Accessibility links

ავტორი: მიშო ტატანაშვილი

ტელეფონში მაღვიძარა რომ ჩაირთო, დილის 6 იყო. კაკოია ლოგინზე წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და ამღერებული ტელეფონი გამორთო. ოთახში ბნელოდა. მუქ ფარდებში ოდნავ ატანდა ამომავალი მზის სინათლე. კაკოიამ თავისივე გამთბარი პლედი წამოისხა, ფარდა გადასწია და ფანჯარა გამოაღო სიგარეტი რომ მოეწია.
რაც თავი ახსოვს ეწევა. წამითაც არ უცდია მიენებებინა თავი. მაგრამ, დილას პირველ ღერს ისე ხარბად ექაჩება, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ესაა ექიმმა მძიმე ოპერაციის შემდეგ ნება დართო კვლავ მოეწია. სიგარეტი მისთვის საუზმეცაა და ვახშამიც.
მალევე ჩაიცვა. სახლს თვალი მოავლო და კარი გაიკეტა. მანქანაში სიცივე ჩაბუდებულიყო. სანამ ძრავი სათანადოდ გახურდებოდა გადაწყვიტა ერთი ღერი გარეთ მოეწია მეეზოვე გალუსტინთან ერთად. ვეტერან მეეზოვესაც, შეყვითლებულ ულვაშში, აუცილებლად უნდა ჰქონოდა ერთი ღერი პრიმა გარჭობილი და ისე ექნია ცოცხი. კაკოიამ მანქანიდან ხალიჩები ჩამოიღო და დაფერთხა. ახლა ტილო ონკანზე დაასველა, მანქანა გარედან რომ გაეწმინდა. მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო მოყვითალო, პლასტმასის ყუთი წარწერით -TAXI და თავის ,,მაგრად ნატაქსავებ” ოპელს დაადგა სახურავზე.
გალუსტინმა ღიმილით გადაუკრა- ეტლი ხომარ დაგიძველდაო. კაკოიამ მანქანას გადახედა- რას ლაპარაკობ, რაც ამ მანქანამ მე პატივი მცა. ჯერ გზაზე არ დავუტოვებივარ და რატომ გავყიდო ან რავიყიდო უკეთესიო- ისეთი დამარწმუნებელი კილოთი უპასუხა, რომ გალუსტინმა ხელახლა სხვა, გამომცდელი თვალით შეათვალიერა მანქანა.
პლეხანოვს შეუყვა კაკოია და რადიო მიმღები ჩართო. გადაცემაში რომელიღაც ქართველი კინორეჟისორი მოეწვიათ. ჟურნალისტის შეკითხვა იყო- თუ რატომ გადაიღო ფილმი ასეთ თემებზე და რა იყო მიზანი. რეჟისორის პასუხმა კაკოია გააღიზიანა. ,,ეს ხომ რეალობააო“-საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული კილო ჰქონდა ამას რომ ამბობდა. რადიო გამორთო.
-იცი მეგობარო-გახედა სარკეში კლიენტს. ამდენი რეალობაც ალბათ არ შეიძლება! რეალობა ახალ ამბებშიც გვეყოფა და ყოველდღიურობაშიც. ფილმს თუ იღებ, იმდენი მაინც უნდა გააკეთო, სხვა სამყაროში გადაიყვანო ხალხი დროებით და დააფიქრო. ამ რეალობას ყველა ვცდილობთ გავექცეთ და როგორმე სიამოვნება მივიღოთ. ეს კიდე გამოდის და მეუბნება რეალობაა და იმიტომ ვიღებო. ვინ ჩემი ფეხები ხარ მერე შეჩემანალა…
- რა ბრძანეთ?- ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც ყურსასმენები ეკეთა ახლაღა გამოერკვა რომ მას ელაპარაკებოდნენ.
-ეეეჰ შენ არაფერი, ჩემთვის ვთქვი რაღაც.სულ წაუხდა გუნება კაკოიას.


საღამოს, როგორც წესი რესტორანთან გაჩერდა. ნაცნობ ტაქსისტებს მიესალმა და საუბარში ჩაერთო.
-გაიგეთ? -ამბობდა ერთი- დღეს მოვისმინე, რამდენიმე თვეში ტექ. პასპორტები შემოვაო ისევ. მე ამათი დედა…
-ვააჰ! მაშ რას გეუბნებოდით? გაუჭირდათ უკვე ჰომ? აღარ აქვთ ეტყობა ბიუჯეტში ფულები…
-ბიჭოს ეს ვიდეო ჯარიმები არ გვეყოფოდა ჯერ…
-შემოვიდეს და შემოვიდეს ტო! რავქნათ იქნება ეგრეა საჭირო-ჩაერთო კაკოია.
-რაო? შენ ძმაო, ეტყობა ბოლო გამოშვება მერსედესი გყავს და გკიდია. ჩვენ ვიკითხოთ 30 წლის მანქანებით რომ დავჩავჩაქებთ-დაცინვის კილოთი უპასუხა გაღიზიანებულმა ულვაშებიანმა, რომელიც ძალიან ააღელვა ამ ამბავმა.
-რაიყო მერე, რა სჭირს ისეთი შენ მანქანას ? -ღიმილით ჰკითხა კაკოიამ.
-კაკო კაკო… მგონია რომ მანქანაში ჭიპი გაქვს მოჭრილი. რა უნდა სჭირდეს. ჯერ ერთი, ამათი ხარისხიანი ბენზინის ხელში, დიდხანს ვერაფერი მანქანა ქაჩავს. მერე, ჭკვიანები რომ არიან, ჩამოჰყავთ თუარა მანქანები, მაშინვე მიარბენინებენ რომ ,,კატალიზატორი“ ჩამოიღონ და 2 კაპიკი აიღონ. ეგ კატალიზატორი კიდე რომ დაგჭირდეს ერთი მანქანის ფასი კი დაგიჯდება! შემოვა ტექ პასპორტი და ყველას მოგვიწევს ყიდვა! გვინდა მერე ეგა? არა ძმაო… მე ოჯახი მყავს სარჩენი აქ. ხვალ ზეგ ბავშვის სწავლის ფული უნდა ჩავრიცხო. კიარ ,,ვკატაობ’’ ჰაერზე…
-მასეთი ძვირი თუა, რატომ შემოაქვთ? ვითომ, მაგის უკანაც ვინმეს ბიზნესების ამბავი იქნება?-დაინტერესდა კაკოია.
-აბა შენ რა გგონია? მიზეზები, იცოცხლე ისეთები მოიგონეს… მავნე ნივთიერებები ჰაერში 100-ჯერ გადაჭარბებულიაო და კიბო და გულის ამბები სულ იმის ბრალია თურმე, რომ ჩემი მანქანა ბოლავს! რაღა ეხლა დააბრალეს ჩემ ,,გლუშიტელს’’ ამდენი დავიდარაბა? ბარემ ,,სროკზე’’ გამიშვან ამდენი ადამიანის სიკვდილში თუ ვარ დამნაშავე! 30 წელია ეგა გვყავს და რაც თავი მახსოვს ბოლავს. არავინ დავხოცილვართ ჯერ და ვსუნთქავთ. ჰაერია რა… ყველას ეყოფა!
-ჰო, მარა, თუ ყველასთვის სავალდებულო იქნება, ჩვენც უნდა დავაყენოთ როგორმე. მართალია ეგ ყველაფერი. ხეებს ლაწა-ლუწი აუყენეს პარკებში. აღარაფერი დაგვრჩა რომ გაფილტროს ჰაერი და ჩვენ კიდევ ვუმატებთ. რაც ღირს ვიყიდით და დავაყენებთ რა ვუყოთ- მორიდებით თქვა კაკოიამ, გულში კი თვითონაც ცოტა შეშინებული იყო…
ტაქსისტები ამაზე ერთბაშად აჭყივლდნენ. კლიენტი აღარავის ახსოვდა. არა ძმაო! ჩვენ მაგაში ფულს არ გადავიხდითო! -გაიძახოდნენ.
იმ წუთას კაკოია იყო მარტო ამ აზრის მოწინააღმდეგე და დანარჩენებიც ეტყობა, საკანონმდებლო ორგანოდ აღიქვამდნენ მას, ისე უპროტესტებდნენ ცხვირწინ ამ ახალ ინიციატივას.
-ძმებო! ოქროყანაში თუ ასულხართ რომელიმე ბოლო დროს?-იკითხა უცებ კაკოიამ.
მერე ეგ რაშუაშიაო- შემტევი კილოთი ჰკითხეს დანარჩენებმა.
-აი რომ ახვალთ, იქიდან თბილისს რომ გადმოხედავთ, მის თავზე დიდ, შავ ღრუბლისმაგვარ მასას რომ დაინახავთ, მერე თქვენ შვილებს და შვილიშვილებს რომ წარმოიდგენთ როგორ სუნთქავენ ამ მასას ყოველ დღე… მერე, თუ არ დაიზარებთ და გაიგებთ რამდენი სიმსივნის შემთხვევა არის დაფიქსირებული, რა ჯდება ჩვენთან კიბოს მკურნალობა… ონკოლოგიური საავადმყოფოს პაციენტიც თუ აღმოჩნდა თქვენი კლიენტი და უმოძრაო, უმეტყველო თვალებში შეხედავთ… აი მაშინ მოდით და გავაგრძელოთ ამაზე დავა! წავედი ეხლა, მგონი ჩემი გასვლაა და კლიენტს ვერ გავუშვებ- ახალი კატალიზატორისთვის ვაგროვებ ფულს…
ტაქსისტები მდუმარედ უყურებდნენ ხან ერთმანეთს და ხან კაკოიას, როგორ მიდიოდა მანქანისკენ. მისი კლიენტი შუახნის კაცი იქნებოდა, ზომაზე დიდი ღიპითა და ჩამრგვალებული ლოყებით. უკან დაჯდა- ,,რემენის შეკვრა არ მევასებაო”. ეტყობოდა, საკუთარი ქამარიც ჰყოფნიდა. ჩაჯდა თუარა სუნთქვა- ხროტინზე გადაუვიდა და ამ ხროტინის ფონზე წუწუნს მოჰყვა. – ამათი ახვარი დედა ვატირე, სამსახურის გარეშე უნდათ დამტოვონო!
-სად მუშაობ ან ვინ გიპირებს გაგდებას?- დაეკითხა კაკოია.
-მთავრობა ძმაო მთავრობა! ეს ახალი სტანდარტებიო, ტექ პასპორტებიო, გამართული მაყუჩებიო… ვიღაც მოცლილებიც ახლა აჭყივლდნენ ხეები არ გაჩეხოთო! კიმარა შე კაი ადამიანო, თუ არავინ მოიწამლა. თუ არავის არაფერი მოუვიდა… ვინღა ამოვა იმხელა გზაზე ონკოლოგიურში? ბავშვი მეკითხება ამ ზამთარს ბაკურიანში ხომ გამიშვებო? რა ჩემი ფეხებით გავუშვა მერე მე ამათი….ჰა? მართალი არ ვარ შოფერ? -შეეკითხა სიცილით.
კაკოიამ სიგარეტს მოუკიდა, მაგრად მოქაჩა და რადიო ჩართო. ოპელის სალონში, ბოლო ხმაზე Виктор Цой-ს Перемен გუგუნებდა. უკანა სავარძლზე, მთვრალი კლიენტი ხითხითებდა და ხელებით რაღაც საინტერესოს უხსნიდა კაკოიას, რომელიც დიდი ხანია, მხოლოდ და მხოლოდ სიმღერის რიტმზე აქნევდა თავს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG