Accessibility links

logo-print

არ მესმის, არ მწას, არ მინდა გავუგო!


ავტორი: ია ასათიანი

საზოგადოება და მასში დამკვიდრებული ნორმები, სტერეოტიპები, რომელიც ჩვენმა კულტურამ თუ სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა, ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევენ.

რატომ უნდა მძულდეს ადამიანი მისი ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა მდგომარეობის გამო? ან რატომ უნდა მქონდეს მის მიმართ აგრესია? ისიც ხომ ისეთივე ადამიანია, როგორიც მე ვარ?! მასაც ჰყავს მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები. ისიც ისევე ცდილობს ამ ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას, როგორც ყველა დანარჩენი „ნორმალური“ ადამიანი. მე არ მესმის, რატომ უნდა მოვექცე მას ცუდად? რატომ უნდა მოვახდინო მისი დისკრიმინაცია რომელიმე კუთხით? არ მწამს იმ საზოგადოების, რომელიც მომიწოდებს მათი განადგურებისაკენ, თვითონ კი ეკლესიაში დადის. არ მწამს იმ საეკლესიო პირის, რომელიც სკამით ხელში მათ დასარბევად გარბის. არ მწამს და მორჩა! ან როგორ უნდა ვიწამო მათი, როცა : ქრისტიანული რელიგია სიყვარულსა და პატიებას , ხოლო მისი წარმომადგენლები - გენოციდს ქადაგებენ.

არ მესმის იმ კულტურისა და ტრადიციის, რომელიც პატრიარქატს ემხრობა და ქალს „უტვინო“ არსებად მიიჩნევს, ცხოველებს - უსულო და უგრძნობ არარაობად, კაცებს კი - ყველაფრის ბატონ-პატრონებად. ამ სტერეოტიპებს ეკლესიის წარმომადგენლები მშვიდად და აუღელველად იღებენ, არ მოგვიწოდებენ მათ წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ და ქალებს ქმრის მორჩილებას თხოვენ.

მე არ მესმის საზოგადოების, რომელიც თვილს, რომ ქალი საცემია თუ ქმარს არ დაემორჩილა, უარი უთხრა სურვილების შესრულებაზე, ან კიდევ სახლი არ დაალაგა! არა, არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ძალადობას აუღელველად იტანენ და ამას თავიანთ „ბედად“ მიიჩნევენ. არ მესმის, არ მწამს და არ მინდა გავუგო იმ სარწმუნოებსა, რომელიც ამბობს, რომ ქალი ვალდებულია დაკნინებული იყოს, და ქმრისგან ყველაფერი უნდა აიტანოს!

არ მესმის იმ სასულიერო პირის, რომელიც „შავი ჯიპიდან“ ქადაგებს გაჭირვებულის დახმარებას და ქუჩაში მსხდომ მოხუცებს 10 თეთრითაც კი არ ეხმარება. არც სანაგვე ურნასთან საჭმლის საშოვნელად მისულ ხალხს უნაწილებს საკვებს, თვითონ კი უახლეს მანქანას, ტექნიკას და ფუფუნების სხვა ობიექტებს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი სიამოვნების უარყოფას გვასწავლის. ალბათ ბევრს ვითხოვ სასულიერო პირებისგან, მაგრამ ისინი თავად წარმოგვიდგენენ თავიანთ თავს „ზეადამიანებად“ და ამიტომაც ვითხოვ!

თავი რომ დავანებოთ სასულიერო პირებს, როგორ გავუგო მას, რომელიც ეკლესიაში „მოდას აყოლის“ გამო დადის და გასახდომად მარხულობს (ორმაგი სარგებლისათვის). როგორც კი ეკლესიის კარს გასცდებიან, რადიკალურ ცვლილებას განიცდიან და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან. უარეს შემთხვევაში იმ დონეზე დოგმირებულები არიან, რომ საკუთარ აზრსაც კარგავენ და ინკუბატორში გამოჩეკილ წიწილებს ემსაგვსებიან.

შეუძლებელია, იყო მორწმუნე და არ გიყვარდეს საზოგადოების ყველა წევრი მისი განსხვავებულობის მიუხედავად. წარმოუდგენელია, საეკლესიო პირი იყო და ხალხს მოუწოდებდე არეულობის, ტკივილის მიყენების, საზოგადოების განკიცხვისა და სხვა უამრავი საშინელებისკენ.

მე არ ვარ მორწმუნე, მაგრამ მე უფრო მიყვარს ხალხი, მე უფრო არ განვიკითხავ და ვეხმარები მათ, მე უფრო მეტს ვპატიობ ვიდრე ის, რომელიც მორწმუნეობაზე თავს დებს და დღედაღამ ლოცულობს. მაშ რა გამოდის? სად წავიდა რელიგიის ის ძირითადი საფუძველი, რომელიც მოყვასის სიყვარულს და სილის გარტყმისას მეორე ლოყის მიშვერას გვასწავის? სად წავიდა? საფუძველში ბზარი გაუჩნდა და ჩამოინგრა! მისი ნანგრევები კი, სადღაც ერთმანეთისგან შორს გაიფანტა.

მე არ მესმის, არ მწამს და ვერ ვუგებ იმ საზოგადოებას, რომელიც ინდივიდუალიზმს საფრთხედ მიიჩნევს და განსხვავებულობას მიუღებლად!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG