Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

ბიძინა უმფროსო, გავიგეთ, განა, ჩვენცა, ამ გადმოკარგულსა და მიგდებულში, რაღაცა, ჰოო, სექტორში წასულხარ, მაგრამა ისევ აქა, საქართველოშია, უმაგისოდ დღესაც ლუკმას არა ყლაპავენ და წვეთს არ უშვებენ მაგისი მთავრობის ბიჭები, ისევ ეგ არის მთელი ავანჩავანიო, უთქვიათ სოფლი ბირჟაზედა, ხოდა, აბა სხვას ვის მივწერო და მოვახსენო ჩემი გულის დარდები, ჩვენო იმედო და, ჰოო, ოპტიმიზმო.

ხოდა თავიდან დავიწყებ.

აგვიკლო, დაგვტკვირა და დაგვღეჭა თლათ ამ მუდრეგმა სოფლი გამგებელმა, მორფინისტმა ნარკომანმა და მაფიოზმა კაკო ყაჩაღმა და კიდე უფრო მეტად იმისმა ბანდიტმა ღორებმა.

გადაგვჭამეს, შენს სახელს რო ვენაცვალეთ, ღობეს ყანა არ შეარჩინეს, ყანას ღობე და ვენახს საზამთროები და პამიდორები ამ მართლა ღორებმა! მხეცებივით იქცევიან, უკვე შინ გვიცვივდებიან, რაც რამე გვებადა, მაცივრიანად შეგვითქვლიფეს, ეგ კი არა და, ამას წინათა ჩემი მძახალი, მძახალი კი არა, მამამთილი ლუარსაბი წამოწოლილი იყო იმ დღესაცა თავითვინა თავი ტახტზედა, „ასავალ–დასავალს„ გვიკითხავდა ხმამაღლა მთელ გასუსულ და დაზაფრულ ჯალაბობასა, და რო ამოჯლიგინდნენ უცაბედადა, როგორც დაეჩვივნენ ამ ბოლოსა, ის ამოსაწყვეტლები, და რო ეცნენ ამ დროულ კაცსა შესათქვლეფადა, დიდი წიოკობითა და ხვეწნა ვედრებით, სანამ სამი ვედრო ბორში არ გადავასხით თავებზედა, ძლივს გამოვგლიჯეთ ხელებიდანა იმ ცოცხლივ დასამარხებსა!

ჩამოდი, შენი ჭირიმე ჭირიმე, ცოტა შეაშინე ეს მხეცები, აიარჩაიარე რამდენჯერმე ეზოშიდა, დაგინახონ, დაინახონ რო მთლად უპატრონო არა ვართ, ეგება შეგვეშვან, ჩვენც გავიხაროთ და გამოვიხედოთ პატარაზედა თვალებშიდა!

არ გვეყოფა, განა, ჯერ რაც იმ ოხერმა ნაციონალებმა გვტანჯეს და გვაწამეს იმ გიბრიდული ხორბალითა, ას ტონას თუ არა, ორასს მაინც მოიწევთ გეკტარზედაო და ისე შენ არ მოგეწიოს აღმართში კაკო ყაჩაღი თავისი ველურებითა, როგორც ჩვენ ვერაფერიც ვერ მოვიწიეთ და გუბერნატორთან რო შევცვივდით გაბოროტებულები, რაც არ დაგითესიათ, რას მოიწევდით, თქვე უპატრონოებოო, გამოგვიშვა პირშიჩალაგამოვლებულები.

აი, ასეთი უკულტურო და თანამდებობითვინ შეუფერებელია!

შენი ჭირიმე, რო წამოხვალ, პინგვინები არადა, აბა იმათ ვინ უნდა შეაშინონ, რაღაც დახატული ცხენებივით ვირები გყოლია, ზერბები, და ისინი გამოიძღოლიე აუცილებლადა,


დროზე, დროზე ჩამოდი, თუ გინდა ცოცხლებსა და მთელებს მოგვისწრო!..

განსაკუთრებით გელოდება და წინდაწინ გემადლიერება მამამთილი მამასთილი ლუარსაბი, ეგება ამ რკინის გალიიდან გამოვიდეო. რა ვქნათ, შენი ჭირიმე, იმ გასაწყვეტლებს ხო არ შევაჭმევთ ცოცხალ ადამიანსა! კაცი ჭკუაზე აღარაა, რა უნდათ, რას გადამეკიდენ ეს უჯიშოები, ხმამაღლა კი არა, საერთოდ აღარა ვკითხულობ იმ დასაწვავ ასავალსაო.

ეხლა, მერიდება, ბიძინა უმფროსო, მარა ერთი სათხოვარი მაქ.

აბა, ხო იცი, რა მძიმე მდგომარეობაა სოფლი მეურნეობაშიდა და რო წამოხვალ, ცოტა შხამქიმიკატები გამოაყოლე ხელსა, აბა, სულ აქ ხო არ დაგტოვებთ შესაშინებლადა და რო წახვალ უკანა, ეგება იმ ველურებ შევაპაროთ მერე როგორმე.

და „მერსედესი„ გვჭირდება კიდე აუცილებლადა!

მაცივრის, ტელევიზორის და ათი ათასი დოლარის ამბავი, იმ მხეცებმა რო შეგვიჭამეს ხო ისედაც იცი და არ დაგავიწყდება უთუოდა.

შენ რო ადრე ტრაქტორები და ვერტალიოტები გამოგიგზავნია ჩვენთინა, ამ ოცი წლის წინა, სულ ამ მაფიოზა კაკომ და იმისმა ყაჩაღმა ღორებმა შეჭამეს, ხოდა, რო ჩამოხვალ, ერთი შვიდი ცალი მაინც წამოიღე, აბა, ჩვენ რა ჭირად გვინდა, უპატრონობითა და დაუმუშავლებლობითა კვდება ეს საწყალი მიწები, თურქეთში გავაყიდინებ ოსმან ფაშასაო, ლუარსაბმა.

მაგ ოხერ ქალაქში რაღაცა დიდი სია რო გქონია ისედაც მაძღარი და გასუქებული ბობოლებით სავსეი და კიდე უფრო რო ასუქებ, მაგათ კიდე დასუქება უნდათ, კანში და ღიპებში ვერ ეტევიან ისედაცა, ხოო, ჯიპებში, და საწყალი ბავშვები რო სიმშილით იხოცებიან, პატარა იმათკენაც გამოიხედო, არა ჯობია?

არ გეწყინოს, განა, აბა, მე და ჩემისთანებმა თუ არ გითხარით, ეგ პინგვინები და ზერბები ხო არ გეტყვიან, თვალებს რო გიბამენ, წაღმაწაღმა მივექანებითო.

დანარჩენ ჩემი გულის დარდებს აქ გაგიზიარებ, შენ ჩვენო დიდო, დიდო კი არა, უდიდესო იმედო და ნაოცნებარო.

ეგ რა კაი რაღაცა მოგიფიქრებია, შე დაფიქრებულო, „ქართული ოცნება„, – ღვინო დუდუკი ქალები, აბა?!

ამ ჩვენ გიჟებსა კიდე გადარევა უნდოდათ?! ავისრულოთ ქართული ოცნება, როგორც ბიძინა გვასწავლისო და მარკეტს ბოთლი არაყი არ შეარჩინეს, აბა, აქ დუდუკებს სად იშოვნიან და დახეთქეს ტაშტები და ლახანკები ბრახაბრუხითა, ქალებს კიდე ვინ მიაშავებთ და ისეთები დაერივნენ ცოლებსა, მეორედ მოსვლაა, დღე და ღამე გასწორებულები ყავთ საცოდავები!..

დიდი მოკითხვითა და მალე ნახვის ნატვრითა
თინა ლეკურიძე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG