Accessibility links

logo-print

თეთრი და დურმიშხანი


ავტორი: კაიაფა

რედაქციაში წერილი მივიდა:

წავიკითხე თქვენს ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნებული დურმიშხან ცეცხლაძის ლექსები და ვერაფერიც ვერ გავიგე.
ჩემი თავი კიდევ ჯანდაბას, მარა ცოლმაც ხომ ვერ გაიგო და ვერ გაიგო, ბავშვები დამიდიან სკოლაში და ერთის ცემა–ტყეპითა და ხუთ–ხუთი ლარით წავაკითხე და იმათაც არაო, ესეთი გაუგებარი ჯერ არაფერი გვისწავლიაო.
ინტერესში ჩავვარდი და კიდე უფრო მეტად გავმწარდი და ეგრევე, მთელი გაზეთიანად ქართულის მასწავლებელთან გავატანე, ესეც კიდევ ათი ლარი!
მოვიდნენ ბავშვები და მოიტანეს ამბავი, თინა მასწმა, ეგენი თეთრი ლექსებია, სხვანაირი გაგება და წაკითხვა უნდათო.
თეთრია თუ შავი, მაგი არ ვიცი მე. მე ის ვიცი, რომ კაცი თუ რამეს წაიკითხავ, უნდა გაიგო კიდეც.
ჰოდა, ახლა მე თქვენ გეკითხებით, პატივცემულო რედაქციელებო:
რომ ბეჭდავდით, წაიკითხეთ?
თუ კი, გაიგეთ რამე?
თუ გაიგეთ, ჩვენც გაგვაგებინეთ და აგვიხსენით, თუ არადა, რატომ დაბეჭდეთ?!
ბოლო–ბოლო, ხომ უნდა გავიგო, ღირდა ამდენ წვალებად, ნერვიულობად და ფულად?
ხოლო თუ უცხო ენაზეა დაწერილი ქართული ასოებით, არც ეგ დაგვიმალოთ.
მოლოდინით,
მოქალაქე ერკიულ ხერხეულიძე

შეჩქვიფებულმა და შეშფოთებულმა რედაქციამ წერილი რეაგირებისთვის ლექსთა ავტორს გაუგზავნა.
გახარებულმა და აფოფინებულმა პოეტმაც, წაუკითხიათო, ოპერატიული რეაგირება მოახდინა და ფიცხლად აფრინა პასუხი–განმარტება:
ბატონო ერკიულ,
სიხარულით და სიამოვნებით წავიკითხე თქვენი გამოხმაურება, მოძღვნილი ჩემი ლექსებისადმი.
ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ უსამართლოდ გინერვიულიათ.
მითუმეტეს, თუ არ მიწყენთ, მკითხველის პოზიციიდან, ღმერთო მომკალი და რა იყო მანდ სანერვიულო და ამდენი სახარჯო?
დიახ, ბატონო ერკიულ, პროფესიით კრიტიკოსები რომ ჰქვიათ, ისინიც კი მიჩივიან, ვერ გიგებთო ხანდახან.
მაგალითად, თეთრი იქეთ იყოს და, ამასწინათ შემჭამეს ამ „ფერადი ლექსის„ გამო:

„მაშ, შენ ამბობ მოსამართლევ,
რომ არ გვინახავს ჩვენ ფერი
იისფერ თოვლის?!

ეს ის თოვლია, სადაც მიჰქრიან
ლურჯა ცხენები წითელ ბალახზე.
რომელ ბალახზეც თეთრფეხშიშველამ
თუ არ გავიარ–გამოვიარე,
და არ დავთირე, –
ხიდან ხეზე როს გადაფრინდება
ყვითელი ჩიტი,
რა დამაძინებს,
ვით დავიძინო,
დიბა– ატლასში, მწვანე–მწვანეში
გამოხვეულმა, –
იმ საცოდავ ჩიტს
/რა ერქვა მაინც, სკვინჩა, ნიბლია?/
ვაითუ გზაში გადაეყარა
ორბი ან სვავი? სულაც არწივი?

გასაკვირი ხომ არაფერია...
ბევრი რამ ხდება ქვეყნად ისეთი,
ჩიორა ჩიტებს რომ არც ელანდებათ!..

ეს კი არადა, ბევრსა ჰგონია,
თითქოს უკვე გატანილია,
მწვანე კონცხიდან გრენლანდია და
სხვა გასატანებს ელიან, ელიან...

მოკლედ, შემჭამეს, ჩემო ბატონო ერკიულ, აღნიშნულმა კრიტიკოსებმა, სად ნახე, შე უპატრონო, იისფერი თოვლი, ლურჯი ცხენები, წითელი ბალახი, მწვანე კონცხი, გატანილი გრენლანდია, თეთრი ფეხი, ყვითელი ჩიტი, ორბი, სვავი, არწივი, სველ ბალახებში ფეხშიშველად მოტანტალე ყაზილარი, ამდენის მოლაპარაკე მოსამართლე და ა.შ.–მდეგო...
არადა, ხომ ვერ ვეტყოდი, თქვე მართლა უპატრონოებო, თუ იმისთვის შეიძლებოდა, ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადახვეოდა იასაო და მირბის, მიმაფრენს ჩემი ცხენიო, მე რატომ არ შეიძლება თოვლს იისფერად ვხედავდე და მწვანე ცხენები ლურჯად მეჩვენებოდეს–თქვა?!.
რაც შეეხება უცხო ენას, არც მაგაზე გაწყენინებთ და ამ წუთში მოგიძღვნით ესპანურ ენაზე ქართული ასოებით:

ჩე?
ნოუ მორალეს, გევარა!
დოლორესე, დოლოროს!..
ოლოე, ოლე, ბარსელონე,
კატალონე, ბუენდიე!..

ჩენტი, მენტი, გაუჩიო,
დონა ალბა, ჰერცოგინე,
კარლო, პედრო, დონ ჟუანე,
კომანდორე, დონ ჯოვანე...

სალვადორე, სალვადორე,
ო, გენრიკა, ფრანკო, ფიდელ,
ვივა, ვივა, დონ კიხოტე,
სანჩო, პანსო, სენტიმენტე!..
პატივისცემითა და შემდგომი, მსგავსი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების იმედით,
პოეტი
დურმიშხან ცეცხლაძე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG