Accessibility links

logo-print

ზურაბ ნუგზარის ძე


ავტორი: კაიაფა

დაამთავრა სკოლა, მოიარა ჯარი, დაუსწრებლად მოახრჩო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი/გასული საუკუნის სამოციან წლებზეა ლაპარაკი/, წაიკითხა „წითელი და შავი„, აბა, წავედი მეც დედაქალაქშიო, ჩამოვიდა ხაშურიდან თბილისს, მიადგა პედაგოგიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს „პუშკინის„ დიპლომითა და ერთი ვედრო პომიდვრით ხელდამშვენებული.
ჯერ დიპლომი წარადგინა ამაყად დირექციაში, მერე სულმოუთქმელად შეჭამა იქვე, პირდაღებული უფროსობის თვალწინ ერთი ვედრო პომიდორი.
უფროს ლაბორანტად აღტაცებით მიღებულმა დედაქალაქში ფეხი მოიკიდა, ოჯახს მოეკიდა, ქონი მოიკიდა, მომავალი დეპუტატი, ასოცკილოიანი ჯემალა ყურაშვილი/ერთი პერიოდი მე რომ მეხვეწებოდა, ფირმა მინდა ჩამოვაყალიბო, მე პრეზიდენტი ვიქნები, ჩემი ცოლისძმა – ვიცე–პრეზიდენტი, ახლა ჭკვიანი, საქმის გამკეთებელი ხალხი მჭირდება და სადმე ხომ არ გეგულებაო. ვაი ბეჩა! ასეთი ხალხი მცოდნოდა და ფირმის ჩამოყალიბებას ვინმე დამასწრებდა?!/ ხომ მოიკიდა და მოიკიდა 1987 წლის 26 მაისს „კოსტავას ეზოში„/პედაგოგიკის ინსტიტუტიც იმ ეზოში იყო/ გამართული ჭიდაობისას და ისეთი ზღართანი გაადენინა დამოუკიდებლობაზე მეოცნებე ქართულ მიწაზე, კოსტავას ოჯახში გაშლილი სუფრიდან დიდიან–პატარიანად ყველა გარეთ გამოცვივდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ნამდვილად საბჭოთა მილიცია დაგვეცა სროლითო.
დედა, ეს ვინ ყოფილაო, ტაში დასცხო პედაგოგიკის ცნობილმა რეფორმატორმა შალვა ამონაშვილმა/რომლის სახელგანთქმული პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები იმ ხანებში შიშის ზარს სცემდა ქვეყანას, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, კაციშვილს წარმოდგენა არ ჰქონდა არც ამ რეფორმებზე, არც ექსპერიმენტებზე, და, რაღა დასამალია, არც თავად პატივცემულ შალვაზე/ და უმცროს მეცნიერ მუშაკად დააწინაურებინა.
ერთხელაც, ერთი ძმაკაცის ოჯახში, წვეულებაზე საქართველოსა და მამულის სადღეგრძელოები ლამპის შუშებით რომ დალია, ჩვეულებისამებრ, მთლად განსხვავებული ჭურჭელი მოითხოვა.
მასპინძელმა სამზარეულოდან წინასწარ გამზადებული ერთი ვედრო პომიდორი მოართვა.
სულმოუთქმელად რომ დაცალა, გადმოაპირქვავა და ასე მტერი დაგეცალოთო, გულიანად დაილოცა, ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების„ აღტაცებულმა რედაქტორმა არჩიბალდ გონელიამ ეგრევე მოადგილედ წაიყვანა თავისთან რედაქციაში.
იქაც კარგად მოილხინეს.
...
გათენებულზე არჩიბალდ გონელია თავის ტკივილმა გააღვიძა და როგორც ფრანც კაფკა დაწერდა, აღმოაჩინა, რომ საკუთარ კაბინეტში, დივანზე იწვა.
გაოცებულმა ბალიშიდან – ნეტა საიდან გაჩნდაო? – მტკივანი თავი წამოსწია, პლედი – ეს საიდანღაო? – გადაიხადა, წამოჯდა.
ახლა არყით, ლუდით, ცივი საუზმითა და ცხელი ხარჩოთი გაწყობილი ტაბლა აღმოაჩინა ხელის გაწვდენაზე.
გაჭირვებით ადგა, სავარძელთან მიბარბაცდა, კოხტად დაკეცილი სამოსით – ნეტა ვინ დაკეცაო? – შეიმოსა.
გამობარბაცდა კაბინეტიდან.
სად იყო და სად არა, გურამ საღარაძის ხმა შემოესმა.
მიაყურადა.
გიორგი ლეონიძის „მესაფლავეს„ კითხულობდა.
რაღა უნდა გაკვირვებოდა, მაინც გაუკვირდა, რამაზ ჩხიკვაძეს აქ რა უნდაო?
მიყვა ხმას, მიადგა ორი დღის წინ ჟურნალ „ ცხოვრება და სკოლის„ რედაქტორად გადაყვანილი მოადგილის, სერიოჟა გამეზარდაშვილის კაბინეტს.
აბრა მსხვილად იუწყებოდა:
რედაქტორის მოადგილე
ბატონი ზურაბ ნუგზარის ძე ცუნტირიძე

ყველაფერგახსენებულმა რედაქტორმა კინაღამ დააკაკუნა.
გონსმოსულმა დაუკაკუნებლად შეაღო კარი.
მაგიდასთან ჩაგალსტუკებული, გაპარსული, დავარცხნილი, მგონია, მთლად დაბანილი/ის დაბანვა როგორღა მოასწროო, მწარედ გაუკვირდა ერთი კვირის თავზე საკუთარ სააბაზანოში საგულდაგულოდ, თავ–ფეხიანად გასაპნულ, წყალგათიშულ გონელიას/ ბატონი ზურაბ ნუგზარის ძე ცუნტირიძე იჯდა.
აქეთ–იქით ყურებზე ფანქრები შემოედო, ერთი ხელი აკაკივით/აკაკი წერეთელზეა ლაპარაკი/ საფეთქელთან მიეტანა, მეორეში პასტა–კალამი ეჭირა და ტუჩების ცმაცუნით სასტამბოდ გამზადებულ მასალებს კითხულობდა.
რამაზ ჩხიკვაძე არ ჩანდა, – ხმა კედლის რადიოდან მოდიოდა/აბა, თუ მიხვდებით, რადიოს ხაზი ვინ შეიყვანა?!/.
რედაქტორი გონელია უჩუმრად გამობრუნდა, თავის კაბინეტში შევიდა და ტაბლას მიუჯდა...
...
ერთხელაც თამაზ სივსივაძემ უფროსი მეგობარი და საყვარელი მასწავლებელი შალვა ამონაშვილი რომ გაუკრიტიკა, ეს სივსივაძე ვიღას ტიკი–ტომარაა, რა იცის მაგან პედაგოგიკა და მით უმეტეს, ჟან–ჟან რუსოო! – ჩვეულებისამებრ ზრდილობიანად იკითხა ზურაბ ნუგზარის ძემ.
რაღა თქმა უნდა ამბავმიტანილმა სივსივაძემ ასევე ჩვეულებისამებრ პრესის ფურცლებიდან უპასუხა არანაკლებ ზრდილობიანად, შე მართლა ტიკივით მრგვალო და უვიცო ამონაშვილისტო, ნუთუ არ იცი, რომ მე მათემატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, სხვათა შორის, პედაგაგობის უფლებით, და შენგან და შენი მამა–მარჩენალისგან განსხვავებით ჟან– ჟან რუსო არა მარტო გამიგია, მისი „ემილიც„ კი მაქვს ნანახიო!..
...
წლების შემდეგ, შევარდნაძე მეორედ რომ მოევლინა საქართველოს, როგორც თვითონ ამბობს, ასაშენებლად და დასამშვენებლად, ერთ–ერთი დიდი პარტიულ–სამეურნეო აქტივის შეხვედრაზე ზემოთაღნიშნულმა სივსივაძემ ხმამაღლა და უიმედოდ რომ განაცხადა, ვინც ამ დარბაზში მექრთამე, კორუმპირებული და ქვეყნის ამომგდები არ ზის, იმან მესროლოს დიდი ქვაო, წამოხტა ზურაბ ნუგზარის ძე, დააძრო პიჯაკის ჯიბიდან მართლაც კაი მოზრდილი ქვა და გაუქანა პირდაპირ თავში.
აბა, ის საწყალი, გამოუცდელი ქვა რას მოხვდებოდა იმდენ გვერდზე გაწევა–გახტომაში დახელოვნებულ სივსივაძეს, და სულ არაობას ეს მანც სჯობიაო, ეცა პრეზიდიუმში ასტამურ ვარგიანის ამაყად აღერილ თავს...
ამ მხურვალე შეხვედრით ტვინგადაბრუნებულ საწყალ ვარგიანს დღემდე საკუთარი ძაღლიც ვერ სცნობს, უკანა ფეხებზე ჩამჯდარი წინა ფეხებს ყბებზე რომ შემოიწყობს და გაოცებული შეაშტერდება, ნეტა ეს შავი კაცი ვინაა? თუმცა, ამას რას დავეძებ, ჩემი ასტამური სადაა?! რა ამბავია, რითი ვერ დამთავრდა ამდენი ხანი ის უპატრო აქტივი?!.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG