Accessibility links

logo-print
ავტორი: კაიაფა

მუსიკაში ოდნავ ჩახედულსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან ჩახედულ„ზე, უნდა მოეხსენებოდეს, რომ ციფრი 9 ერთგვარ საკრალურ ციფრად იქცა.

დიახ, ჩემო ჰერ, წინარეთა მწარე გამოცდილებით დაზაფრული კომპოზიტორი, როგორიც იყო, მაგალითად, ბეთჰოვენი და მით უფრო ჰაიდნი და ჰენდელი, დაწერდა ერთის წვით და დაგვით პირველ სიმფონიას, მერე მეორეს, მესამეს, მეოთხეს, მეკარეს, დარტყმა, არის! უჰ, რა კარგი ფილმი გადაიღეს ჩვენს შემდეგ, „ბურთი და მოედანი„.

მეტი რა საქმე აქვთ აქ, უსაქმოდ დარჩენილ დიდრონ რეჟისორებს და ფილმების რეტროსპექტივებს აწყობენ ხოლმე ჩვენთვის და უფრო მეტად თავისთვის. კაკრაზ გუშინ, ჟან რენუარმა, ეს თუ არა, წესით მამამისი რენუარი მაინც უნდა გახსოვდეთ, მხატვარი, და მისი შვილი იყო ეს რენუარი, რეჟისორი, ერთი მხატვარი რენუარი საკმარისიაო, მით უფრო მაგის ნიჭი მე არ მაქვსო, კაზინოში არ მიმართლებსო, წერა, ჩემი კი არა, სხვების დაწერილიც არ მიყვარსო, ჭოკით ხტომა მე არ შემიძლიაო, ილიჩის ნათურა უკვე გამოიგონა ედისონმაო, ტელეფონი ბელმაო, რადიო მარკონიმ, რუსები პოპოვს რომ აბრალებდნენო, ერთი კინო დარჩა ხელმოუკიდავი და შეურყვნელი და მეტი გზა არაა, მაგას უნდა მოვკიდო და შევრყვნაო, ამ რენუარმა და როგორც მოგახსენეთ მოაწყო თავისი ფილმების რეტროსპექტივა, და გვიჩვენა ის დალოცვილი „ბურთი და მოედანი„.

ეს რა კაი რამე გადაუღია!

და იქ ვახტანგ ნინუას, გემახსოვრებათ, ფელინის „უდიპლომო სასიძოში„ ნამეტანი შექანებებულისა თუ ნამეტანი გამფრენის, ნიკოლოზის როლს რომ ასრულებს, და სხვათა შორის, მთელი იტალია გიჟად რომ დადიოდა, ეს რა გიჟი ვინმეა, რაებს აკეთებს, დედალ–მამალ ძროხებსა და ასევე დედალ–მამალ მათს ნაშიერ ხბორებს დუხავოი მუზიკას რო ასმენინებს და დისერტაციასაც ქე წერს თემაზე, „მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის პროცესის დაჩქარებაში!„–ო, მერე ხომ აღმოჩნდა, რომ გიჟი და შექანებული კი არა, მართლა ედისონი ყოფილა ეს ნიკოლოზი, ახლა ხომ ბავშმაც კი იცის, რომ კლასიკური მუსიკა არა მარტო დედალ–მამალი ძროხებისა და მათი ნაშიერების, ადამიანების მოზარდი ბავშვებისა და ბევრი ზრდადაუსრულებელი მუტრუკის ზრდა–განვითარებასაც გადასარევად უწყობს ხელს და მართლა უამრავი დისერტაცია და წიგნი დაიწერა, ჰოდა ეს ნინუა იმ „ბურთი და მოედანში„ იშტაზე რომ მოვა და როლში შესული რომ ღრიალებს, ბურთი აქვს მესხს, მესხმა თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეკარე, დარტყმა, არისო, ასე რომ, დაწერდა რომელიმე კომპოზიტორი სიმფონია ნომერ პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, მეექვსეს, მეშვიდეს, მერვეს და გაჩერდებოდა გულგახეთქილი: უმეტესად ხომ, დაწერდნენ კომპოზიტორები მეცხრე სიმფონიას და კვდებოდნენ ეგრევეო!

ჰოდა, ჩემსავით იყოყმანებდა, ივიშვიშებდა, დავწერო თუ არაო და თუ მართლა კომპოზიტორი იყო, დაწერდა ჩემსავით და მოკვდებოდა, თუ არადა, არ დაწერდა.

მარა, იმისი არ იყოს, ლიტერატურის, გიყვართ თქვენ მუსიკა, კი?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG