Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარდო და მრეცხავი ქალები


ავტორი: მაცაცო კოჭლავაშვილი

ამ წელს საახალწლო პროგრამიდან ყველაზე მეტად ‘ვერის უბნის მელოდიები’ ჩამრჩა გულში. შობას ვუყურე. გუშინ კი სპეციალურად მოვძებნე ინტერნეტში და ხელმეორედ ვუყურე იმ სცენიდან, როცა მრეცხავი ქალები ბიოკოტს აცხადებენ და სუფთა სამოსის გარეშე ტოვებენ ქალაქს.

მივხვდი, რომ ყოველთვის მომწონდა მთავარი გმირი - მრეცხავი ვარდო. მშრომელი, მებრძოლი, მოსიყვარულე, უშიშარი ქალი. ის და მისი მრეცხავი ქალები მთელი დღე რეცხავენ, ქალაქის დიდსა და პატარას რომ სუფთად ეცვას. რეცხავენ დღითა და ღამით... ასე ინახავენ თავიანთ ოჯახებს და ასე ემსახურებიან ქალაქს. თუ უსამართლობას შეხვდებიან, იმაზეც ხმას იმაღლებენ. მოკლედ მაგარი ქალები არიან.

ვარდოს მედროგე პავლე უყვარს და მის ორ შვილზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარზე.

მედროგე პავლე რაღაცნაირი უნიათო ლოთი კაცია, რომელიც თავისუფალ დროს დუქანში ატარებს და არა შვილებთან. თითქოს თავისი თავი უფრო ეცოდება, ვიდრე მარტოდ დარჩენილი მშიერი შვილები და ამის გამო კიდევ უფრო ხელი ჩაუქნევია ამ ცხოვრებაზე და გალოთებულა.

ახლა რომ ვფიქრობ, რამდენი ასეთი ვარდო და პავლე მინახავს - ქალი, რომელიც სულ შრომობს და ოჯახსაც უვლის, ბავშვებიც მხოლოდ მის ხელში იზრდებიან. შეშასაც ის შოულობს და ქვაბში ხორციც მისი მოტანილია. კაცი, რომელიც თავს უბედურად გრძნობს, გალოთებულია და რეალობის შეგრძნება დაუკარგავს, ბუხარში ცეცხლი და ქვაბში ხორცი ციდან ჩამოვარდნილი ჰგონია. ან კი თავისი ნაშოვნი. ბავშვების სიმღერას ‘მამამ შეშა მოგვიტანა... მამამ ხორცი მოგვიტანა’ თვითონაც იჯერებს.

ფილმში ჩემი საყვარელი სცენაა, ვარდოს დაკავების მერე მრეცხავი ქალები სოლიდარობის ნიშნად მუშაობას რომ წყვეტენ. ტოვებენ ქალაქს სუფთა ტანსაცმლის გარეშე და სხვადასხვა ფენისა თუ პროფესიის ხალხი იძულებული ხდება თვითონ გააკეთოს საქმე, რომელსაც აქამდე მხოლოდ მრეცხავი ქალები აკეთებდნენ. ქალები დაანახვებენ მთელს ქალაქს, რომ მათი შეუმჩნეველი საქმიანობა ძალიანაც მნიშვნელოვანი ყოფილა.

ფილმი კეთილად მთავრდება ისე, როგორც ყველა საშობაო ზღაპარი. ფილმის ბოლოს ყველა ბედნიერი და კეთილია. და შენც გიხარია. ხედავ, რომ პავლეს გოგოებს დედა გამოუჩნდათ, სარჩო-საბადებელზე თვითონ აღარ მოუწევთ ზრუნვა - გართობის დროც ექნებათ და ტანცკლასისაც.

ხედავ, რომ ყველამ დააფასა ვარდოსა და მრეცხავი ქალების შრომა. ვარდოს დაფასებისთვის უსინდისო პოლიციაც კი კეთილად გეჩვენება.

სამწუხაროდ, ჩვენს რეალურ ცხოვრებაში არავის აინტერესებს ვარდო ან ვარდოსნაირი მშრომელი ქალები. ან ვინ აფასებს მათ შრომას?! ჩვენში ხომ მხოლოდ ელეგანტურ ქალბატონებსა და ქურქებს აფასებენ.

P. S. უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი, რომ ‘მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ’ პრინციპი არც თუ ისე მოსაწონია, მაგრამ რა ვქნა რომ გულის სიღრმეში მხიბლავს ეს ამბავი. ისეთ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, რომ მდიდარი ძირითადად პრივილეგირებული ბობოლა მგონია, რომელმაც უსინდისოდ იშოვა ფული და ახლა მორალს სხვას უკითხავს.

შობა-ახალი წელია, ნახევრად ზღაპრული პერიოდი და ხომ იცით ზღაპარში ყველაფერი რომანტიულად ჩანს - ხოდა მეც ვიტყვი: მაგარია ვარდო, ბობოლების ხარჯზე გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება და ცხოვრებას ულამაზებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG