Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: სალომე ბელქანია

- ალო, გამარჯობა საქართველოა?
- დიახ, რა გნებავთ?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს, რომელი წელია თქვენთან?
- უკაცრავად, ვერ მივხვდი...?
- არაუშავს, ალბათ ბევრი წელი დაგჭირდებათ მისახვედრად
- ტუუ...ტუუუ....ტუ...
ცარიელი სასტუმროები, ნახევრად აშენებული საცხოვრებელი კორპუსები, ძირს დაგდებული ნაგავი, დიდი შავი ჯიპები, გამონაბოლქვი, გაჩეხილი ტყეები, შევიწროებული და გამქრალი სასეირნო პარკები, ახალი წლის დღეებში აფეთქებული „ხლაპუშკები“, უცხოეთიდან მოზიდული ინვესტორები, უსამართლო კანონები.... აქვე ხელისუფლების გასახარად მივაწერ, „ნატო“, „ევროკავშირი“, პარაფირება, ხელშეკრულება, შეშფოთება..... ინტეგრაციაც საჭიროა და ევროპაც, მაგრამ....
სანამ ვაკის პარკი და სხვა მსგავსი პარკები, სანამ ხეები და ტყეები, გაიჩეხება და განადგურდება თბილისში, იქამდე ევროპისკენ და თუ გნებავთ, ამერიკისკენ, ყველანაირი გზა, თუ გზები ისე იქნება ჩახერგილი, რომ ბევრი ათწლეული და შეიძლება საუკუნეც დასჭირდეს მის გაკვალვას. სანამ ყველა ჩვენგანის გონიერება იქამდე მივა, რომ სასტუმროები, ჯიპები, ბინები და „ხლაპუშკები“, არაფერში არ გვჭირდება, თუ ქალაქში და თანაც ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, სუნთქვა შეუძლებელი იქნება, სამწუხაროდ, ბევრი პარკი გაუქმდება და ხე მოიჭრება. სანამ იმას არ გავაცნობიერებთ, რომ ქართველობას კი არა ფილტვებს (პარკების და ხეების სახით) გვართმევენ, სანამ ადამიანების საცემად უფრო ბევრი ხალხი გამოდის, ვიდრე რეკრეაციული ზონის დასაცავად, მანამდე ბევრი აქციის ჩატარება გახდება საჭირო.
ქვეყანაში, რომელშიც ახალგაზრდების უმრავლესობა, უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და შესაბამისად, ადამიანების უმრავლესობას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ზოგიერთი ორი დიპლომითაც „მარიაჟობს“, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობიერება საკმაოდ დაბალ დონეზეა, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ თუ ადამიანს პირადად არ ეხება პრობლემა, ეს მისი პრობლემა არაა. ამ დროს კი, რეკრეაციული ზონების განვითარება ქალაქში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ წელს, ან მომავალ წელს, ან იმის იქითა წელს, არ შეეხო ეს პირადად ვინმეს, უფრო მეტი დროის გასვლის შემდეგ, მას ეს პრობლემა აუცილებლად შეეხება.
ჩვენ მოგვწონს ევროპა და შევნატრით ამერიკას, ვგიჟდებით პარიზზე და ვოცნებობთ ვაშინგტონზე, მოგვწონს შვეიცარია და დავდივართ ლონდონში, მაგრამ ამავე დროს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ამ დიდ დედაქალაქებში და ქვეყნებში (ან პატარა ქვეყნებსა და დედაქალაქებში), თუნდაც ჩვეულებრივ ქალაქში და სოფელში, სწორედ იმ ლამაზ პარკებში და ტყეებში იზრდება და ყალიბდება ის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც ევროპას და ამერიკას ვეძახით. სწორედ ეს „მწვანე ადგილები“ არის მათთვის ღირსება და მომავალი, ისინი ასეთ ბუნებაში ზრდიან თავიანთ შვილებს და არა ასფალტზე ან ბეტონმოსხმულ სკვერებში, კორპუსებს შორის რომაა გაკეთებული, ნაცრისფერი და უღიმღამო.
ვფიქრობ, ადამიანის ცნობიერება იმითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რამდენად არის ბუნების მოყვარული ანუ რამდენად აზროვნებს ეკოლოგიურად. გავიხსენოთ, რომ „დიდი ადამიანების“ უმრავლესობა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სოფელშია გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ზუსტად იქ, სადაც ბუნებასთან სიახლოვეს გრძნობს ადამიანი. აზროვნება, იდეები, კრეატიულობა, თავისუფლება... ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბუნებიდან მოდის და შემდეგ, წიგნებიდან და კომპიუტერიდან.
რაღა თქმა უნდა, სასტუმროები, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და უცხოელი ინვესტორები, საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენთან, მხოლოდ ამ უკანასკნელ საკითხებს ექცევა ყურადღება, თანაც დიდი ყურადრება და არა ქალაქის უფრო ეკოლოგიურად დაგეგმარებას. ეკოლოგიურად აზროვნება ხომ მხოლოდ ნაგვის ძირს დაყრა და უმანქანოდ სიარული არ არის. ის უპირველესად, ადამიანზე ორიენტირებულ აზროვნებას და შესაბამისად, ქალაქის მაქსიმალურად გამწვანებას გულისხმობს. დიდ ქალაქებში გაშენებული პარკები ხომ მხოლოდ სილამაზისთვის არაა განკუთვნილი, პირიქით, მას ეს ფუნქცია ყველაზე ნაკლებად აქვს. ის უმთავრესად იმისთვისაა, რომ დაღლილი და ქალაქის მტვრისგან, არაადამიანური რეჟიმისგან და დაღლილობისგან გამოფიტული ადამიანი, გამოაცოცხლოს და დაასვენოს, მის ცხოვრებას სილაღე, ხოლო ფილტვებს სუფთა ჰაერი შემატოს.
ამ ბლოგით, არც არავის დამოძღვრა მინდა და არც ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, მაგრამ, ჩემი აზრით, ქართული საზოგადოების და საქართველოს განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ყველა ჩვენგანი საუთარ თავში, ამერიკას და უფრო სასურველ ევროპას იპოვის, რის შემდეგაც, ამ ყველაფერს გააცნობიერებს და მიხვდება, რომ ვაკის პარკით არც იწყება და მითუმეტეს, არ მტავრდება ეს პრობლემა. იქნებ ვინმესთვის, კონკრეტულად ეს შემთხვევა, იმის გაცნობიერების წინაპირობა იყოს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდია და საზიანო, მეტი არაფერი!
ბუნებრივია, ეს საკითხები, რაც ჩამოვთვალე, ყველას არ ეხება და მეტიც, უფრო მომრავლდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ. შესაბამისად, ქართველი ერი მაინც წინ მიდის და ვითარდება, ყოველ შემთხვევაში, სასურველია რომ ასე იყოს, თუმცა...
- ალო, გამარჯობა საქართველოა?
- დიახ, რა გნებავთ?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს, რომელი წელია თქვენთან?
- უკაცრავად, ვერ მივხვდი...?
- არაუშავს, ალბათ ბევრი წელი დაგჭირდებათ მისახვედრად
- ტუუ...ტუუუ....ტუ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG