუგგალუ”, “სქანი გოლუაფირი”, “კუჩხი ბედინერი”, “მოზოჯით ნანა”…(ბებო შემოგევლოს, შენ შემოგევლე, ფეხბედნიერ იყავი, მობრძანდით დედა). ჩაგესმის შენი კბილა გოგო-ბიჭების წყლისპირას თამაშობის დროინდელი ხმები, გესალბუნება უძველესი თქმულებები, ლეგენდები, რაც კი ბალღობისას მოუყოლიათ უფროსებს.
ყველა ენა ასეა, ყველა ენას ჰყავს თავისი ტკბილი, უამესი ბებია და ბაბუა. ცუდი, უვარგისი ენა რომ არ არსებობს დედამიწაზე, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ჩემს მიერ ოდესღაც ათვალისწუნებული თურქული ენა ვისწავლე. კარგად მახსოვს, როდესაც მოგონილი, უაზრო სიტყვებით, რომელთაც არანაირი შინაარსი და სემანტიკა არ გააჩნდათ, ბავშვები ერთმანეთს ვაჯავრებდით, თანაც ნიშნისმოგებით და სიცილ–სარკაზმით ამ ბლა-ბლაზე ვამბობდით, რომ ეს ვითომ თურქული ენა იყო. არ გაგვეგებოდა, არ ვიცოდით. ვისწავლე ენა და მივხვდი, რომ მწარედ ვცდებოდი, შევიგრძენი რა ამ ენის სილბო, სიტკბო, სიფაქიზე. გავშრი, გავშეშდი. შემრცხვა საკუთარი თავისა და ჩემი იმ დროინდელი საქციელისა. გავითავისე რომ თავისი ენა ყველას ისე უყვარს, როგორც ჩვენ გვიყვარს ჩვენი, რადგან სისხლით ვუკავშირდებით, ამიტომაც ველოლიავებით. მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი თურქი ეროვნების ლექტორი, რომელიც თურქულს მასწავლიდა. სიამაყით იტყოდა ხოლმე თავისი ენის შესახებ, ჰარმონიული ენააო, საოცრად ტევადი და ფუნქციურად მოწესრიგებულიო. მიხსნიდა ამ ენის ღირსებებს, ცდილობდა ჩემთვის თავისი ენის სული, თავისი შინაგანი სამყარო ეჩვენებინა. სხვისი ენის, კულტურის სიყვარულია ადამიანობა, თორემ საკუთარს ყველა ესიყვარულება, ღვიძლი და მკვიდრი ყველაფერი უყვარს ადამიანს. უცხოსადმი გამოჩენილი ტოლერანტობა, მხარში ამოდგომა და სიყვარული ხდის ადამიანის არსებობის საზრისს, კაცობრიობის მომავალს უქმნის ნათელ წანამძღვრებს.
შენ, ჩემს ღვიძლ, მკვიდრ ნაწილს, რა დაგემართა დალოცვილო ისეთი, რომ ჩემი ენის მოსმენისას, რაღაც ელეთ–მელეთი დაგირბენს ტანში და უსიამოვნოდ შეგაჟრჟოლებს? ერთი სისხლის, გენის და ცნობიერების რომ ვართ, შენ უფრო კარგად არ უნდა ხვდებოდე ჩემს შიგნი–შიგან აღძრულ ტკივილებს, შენ უკეთ არ უნდა იგრძნო თუ როგორ მიყვარს მე ჩემი (ჩვენი) ენა? კარგი, თუ სიყვარული არ შეგიძლია, რომ არ შეიძულო, რომ არ გეზიზღებოდეს, ეს მაინც ხომ არის შესაძლებელი? რამდენი საუკუნეა ხმისჩახლეჩვამდე გავყვირით, ერთნი ვართ, ერთი ცნობიერება და ქვეყანა გვაქვს, ერთმანეთს უნდა შევეშველოთ სიხარულსა და გაჭირვებაში, მაგრამ არა, შენ მაინც ეჭვის თვალით მიყურებ, როდესაც ჩემი ენა გესმის, როდესაც მე ამ ენაზე ვუბნობ. მაშინვე სეპარატისტს მიწოდებ, მაშანტაჟებ, ამით კი გინდა დამაკომპლექსო, ჩემი ენისთვის ზურგი შემაქცევინო, ჩემი წინაპრების მიერ სისხლით დაცული ენა წამიბილწო. გინდა ჩემი დავკარგო და შენ დაგემსგავსო, შენნაირი გავხდე, შენს რელსებზე დავდგე. დალოცვილო, რელსები არ გინახავს, გზადაგზა ისევ ერთად რომ იკვრებიან, ერთმანეთს რომ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ რელსზე დავდგებით, თუ ჩვენი სამერმისო გზა ერთი იქნება, ის თუ ვიცით, რომ ჩვენი ნავთსაყუდელი სად იქნება, სად გველოდება, თუ ვიცით როგორ და სად წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. იმდენს როგორ არ უნდა ხვდებოდე, რომ ჩემი დასუსტება, დავრდომილი მდგომარეობა, შენ კარგს არაფერს მოგიტანს, არ იქნება შენთვის სიკეთის მომტანი ჩემი გაუფასურება, ღირსების შელახვა. რას ებრძვი, ვის ებრძვი, ებრძვი იმ ფენომენს, იმ წყალუხვ მდინარეს, სადაც ყველაფერი ჩვენეული უნდა განიწმინდოს?
ჩვენი არაა სვანური, მეგრული, ლაზური, ენები? ეწინააღმდეგებიან ესენი
ერთმანეთს, აფერხებენ ჩვენი ერის განვითარებას, ჩვენი სულიერების
ამაღლებას? თუ პირიქითაა ყველაფერი, ხელს უწყობენ, ერთმანეთს ზრდიან და აკოხტავებენ, სულს უდგამენ. საით წაგვიყვანს ეს მცდარი, ანტაგონისტური დამოკიდებულება? ვფიქრობ, უფსკრულამდე. თუ ამ უფსკრულში გადავიჩეხებით, მერე ვერ გვიშველის ღაწვების ხოკვა და მოთქმა–ტირილი (თუ გვექნება ამისი განცდის უნარიც). ან რომც გვექნეს, რა მოგვაბრუნებს უფსკრულში ჩაქანებულთ?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG