Accessibility links

logo-print
ავტორი: ნენე გიორგაძე

თუკი ვამბობთ, რომ თავისუფლებისაკენ ვისწრაფვით, საჭიროა თუ არა ვუპასუხოთ კითხვას: რა არის თავისუფლება? აი, რას ამბობს ლექსიკონი: თავისუფლება - დესპოტური მთავრობის კონტროლის, გარე ან უცხო წესის, მონობის, არარსებობა; შეზღუდვების, შევიწროების არარსებობა...

გადის თუ არა ერის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გზა პიროვნების თავისუფლებაზე? და თუ ასეა, სანამ ერის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, პიროვნების თავისუფლებაზე უნდა ვიმსჯელოთ.

რა არის „პიროვნების თავისუფლება“? თუ იგი არის „შეზღუდვების არარსებობა“, მაშინ ვერ წარმომიდგენია ერთი ადამიანიც კი დედამიწის ზურგზე, რაიმე შეზღუდვა რომ არ ჰქონდეს დაწესებული, თუნდაც თავისივე ნებით, თუნდაც გარეგანი ან ფიზიკური (მოაზროვნე ადამიანი ხომ ციხეშიც თავისუფალია). თუ „პიროვნების თავისუფლება“ არის “вседозволенность”, მაშინ აზრი ეკარგება ასეთ თავისუფლებას, რადგან იგი ექსტრემიზმში გადადის, ექსტრემიზმს კი ბოროტი ქმედების დიდი პოტენციალი აქვს... ასე რომ, თუკი „თავისუფლება“ არ არის კონტაქტში მაღალ იდეალთან ან ღირებულებასთან, მას პოტენციური საფრთხე ახლავს თან. ქართულ ენაში ეს სიტყვა შესისხლხორცებულია რელიგიასთან (თავის უფალი), შესაბამისად - მორალური ღირებულებების შკალასთან... დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ეს შკალა დარღვეულია, ღირებულებებს ვისაც როგორ სურს, ისე ანაცვლებს, და ვისაც როგორ უნდა იმ კონტექსტში იყენებს ამ სიტყვას: თავის-მეფე, თავის-პრეზიდენტი, თავის-კანონი, თავის-არჩევანი... მივადექი სწორედ იმ სიტყვას, რომელიც ასე ძვირფასია პირადად ჩემთვის, როცა პიროვნების თავისუფლებაზეა საუბარი: იგი არჩევანის გაკეთების თავისუფლებას გულისხმობს, როცა „არჩევანი“ არის გააზრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სხვა ადამიანების ჩარევის გარეშე. სხვა მხრივ კი, ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი ცნებაა „პიროვნების თავისუფლება“.

რადგან „პიროვნების თავისუფლება“ ჩემთვის მაინც ბუნდოვანია, თუმცა არჩევანის გაკეთებას გულისხმობს, მით უფრო გაუგებარია რას ნიშნავს ქვეყნის თავისუფლება. თუ პიროვნებას ჩავანაცვლებთ ქვეყნით, და ვიტყვით, რომ ქვეყნის თავისუფლება არჩევანის გაკეთებას გულისხმობს, როცა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და საზოგადოების ნდობა, გააზრებული ქმედებების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უცხოს ჩარევის გარეშე, - არა მგონია ეს იყოს მოდელი დღეს ასე მოდური “დემოკრატიული საზოგადოების“, რომელიც უფრო ბოლშევიზმს მაგონებს, სადაც განაგებს „უმრავლესობა“. არადა, ისტორია ცხადყოფს, რომ სწორედ ერთეულებს მიჰყავთ წინ კაცობრიობა და ეს ერთეულები არ არიან „უმრავლესობაში“...

დღევანდელ გლობალურ რეალობაში, ვგონებ, არ არსებობს სახელმწიფო და შესაბამისად, მთავრობა (საქართველოს მთავრობა გამონაკლისია), რომელიც არ ითვალისწინებდეს მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკაში და ა.შ არსებულ ვითარებას, და შესაბამისად არ რეაგირებდეს... ამ კონტექსტში „სახელმწიფოებრივი“ თუ „პოლიტიკური თავისუფლება“ სულ უფრო მეტად უახლოვდება ისეც ცნებებს, როგორიცაა „საჭიროება“, „ადეკვატურობა“, „შორსმჭვრეტელობა“ და სულ უფრო მეტად პრაგმატული ხდება...

მოკლედ, რომ არავინ დაიბნეს - არაფერს ვამტკიცებ და „თავისუფლებასთან“ მიმართებაში კითხვები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე პასუხები. რაც შეეხება საქართველოს, ჩემი აზრით, იგი ჯერ უნდა შედგეს, როგორც სახელმწიფო, სადაც, პირველ რიგში, მასში მცხოვრები ადამიანების პატივისცემის და კეთილდღეობის მიმართ იქნება ინტერესი და არა „ინვესტიციების“, „ნატოს“, „ევროკავშირის“ და სხვათა მიმართ, და პირველ რიგში, ამ ადამიანების არჩევანის უფლება იქნება დაცული. თუ ასეთი სახელმწიფო შედგა, მერე, - კი ბატონო, ვიმსჯელოთ „თავისუფლებასა“ და მსგავს მაღალ მატერიებზე...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG