Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი, გლოვა და ქალები


ავტორი: გვანცა ნემსაძე

სამეფო უბნის თეატრის სცენაზე, გლოვის წრე შეუკრავთ. დარბაზი და სცენა გაერთიანებულია. დარღვეულია ყველანაირი კედელი, ყოველგვარი თეატრალური ტრადიცია- ფარდა, ლიტერატურული მეტყველება. „თამაში-გლოვა“ ერთ სცენაზე, მაყურებლისა და მსახიობებისგან შემდგარ წრეში ვითარდება, საერთო თემის, საერთო ტკივილისათვის - ომის, ძალადობისა და მათთან დაკავშირებული ტრაგედიებისათვის.
სცენოგრაფია მინიმალისტურია: ყვავილების 2 ქოთანი, ჭიქები, წყლიანი დოქი და 5 სკამი. განათება უცვლელია. სპექტაკლს ნიკა ფასურის მუსიკა აფორმებს.
ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, ხუთი მგლოვიარე ქალი წრეში ზის. შუაში მიცვალებული ასვენია, პირობითად. ქალებს, ძაძების ნაცვლად, ძველმოდური, გახუნებული ლაბადები ჩაუცვამთ. მათ სახეებს თბილი ღიმილი დასდევთ და გამუდმებით ამყარებენ მაყურებელთან თვალებით კონტაქტს. ალბათ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად დაარღვიონ დისტანცია და დაახლოვონ მათ სათქმელთან. ხანგრძლივ და უხერხულ სიჩუმეს კატო კალატოზიშვილის პერსონაჟის მოთქმა არღვევს, რომელსაც ერთ ამუსუნთქვაში გვიყვება და შემდეგ ისმის კითხვა - გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო? -ბევრჯერ იმეორებს - ხუთივეს ბევრი აქვს სალაპარაკო, ტრაგიკული, სულისშემძვრელი ისტორიების შესახებ, რომლებიც მთლიან სპექტაკლს თან გასდევს - ამბები ქმარდაკარგულ ცოლებზე, ბავშვობის ტრამვებზე, ქალზე რომელიც ქმრის თვალწინ გააუპატიურეს... გლოვას უცებ ფერებით თამაში ენაცვლება. განწყობაც იცვლება. ‘რედ, ბლუ, ფინქ, იელოუ“ ჰყვირიან მიკროფონში და შესაბამის ფერს დარბაზში ეძებენ მერე კი შეშდებიან. მსახიობები მაყურებელთან პირდაპირ კონტაქტში შედიან, ეხებიან, ელაპრაკებიან, უყვირიან. ყველა ამ საშუალებით კი, დამსწრენი მსახიობთა როლში იჭრებიან. ზოგი იშმუშნება, ეუხერხულება, ზოგი გაურკვევლობაშია და არ იცის რა გააკეთოს, ზოგიც მშვიდად უყურებს, ზოგს კი ეტირება.
დათა თავაძის რეჟისორობით, „ტროელი ქალები“ სპექტაკლს ამავე სახელწოდების ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით დაერქვა. პიესაში გამოყენებული ისტორიები, რეალური ქართველი რესპონდენტებისაგანაა აღებული და შემდეგ, მხატვულად გაერთიანებული.
დრამატურგი დათო გაბუნია თანაავტორად შეიძლება ჩაითვალოს. (ევრიპიდესთან და ი.კავაბატასთან ერთად, რომლის ერთ-ერთი მოთხრობიდანაც არის სცენა გამოყენებული) საათნახევრის განმავლობაში მაყურებელი ხედავს ერთ კომპოზიციად გააერთიანებულ პერფორმანსს, თანამედროვე, ომგამოვლილი ქართველი ქალების ისტორიებსა და ძველ ბერძნული პიესიდან ეპიზოდს, რომელშიც ქმარდაკარგული ანდრომაქე მოსაკლავად განწირულ შვილს ეთხოვება.
პიესის ავტორმა გაათანაბრა ძველი ტრაგედია და თანამედროვე ქალების ამბები, აფხაზეთის, ცხინვალის, სამოქალაქო და 2008 წლის ომებიდან. ქალის როლი და ადგილი ომის დროს, ის თუ როგორ უმკლავდებიან ისინი პრობლემებს და საბოლოოდ, როგორ ხდებიან გმირები, სპექტაკლის მთავარ იდეად შეიძლება განვიხილოთ.
სამეფო უბნის თეატრი ყოველთვის გამოირჩევა ექსპერიმენტებით და პრინციპულად განსხვავდება სხვა, აკადემიური თეატრებისაგან. ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟულის“ დათო გაბუნიას „სხვისი შვილებისა“ და „ტროელი ქალების“ შემდეგ, ახალგაზრდა რეჟისორმა დათა თავაძემ დაამტკიცა, რომ მას უკვე აქვს თავისი სარეჟისორო ხელწერა. „ტროელი ქალები“ არ არის სპექტაკლი, კლასიკური სიუჟეტით, სადაც შევხვდებით დასაწყისს განვითარებასა და დასასრულს, მსახიობები კი ვინმე პერსონაჟებს განასახიერებენ. არამედ, იგი არის სოციალური აქცია, საყვირი, საიდანაც ხუთი მსახიობი არა თავიანთი კონკრეტული პერსონაჟის სათქმელს გასძახის, არამედ თითოეულში არის ბევრი ქალი და ბევრი ისტორია.
მსახიობებს, ქეთა შათირიშვილს, კატო კალატოზიშვილს, სალომე მაისაშვილს, მაგდა ლებანიძესა და ნატუკა კახიძეს, ბოლომდე ჰქონდათ გათავისებული სხვისი უბედურებები. მიმიკებით, მოქმედებით, პლასტიკით, სიტყვებითა და სიმბოლოებით, მაქსიმალურად ცდილობდნენ მაყურებლამდე მიეტანათ ყველა ის გრძნობა, რაც სხვადასხვა ამბის გმირებს გადახდენიათ.
განსაკუთრებული ფემინისტური აქცენტი, სპექტაკლის კულმინაციაშია მოქცეული. ერთ-ერთი ქალი გვიყვება, თუ როგორ ჩამოიხრჩო თავი თავისმა დამ, აყვავებულ მსხლის ხეზე, მანამდე კი ომში დაეღუპა, მამა, ქმარი, ძმა და სიძე. ამის შემდეგ ამბობს, რომ ახლა ის და სხვა მდედრობითი სქესის ოჯახის წევრები, სანაცვლოდ პენსიას იღებენ, დაღუპულები კი გმირებად შეირაცხნენ, თუმცა მისი თქმით, ისინი არ არიან მსხვერპლნი, არამედ ისინიც არანაკლები გმირები არიან, ასეთი უბედურების გადატანის შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG