Accessibility links

logo-print

ავტორი: მიშო ტატანაშვილი

სრულიად არაფერი, მედიატორი მიჭირავს ხელში და რიტმულად ვუსვამ გიტარას სიმებზე. შემდეგ, მედიატორს ვცვლი შედარებით რბილით და ახალ რიტმზე გადავდივარ. ჩვენ მედიატორები ვართ. სხვისი გამოძახილები. ეს გვაერთიანებს და ამიტომ მას სულ თან ვატარებ.

რამდენიმე დილაა გულძმარვა მაღვიძებს. წამოვჯდები ამ დროს და ვგრძნობ როგორ იწვის შიგნით რაღაც და ვერ ცხრება. პირველ დღეს მინერალური წყალი ვცადე და თავიც დავაჯერე რომ გამიარა. მეორე დღეს საჭმელი შევცვალე და აი ასე ექსპერიმენტებს ვაკეთებ უკვე მერამდენე თვეა. ამ ბოლოს განსაკუთრებით შემაწუხა. სადღაც გაგონილი გამახსენდა- საწოლზე მჯდომარეს- თუ მოიწამლე, რის ხსენებაზეც ცუდი რეაქცია გაქვს, ესე იგი იმან მოგწამლაო. რადიომაღვიძარა ჩაირთო- იდიოტობაა ეს ავტომატური მოწყობილობა-ვერასდროს ამუღამებს როდის უნდა დარეკოს და როდის არა. მოძრაობის სენსორი თუ რაღაც მოეშალა… მორიგი აქციის შესახებ რეკლამა გავიდა. შემდეგ, ახალი ავტომობილის, შემდეგ გემრიელი კერძების მქონე რესტორანის შესახებ. შემდეგ სენსაციური ენერგეტიკული სასმელის რეკლამა და ჩემმა გულძმარვამ პიკს მიაღწია. ისევ გადავწექი მაგრამ იმდენად შეკუმშული მაქვს ყველა კუნთი, რომ ტკივილისგან ვერ ვსწორდები. ღრმად ვსუნთქავ, სახეზე ოფლის წვეთები მიღოღავენ. ფანჯარასთან მივხოხდი და გამოვაღე. ცივი ჰაერი შუბლს ეამა მაგრამ უარესად მომგრიხა. გადავიხარე ფანჯრიდან და ხარბად დავიწყე ღმად სუნქვა. ის იყო გონება გადაიწმინდა და ოდნავ მოვსულიერდი და მეზობელ კორპუსზე აღმართულმა უზარმაზარმა ბილბორდმა თვალი მომტაცა. გოგონა ხელოვნური იერით ჩემი ჯანმრთელობის გარანტიას მაძლევს თუ მის კლინიკას ავირჩევ… ალბათ იმდენი ხანი ვარწყევდი, სადამდეც ადამიანის რეკორდი იქნება ამ საქმეში. იმას არ ვამბობ რომ რეკორდი მე მეკუთვნის, მაგრამ კორპუსის ეზო ვიცი მნიშვნელოვნად დავაზარალე. თავბრუ ისეთი სისწრაფით დამეხვა და მიწამაც ისე მიმიზიდა კინაღამ გადავვარდი. ალბათ ნარწყევისგან ვეღარც გამარჩევდნენ.

ჰოპ… გრილი აბაზანა, მძაღე და ძლიერი ყავა და სიგარეტი.

ახალ პროექტზე ვმუშაობთ სამსახურში. გრანტი მოვიპოვეთ და სასწრაფოდ უნდა ავამაღლოთ რეგიონებში ადამიანების ცნობიერება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ- ეკონომიკურ პროცესებზე. აქცენტი მოზარდებზეა. მოზრდილები უკვე ჩვენ სეგმენტში ვერ ჯდებიან- ზედმეტი ძალისხმევაა. პროექტის სლოგანი, ბანერი და აფიშა უნდათ რომ დავამზადო. რამდენიმე დღეა ერთი და იმავე დროს მეღვიძება და ასე იწყება დღე. მიზეზი უცნობია, მაგრამ ხანდახან, გულის სიღრმეში, ადამიანს სწამს რომ ეს იმ ცუდი საქციელების გამო ხდება, რაც კი ჩაიდინე ცხოვრებაში. შენმა მრიცხველმა ბევრი წერა და ახლა გადახდის დროა და მისთანები… მე კიდევ ვზივარ ტაქსიში და თვალებში ათასობით რეკლამის ანარეკლი კრთება წამში. ეს ინფორმაციები არ მჭირდება და შეგნებულად არ ვაქცევ ყურადღებას. მაგრამ წინა დილას, ზუსტად იმ მომენტში როცა გულის რევა დამეწყო, ეს კადრი ამომიტივტივდა გონებაში- შენი საკუთარი ბანკირი- სოლიდურ პიჯაკში გამოწყობილი მომღიმარი ტიპი – პორტფელით ხელში. ყალბი ღიმილით. ეტყობა გონებამ დაილექა. ვეღარ გაფილტრა უამრავი ინფორმაციის ნაკადი… სრულიად არაფერი. ისე მძლავრად მომაწვა რაღაც ყელში, თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ ტაქსისტის ტვლიპინა თავზე მოუწია მიფრქვევა ჩემ დილანდელ მცირედ საუზმეს. შევეზიზღე ალბათ. გაწმენდის ფული გადავუხადე და გავუშვი. უცნაურობაა, ყოველი დილა ასე იწყებოდა აქამდე. არ შეიძლება ყავას და სიგარეტს მოვეწამლე. პარკში დაბალ ფანტანთან უხერხულად ჩამუხლული ვცდილობ ტანსაცმელი მოვიწესრიგო. მშვენიერი ამინდია, მშობლები ბავშვებს ასეირნებენ და ამბები… ვაკვირდები როგორ ერთობიან პატარები პლასტმასის ატრაქციონებზე. სულ არ აინტერესებთ აქ რატომ ვარ, ვინ ვარ და ა.შ. მოზრდილმა ავტობუსმა ჩაიარა ბავშვების უკან, ოჰ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეიძლება მეც ავტობუსით წავიდე, ტაქსებში თუ გული ამერია ვერ მივაღწევ დღეს სამსახურამდე. ავტობუსი მწვანედ არის შეფუთული პოლიეთილენის დიდ, ნასვრეტებიან პაკეტში და მთლიანად მწვანე ჩაის რეკლამაა. დროულად მოვასწარი და შევტრიალდი… სრულიად არაფერი ამოვიღე კუჭიდან. უბრალოდ ჭინთვები იყო. ძლივს ავდექი, ყველაფერი მეტკინა. ჰოდა, მივხვდი…

თვალებზე დურბინდივით დავიკავე ხელები, ცალ ხელზე პორტფელი მკიდია. ესე იმიტომ, რომ თვალი გზიდან სხვა რამისკენ არ გამექცეს. გზაზე გავედი, ტაქსი გავაჩერე და ჩაჯდომამდე რადიო გამოვართვევინე. მგზავრობის დროს თავი არ ამიწევია მუხლებიდან. სახლში ავედი თუარა დავრეკე სამსახურში და ჩემი შეუძლოდ ყოფნის შესახებ გავაგებინე. ყველა ვერ მიხვდება… წარმოიდგინონ ერთი-ფეისბუქზეც კი შესვლა არ შეგიძლია იქ ხომ უამრავი რეკლამაა. ფსიქოლოგის ნომრის შოვნის გამო, კიდევ ერთხელ მომიხდა ჭინთვების გაძლება. იმან მითხრა -ფობიას ჰგავსო- შეიძლება ემეტოფობიააო. მემგონი გიჟი ვეგონე და უგულისყუროდ მისმინა, თორემ ეგეთ სისულელეს არ იტყოდა. გულის რევის კიარ მეშინია, არა უფრო სწორად უკვე მეშინია, მაგრამ ეგ სხვა რამის გამო დამემართა და ამ ყველაფრისმცოდნე ვინმეს ვერ გავაგებინე. მეორე ფსიქოლოგის ძებნა აღარ დამიწყია, მეგობარს დავურეკე. მოკლედ, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე ჩემი პროფილით დაეპოსტა ფეისბუქზე ჩემი სიმპტომები და თუ ვინმესთვის ნაცნობი იყო ასეთები, შემხმიანებოდა.

მედიატორი გადამიტყდა. სულ ასე მოსდის. თხელებს ეტყობა ვერ აკეთებენ კარგს. მომაწოდეს მეორე და დაკვრას ვაგრძელებ. უკვე გაივსო ჩემი სახლი. ჰო სოფელში რომ მქონდა. სოფელიც რომ მქონდა მერე გავიხსენე- მორიგი ჭინთვების დროს. ვინც პოსტს გამოეხმაურა და დამირეკა აქ ჩემთან, სოფელში მივიპატიჟე. მე უკვე არამიშავს. დილაობით სულ იშვიათად მაწუხებს შეტევები. ახლებს უჭირთ ცოტა. სანამ მათი გონება დალექილ ნაგავს გაწმენდს, მანამდე აივანზე არიან გადაყუდებულები. რა პროფესიის ხალხი აღარ შევიყარეთ… დიდი მიწა არ მაქვს, მაგრამ იმდენი არის რომ ყველაფერი მოგყვავს რაც გვჭირდება. არ არის რთული, მოთოხვნა რამდენჯერმე და ამბები. ისე სანატორიუმს ჰგავს ჩემი სახლი და ერთი პერიოდი გავიფიქრე – რეკლამა ხომარ გავუკეთო- მეთქი… ამაზე ისეთი ჭინთვები დამემართა ეგრევე გადავიფიქრე. ფილმებიც გვაქვს, მაგრამ არ ვუყურებთ. ერთხელ შუა ყურებისას კოლექტიური რწყევა გავმართეთ-25-ე კადრი თუ იქნებოდა ჩაკერებული სადმე, თორემ თვითონ ფილმს არაუშავდა.

მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებს გელოდებით. ისე წიგნებიც გვაქვს და ხანდახან მუსიკასაც ვუკრავთ. მოკლედ, სრულიად არაფერი…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG