Accessibility links

logo-print
ავტორი: ნიკა გედევანიშვილი

ორი ოთხშაბათი გავიდა, რაც „თბილისის ზოოპარკის“ გვერდმა დაწერა, რომ მათთან „რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა“. 10-12 წლის ბავშვებმა ცივეტას (ასე ჰქვია ცხოველს) ცეცხლი წაუკიდეს.

ცივეტას, როგორც ზოოპარკის fb გვერდი გვაცნობებს, მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა. თუმცა შეიძლება „ცეცხლის წაკიდებაზე“ გავჩერდეთ - მთავარია, ბავშვებმა ცხოველი დასაწვავად გაიმეტეს.

რა თქმა უნდა, ინტერნეტმა აიტაცა ეს სიახლე და აღარავის დაეზარა, გამოეხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ბავშვების, მათი აღზრდის, მშობლების მიმართ - რასაც, სრულიად შესაძლოა, მიეძღვნას რაიმე უმიზნო გვერდი. ეგ ცარიელი სიყალბეა და ამ აზრის განსამტკიცებლად ისიც იქნება საკმარისი, რომ ხორცის ჭამა ხალხისთვის ბუნებრივ საქციელადაა მიჩნეული. ჩვენ მხოლოდ დაკვლა არ შეგვიძლია - ჭამა კი აუცილებელია, სულ ჯანებში მიდის (ან რამდენი ქალი ამაყობს ცივეტას მსგავსი ცხოველებისგან ახეული ტყავით).

და მაინც, ამ საშინელი საქციელის გამო ვინმე უნდა დავადანაშაულოთ - ცუდად აწყობილი განათლების სისტემა, რომელმაც ბავშვებს ვაჟა-ფშაველა სათანადოდ ვერ ასწავლა, ან ზოოპარკის ადმინისტრაცია, დროულად რომ ვერ შეატყვეს ამ ბავშვების განზრახვა, კიდევ ბევრი რამ - ჩაუყევით კომენტარებს ინტერნეტში, თითქმის სულ ბრალდებებია.

საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი, ხშირად - მამა, ნიანგისტყავიანი საათისთვის გაყიდის სულს, სადაც ქალი, დედა, - რომელიც სინაზის და უანგარო სიყვარულის პირველი მაგალითია, ბეწვის გამო არ დაინდობს ჩვენი ზღაპრების გმირებს, სადაც ოჯახთან ქაბაბების და ჰამბურგერების ჭამა ბედნიერებაა, მაინც ბავშვის ბოროტული საქციელი მშობლების ბრალია და არა ჩემი.

ახლა ზოოპარკს დავუბრუნდეთ - ბავშვის ზოოპარკში წაყვანა ძალიან დიდი შეცდომაა. არაფერი ამაში განმანათლებელი არაა - ცხოველები ცხოვრობენ არაბუნებრივ გარემოში, სადაც არ შეუძლიათ ინსტინქტებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ დასუსტებულ, დაღლილ და დანებებულ ცხოველებს. მხოლოდ ვებ-გვერდზეა ყველაფერი კარგად, ჭრელ ფერებში, არავითარი საჩივრებით. გმირთა მოედნიდან ცოტა ხნით თუ გადახედავ, გული დაგეწვება - უფერულ გალიებში დათვები წრეებს არტყამენ რაიმე ახლის შესამჩნევად, კატისებრები თითქმის სულ წვანან და ხანდახან კუდს იქნევენ ყურადღების გადასატანად. ნუთუ საჭიროა, ადამიანს ბავშვობიდან ასეთი დაამახსოვრდეს ისინი?

რა გასაკვირია, რომ თუ ბავშვი ყოველთვის ზევიდან უყურებს ცხოველს, ერთხელ, გასართობად, სასიკვდილოდაც გაიმეტებს.

ჩვენ არ ვაცნობიერებთ, რამდენი რამ გვაკავშირებს სხვა ცოცხალ არსებებთან და მათგან რამდენის სწავლას შევძლებდით, მათი სიცოცხლეების დაფასება რომ შეგვეძლოს. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ზოოპარკი, მაინც ტყვეობაა - ცხოველებისთვის კი თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანებისთვის.

სამწუხაროა, რომ ბევრი არ აიტკივებს თავს ცხოველების გამო, მაგრამ ერთი ადვილი რამის გაკეთება მაინც შეიძლება - ნუ დაგყავთ ბავშვები ზოოპარკში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG