Accessibility links

logo-print

სამართალი და ხოხობი


ავტორი: კაიაფა

მართლაცდა, რატომ დაარსდა თბილისი?

რასაკვირველია, არსებობს კონკრეტული და ყოვლისმომცველი პასუხი - „იმიტომ„, მაგრამ ცოტა სხვანაირადაც შეიძლება.

ისტორიული მატიანეების მიხედვით, ვახტანგ მეფეს ნადირობისას ხოხობი გაექცა ცაში, ვატანგმა გააკიდა შევარდენი, გაქცეულ–გაკიდებულებმა ბევრი ირბინეს თუ ცოტა, ჩაცვივდნენ სადღაც წყალში, ვახტანგს მოეწონა ადგილი და განსაკუთრებით თავისით გამზადებული, მოხარშული ხოხობი და ბრძანა ამ ადგილზე კაი საქეიფო ქალაქი ამიშენეთო, და თბილი წყაროების გამო „თბილისი„ დაარქვა/თუმცა წესითა და სამართლიანობით „მდუღარე„ უნდა ეწოდებინა – გიცდიათ, თქვენ, თბილ, არამდუღარე წყალში ხოხბისა და შევარდენის მოხარშვა? არ გიცდიათ და სცადეთ და რასაც მიიღებთ, ნახავთ/.



შევხედოთ ამ მატიანეებს მეთოდოლოგიურად და კრიტიკულად.



კაი, ბატონო, შეიძლება ხოხობმა მოძალადის ხელში ჩავარდნასა და სამარცხვინო სიკვდილს თვითმკვლელობა ამჯობინა, მაგრამ ნუთუ შევარდენიც/იხილეთ შევარდნაძე/ ასეთი უჭკუო და ბეცი გგონიათ, რომ მასაც იქ ეტუცა თავი თვისი?!



მერე –გინახავთ თქვენ ადგილზე მდგომი წყარო?



წყარო იმის წყაროა, რომ მისი წყალი მიედინება თავის გზაზე/იხ. „გზაზე ერთი წყარო მიდიოდა„/, თუ არ შემოღობავენ და ქვაში და ცემენტში არ უკრავენ თავს/იხ. „ცისკარა„ – დევი: „წყარო, მიეცი ერთი დოქი წყალი!„/, იმ უდაბურ ადგილას კი ნაკლებად შესაძლებელია ხოხობს, მით უფრო შევარდენს ექნა ეს საქმე.



ჰოდა, მიმდინარე წყალი ხომ ორივე გარდაცვლილს თან წაიღებდა და ვახტანგი სად და როგორ როგორ ნახავდა მათს გვამებს?

ვაღიაროთ პირდაპირ, რომ ტბაში ანდა სულაც ზღვაში/იხ. თბილისის ზღვა/ ჩაცვენილან.

მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ და რითი გამოიტანა? ქართველს ხომ ნავს და გემს ვერ გააკეთებინებ და ბაყაყურით მაშინ კი არა, ახლა ვერ შეაცურინებ თუ ლარისა ივანოვნა არ დალანდა მაინცდამაინც.

გამოდის, რომ თბილისი დაარსდა, რადგან მეფეს ხოხბის ჭამა უნდოდა!

გინდათ, არ გინდათ, ამ შემთხვევაში ვახტანგი ბრიყვი გამოდის.

ხოხბის ჭამა თუ უნდოდა, იმ დალოცვილ ადგილზე ქალაქს ააშენებდა კი არა, აშენებულს დაანგრევდა! - გინახვათ თქვენ ქალაქში მოფრინავე ხოხბები/იხილეთ ქუთაისში მფრინავი დეპუტატები/?!

ჰოდა, ამავე მიზნით/ხოხბების ჭამა/, იქვე, რასაკვირველია მაგიდაც გაიშლებოდა.



ხოლო გაშლილი მაგიდა მიზანია, – ვკითხულობთ მატიანეებში – რომლისკენაც მიისწრაფვის ყოველი კულტურული ფენომენი.

ანუ მიზანი ახლა მასთან დროულად მირბენა და კაი ადგილის დაკავებაა!

ერთი წუთით ავწიოთ თავი სუფრიდან და გარედან შევხედოთ მის სტრუქტურას, აგრძელებს მატიანე.

კაი ბატონო, ჯანდაბას, ავწევთ ერთი წუთით თავს ხაშლამიანი თეფშიდან, მარა გარედან როგორ შევხედოთ მთელ გაწყობილ სტრუქტურას? ესე იგი, აივანზე გავიდეთ და იქიდან ვუჭვრიტოთ გულზე სკდომით ჩვენი ხაშლამის განადგურების პროცესს?! არ გაგივა ეგ ნომერი შენ, მატიანევ!

„სტრუქტურული ანთროპოლოგია გვასწავლის, რომ ყველა კულტურაში არსებობს საფუძველმდებარე ოპოზიცია, დაპირისპირება ბუნებასა და კულტურას შორის. ერთ-ერთი ასეთი ცენტრალური ოპოზიცია გამოიხატება სამზარეულოში: დაპირისპირება უმსა (ანუ ბუნებას) და მოხარშულს (ანუ კულტურას) შორის. მაგალითისათვის, ასეთივეა დაპირისპირება თაფლსა (რომელიც ბუნებრივად მოიპოვება) და თამბაქოს (რომელიც ხელოვნურად მუშავდება) შორის„.

მე არ ვიცი, რა ასწავლა ასეთი პატივცემულმა სტრუქტურულმა ანთროპოლოგიამ მატიანის უსახელო ავტორს, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, ბუნება არავის და არაფერს არ უპირისპირდება, არის თავისთვის და მაშინაც კი არ გიპირისპირდება, ნაჯახით და ელექტროხერხით რომ მიადგები კულტურულად.

ეს ხელოვნური დაპირისპირება რაღა საჭიროა? უმიც მიირთვი და მოხარშულიც! გაწყენს?! ჯერ თაფლი რომ ჭამო და მერე თამბაქო დააყოლო, არ შეიძლება?!


„სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რა არის თბილისური კულტურის მთავარი ნიშანი: ესაა უტოპია, რომლის მიხედვითაც კულტურა ბუნებრივად უნდა მოიპოვებოდეს. ხორცი მოხარშული უნდა იყოს, ოღონდ თავისით, ბუნების მიერ, ადამიანის ძალისხმევის გარეშე. კულტურა უნდა იყოს სპონტანური, ის ბუნებიდან უნდა ამოიზრდებოდეს„, არ ისვენებს მემატიანე.

მცდარი კონცეფციაა უკვე იმიტომ, რომ თბილისური კულტურის/?!/ მთავარ ნიშნად ბუნებრივად მოხარშული ხორცია გამოცხადებული.

ამ დროს ბავშვმაც კი იცის, რომ ქართული კულტურის, ქართული ხასიათის, მენტალობის, მენტალიტეტის, დივერსიფიკაციის , ეგზისტენციალიზმის, ჰიპერბოლიზაციისა და ჰედონიზმის მთავრ ნიშანგამსაზღვრელს, თუნდაც იგივე არქეტიპს მოხარშული კი არა, შემწვარი, შემწვარ–მოხრაკული წარმოადგენს/იხ. თუნდაც „ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილააა!„ გინახავთ თქვენ მოხარშული ხაჭაპური და წიწილა?!/. შეწვა კი უკვე აღარაა „ბუნებრივი„, როგორც მემატიანე იტყოდა, იგი „კულტურული ფენომენია„!


„... ეს ოპოზიცია ხოხობსა და შევარდენს შორის თავიდან იმეორებს ოპოზიციას ბუნებასა და კულტურას შორის: ხოხობი ბუნების აღმნიშვნელია, ხოლო ადამიანის მიერ გაწვრთნილი შევარდენი - კულტურისა„, ეშხი შედის მემატიანე.

შევარდენი კი არა, ლომები გაუწვრთნიათ ადამიანებს და მერე ამ „კულტურულ„ ლომებს ისე „ბუნებრივად„ შეუჭამიათ საკუთარი გამზრდელ–გამწვრთნელები, მტრისას!


ეტყობა, მემატიანესს მწვდი არ შეუწვავს, თორემ არ დაწერდა:

„... კულტურა, რომელიც კეთდება ძალისხმევის გარეშე„.

საერთოდ კი, ერთი ლექსისა და განსაკუთრებით არქიტიპ არქიფოსი არ იყოს, სათარეშოდ და საქეიფოდ ყოველთვის კაია ეს დალოცვილი საქართველო თავის თბილისიანად!

ამ უკანასკნელს, მატიანეს თუ დავუჯერებთ, ლოგიკით თბილწყარო უნდა ერქვას! ხომ არ აღგვედგინა სამართლიანობა?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG