Accessibility links

logo-print

ქალაქში ჩაკეტილ ხელოვანებს


ჩემი ქალაქელი მეგობრები ხშირად წერენ ღია წერილებს. ცდილობენ, თავანთი სათქმელი პირდაპირ უთხრან ადრესატს. შემდეგ, საზოგადოებაც ერთვება დებატებში. ზოგს მოსწონს, ზოგიც იგინება. მეც ვცდილობ ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ მოვახერხე და “Magti Fix–ის“ ინტერნეტით შემოვაბიჯე თქვენს სამყაროში.
მეც მინდა, მივწერო ღია წერილი თბილისსა თუ სხვა ქალაქში ჩაკეტილ ხელოვანებს. ვუთხრა მათ, თუ როგორ გვენატრება აქ თეატრი, კინო, მუსიკა , ხატვა და უბრალოდ, ჯანსაღი დისკუსია, აზრთა გაცვლა, საუბარი თქვენთან... თუმცა, როგორც წესი, ადამიანს გენატრება ის, რითაც ერთ დროს განებივრებული იყავი. ამ მხრივ, ჩვენი მონატრებაც სხვაგვარია, ოცნებას მინამსგავსი.
ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა მე თქვენთვის სათქმელი ბევრი მაქვს. ჩემი სოფელი დიდია, სახლი კი სადაც ვცხოვრობ იმაზე პატარა, ვიდრე, ალბათ წარმოიდგენთ. შეიძლება იფიქროთ რა ჯობია სოფელში ცხოვრებას, ბუხართან ჯდომას და წიგნების კითხვასო, თუმცა არც ისე ადვილია აქ ცხოვრება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წერილში, რომლის გასაჯაროების დიდი მოლოდინიც არ გამაჩნია, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე დაინტერესდება და თავს დაიღლის ჩვენს (სოფელში მცხოვრები მომავალი თაობის) პრობლემეზე ფიქრით. თუმცა, თქვენ როგორ გაგამტყუნებთ...სკოლამდე მისასვლელი ბილიკიც კი არ არის გამართული, არა თუ დედაქალაქიდან ხელოვანებისათვის ჩამოსაღწევი გზა.
საქართველოს დედაქალაქი მართლაც გული და სულია ბევრი ადამიანისათვის. იმდენად ბევრს ნიშნავს მათთვის სწრაფადგანვითარებადი ცხოვრების რიტმი, რომ დროში ჩამორჩენის შიშით განმსჭვალულები, სწრაფმავალი მატარებლის კუპეში შეკეტილან და მათი ცოდნა გარესამყაროს შესახებ, მისი ფაქტობრივი არსებობით შემოიფარგლება,იქ სადღაც შორს...საიდანაც ექოს მაგვარი გამოძახილიც გუგუნში მიკარგულა, გაწყვეტილა თანამემამულეებს შორის დამაკავშირებელი სულიერი ძაფი, რომელიც ქართველებს ოდესღაც გააჩნდათ. სიტყვა ’’ოდესღაც’’ , მტკივნულია აქ და ამ დროს მისი გამოყენება, ჩემთვის, სკოლის მოსწავლე ბიჭისთვის, რომელიც აცნობიერებს, რომ სოფელში მცხოვრებნი გამიჯნულნი ვართ ქალაქელი ხელოვანებისგან. ეს კი, ყოველ ნაბიჯში იგრძნობა.
სამწუხაროდ, ჩემი სოფელი ისე შორს არის ქალაქიდან, იქ ჩასვლასა და სახლში დაბრუნებას ერთი დღე სჭირდება. გოგი პაპას საბჭოთა ავტობუსს ხომ მეტ სისწრაფეს ვერც მოსთხოვ. კაცმა არ იცის, რომელი ორღობის რომელ ორმოსთან უმტყუნებს „ძველი მეგობარი“.
საბედისწერო უგზოობაა. ამასწინათ, მეზობელი ბიჭი გარდაიცვალა, სასწრაფოს დაუგვიანებია. ეს შემთხვევა პირველი არ არის. გაფუჭებული გზის გამო, ზაფხულშიც კი ჭირს გადაადგილება. სკოლაში წასასვლელად, დილის 7 საათზე ვდგები და შინ გვიან ვბრუნდები. ზამთარში ძალიან მიჭირს, გაზაფხულზე კი სასიამოვნოა ალიონი...მზის ამოსვლას ვეგებები, რომლის სხივებიც სწორედ იქ მიდიან, სადაც სხვა სამყაროა, რუტინულად აწყობილი ყოველდღიურობით, თუმცა დიდებული კინო-თეატრების შენობებით, ბიბლიოთეკებით, გალერეებით, განათებული საცხოვრებელი სახლებით, სადაც ელემენტარულ პირობებს გარესამყაროსთან დასაკავშირებლად კომპიუტერი და ინტერნეტი ქმნის. ჩვენც გვჭირდება ცოტაოდენი თანამედროვეობა, რათა გაცილებით მეტი ვიცოდეთ და თავი ვიგრძნოთ სამყაროს ნაწილად.
დედა ხშირად ყვება ზოლმე თავის ახალგაზრდობის ამბებს და ძალიან განიცდის, რომ მე და ჩემს ძმას არ გვაქვს ფუფუნება ქალაქში ხშირად სიარულის, რათა არ მოვწყდეთ ცივილიზაციას. თუმცა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას ხშირად გესტუმროთ ქალაქში.
სკოლიდან დაბრუნებულს, სახლში დიდი ვერაფერი გასართობი მეგულება. მხოლოდ ტელევიზორი, 2–3 ქართული არხითა და ნაჩუქარი ნოუთბუქი, უინტერნეტო. სახელმძღვანელოებში, დავალებების სახით, კი წერია „მოიძიეთ ეს... მოიძიეთ ის ინფორმაციაო“. რაღაც გზებით, იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხრებ მსგავსი დავალებების შესრულებას. აი მაშინ, როცა ქალაქში ნათესავთან ან ისეთ მეგობართან მივდივართ, ვისაც ინტერნეტი აქვს. მაშინ ვიწერ ფილმს, მუსიკას... რამდენიმე დამიგროვდა უკვე. თითოეული ათჯერ მაინც მექნება ნანახი. რა თქმა უნდა, ახალი ფილმების ყურება მირჩევნია, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის…
ბაბუა მიყვება, რომ მისი ახალგაზრდობის დროს, ჩემს სოფელში კინო ყოფილა, სადაც მეგობრები ერთად დადიოდნენ, ერთობოდნენ. სკოლის გარდა , შეხვედრის სხვა სივრცეც ჰქონდათ. ახლა კინო კი არა, „შესახვედრი თანატოლიც“ თითქმის არ არის.
ბებია კი სოფლის თეატრალური დასის წევრი ყოფილა. ერთად როცა მივდივართ, აწ უკვე დანგრეულ კლუბში, მიყვება, თუ როგორ ჩამოდიოდნენ თეატრის ბუმბერაზი მსახიობები, რეჟისორები და სხვა ხელოვანები.
ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვებს: რატომ არ შეიძლება სოფელსაც შეხედოთ ისე, როგორც სრულფასოვან საცხოვრებელს, იზრუნოთ მასზე, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომელთაც მშობლებმა საკუთარი მიწა-წყალის სიყავრული ჩაუნერეგს და თუ ჩვენი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ‘’განუვითარებელ“ სოფელს არ ვტოვებთ, მზად ვართ პასუხი ვაგოთ...რატომ არ შეიძლება ხელოვანებმა თეთრად შეღებილი დარებებიდან გამოიხედონ და ჩვენთანაც დააარსონ კულტურული ცენტრები, გახსნან ბიბლიოთეკები, კინო-თეატრები, ჩევნ ხომ ამხელა სივრცე გვაქვს, სივრცე, რომელშიც ვიკარგებით და მიუწვდომლები ვხვდებით ჩვენივე ქვეყნისთვის. ყველაფერი ხომ სოფლიდან დაიწყო, სოფელმა აღუზარდა ჩვენს სამშობლოს ბუმბერაზი მწერლები, პოეტები, მსახიობები, რეჟისორები...
მინდა, მომავალში მაინც გვეწვიოთ სოფლად. სუფთა ჰაერი და ულამაზესი ბუნება გვაქვს, სწორედ ის, რაც გენატრებათ და გაკლიათ!!!

სოფლელი ბიჭი, სოფლის სოციოლოგთა კლუბი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG