Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული ჩხუბი, ქართული დიალოგი


ავტორი: მარგო ჯაფარიძე

რამდეიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ჰოსტელში მომიწია მისვლა. იქ რამდენიმე სტუმარი დამხვდა, მათ შორის 26 წლის რობი, ცნობისმოყვარე, მხიარული, ჟღალთმიანი ინგლისელი ბიჭი. ვკითხე, ამ ერთი კვირის მანძილზე, რაც საქართველოში გაატარე, რაიმე თუ გამოსცადე ისეთი, რომ ქართულ და ბრიტანულ კულტურებს შორის დიდი სხვაობა დაინახე-მეთქი? დიდხანს არ უფიქრია და მითხა: "ქუჩაში რომ დავდივარ, ან სადმე ჩამოვჯდები, ვაკვირდები ხალხის საუბარს. თავიდან დავასკვენი, რომ ხშირად ჩხუბობთ. როცა ვუსმენდი მათ, ვიძაბებოდი ხოლმე, მაგრამ როცა ვინმეს საუბრის გადათარგმნას ვთხოვდი, მერე აღმოვაჩენდი, რომ სულაც არ ჩხუბობთ, არც კამათობთ, უბრალოდ ასე საუბრობთ, სერიოზულად და ხმამაღალი ტონით, თუ არ ვიცი ამას სხვა რა დავარქვა."

მე მგონია, რომ რობი მართალი იყო მანამ, სანამ ქართულ დიალოგს ვინმე გადაუთარგმნიდა. ის მაშინ იყო სწორი, როცა ფიქრობდა, რომ მე ჩემს მეგობრებს ხშირად ვეჩხუბები. რობიმ გამახსენა, რამდენ კონფლიქტს ვაწყდები ყოველ დღე არამარტო გარშემომყოფებთან, არამედ საკუთარ თავთანაც. ეს კონფლიქტი იწყება მაშინ, როცა თანამოსაუბრეს წინადადება არც კი დაუმთავრებია, ამ დროს მე ვამბობ ერთ მაგიურ სიტყვას, რომელიც ყველაფერს ისხლიტავს: "არა!" და თუ არ შეწყვეტთ საუბარს, მე კიდევ გამიმეორებთ არას და, როცა მესამედაც გამამეორებინებთ, ჩემს არას მოვაყოლებ თქვენი მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრებას. შევეცდები, მოგიგოთ საუბარში, რადაც არ უნდა დამიჯდეს, არ მოგისმინოთ, რომ საკუთარ ნათქვამში თავადაც ეჭვი არ შევიტანო. ასეთ საუბარში თუ მომიგეთ, ღამე მშვიდად არ დამეძინება. თქვენ თუ დანებებას არ აპირებთ, თქვენც თუ ჩემნაირი აზარტული ხართ და გინდათ, მომიგოთ, მაშინ მე უფრო ხმამაღლა ვისაუბრებ, რომ თქვენი ხმა გადავფარო. თქვენც ჩემთან ერთად ხმას აუწევთ. ჩვენ ვართ საშინელი მოსასმენი, საშინელი... ჩვენ არავინ გვისმენს. ჩვენ ერთმანეთსაც კი არ ვუსმენთ.

მაგრამ ხანდახან დამეზარება და წინააღმდეგობასაც არ გაგიწევთ. დავდუმდები.

მერე წითურმა რობიმ ისიც გამახსენა, რომ თბილისში რამდენიმე ადგილი მაქვს ამოჩემებული, სადაც ერთხელ ვიყავი, მაგრამ მეორედ აღარასდროს დავბრუნდები. მაგალითად, ბიბლიოთეკაში, სადაც ბიბლიოთეკარი ცუდ ხასიათზე დამხვდა. რიგი იდგა, მე პირადობის მოწმობას დიდხანს ვეძებდი საფულეში და ვერ ვპოულობდი. "გოგონა, ან პირადობის მოწმობა მომეცი, ან გადი!", - საფულედან მზერა ბიბლიოთეკარზე გადავიტანე. როცა დავინახე, რომ თვალები უკვე ორი სანტიმეტრით წინ ჰქონდა წამოწეული, გადავწყვიტე, სხვა ბიბლიოთეკაში უნდა დამედო ბინა. საფულე დავხურე და გამოვედი.

აღარ შევალ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან კაფე რომაა, იქ. კარგად მახსოვს, მიმტანი რომ მოვიდა ჩემს მაგიდასთან. მაშინვე მივხვიდი, რატომაც მიახლოვდებოდა. ამიტომ სკამიდან წამოვიწიე, მეორე სკამზე გადადებული ფეხი იატაკზე დავდე და წელში გავსწორდი. “არა, შეხედე, უკვე დასვარე სკამი, იმდენს ვერ ხვდები, რომ აქ ყველაფერი ახალია?!”, - დამიყვირა და უკან გაბრუნდა. ჩემი ყავა ბოლომდე დავლიე და წამოვედი.

ყვითელ ავტობუსში რომ ვზივარ, სანამ წიგნიდან თავს ავწევ და ყურსასმენებს მოვიხსნი, მანამ ბებო მოემართება ჩემსკენ, ჯოხმომარჯვებული, ღია ცისფრად შეღებილი თმებით. სანამ წიგნს ჩანთაში ვიდებ, ბებიას ლანძღვა არ მესმის, რადგან მუსიკა უკრავს და ყურსასმენები ჯერ კიდევ მიკეთია. სანამ მუსიკას გამოვრთავ და ყურსასმენებს მოვიხსნი, ბებოს ჯოხის მოხრილი თავი მხარში მხვდება და უკვე მის სიტყვებსაც ვარჩევ. ასადგომადაც წამოვიწიე, თუმცა ის აგრძელებს: "ადექი ფეხზე, ადექი, ამოვდივარ და ვერ უნდა მიხვდე, რომ უნდა დამსვა?! დაიკარგა სულ ყველაფერი, გაურჭია ყურებში და არ ესმის ქვეყანაზე არაფერი. უზრდელი, თავხედი!" იქვე მეორე ქალიც გამოექომაგა. ჩათვალეთ, რომ მთელი ავტობუსი საქმის კურსშია. ამ დროს ყველა თვალი თქვენ გიყურებთ და ბევრი თვალი თქვენ გკიცხავთ. ეს ის შემთვევაა, როცა ყვითელ ტრანსპორტს თავს სამუდამოდ ვერ აარიდებთ. ამიტომ უახლოეს გაჩერებაზე ჩამოდიხართ და შემდეგი ავოტბუსის გამოჩენას ელოდებით.

ბრაზდებით და არ გინდათ, იყოთ ცხოვრებაზე გამწარებული ბიბლიოთეკარი, მიმტანი ან ბებია, არც დედა გინდათ იყოთ, ყოველ დილით ხასიათს რომ გიფუჭებთ და გეჩხუბებათ, არ ჩაიცვათ ყოველ დღე კედები. ბებო ჯერ კიდევ ავტობუსში ზის და ისევ თქვენს საქციელზე უამბობს ახლად ამოსულ მგზავრებს. ამ ლაპარაკში იგი უნივერსიტეტის გაჩერებას მაშინ ჩაუქროლებს, როცა ოთახში თქვენი ლექტორი შემოვა და ლექციის კითხვას დაიწყებს. თქვენ უკვე მეორე ავტობუსში დგახართ, ავტობუსი კი - საცობში. მძღოლი მანქანებს შორის გასაძრომს ეძებს და იგინება.

თქვენ უკვე იცით, რომ ლექციაზე დააგვიანეთ, მაგრამ გახსოვთ, რას ამბობდა ჟღალთმიანი რობი?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG