Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევას სიზმრის ახსნა


ავტორი: თამარ პატარიძე

იმთავითვე მოგახსენებთ, რომ ამ დღეებში მცხეთაში გაბრიელ სალოსის საფლავთან მომლოდინე ადამიანები ჩემს სამიზნეს არ წარმოადგენენ, ეს კი მიუხედავად იმისა, რომ « პილიგრიმობის » ეს კარიკატურული სახეობა სრულიად სამარცხვინოდ მიმაჩნია ქრისტიანობისთვის.
ქრისტიანობა ინდივიდუალური ხსნის რელიგიაა, სადაც ადამიანი თავისი რწმენის და ღვაწლის საფუძველზე, ქრისტეს ნათელისკენ სვლით და მის სწავლებაზე სწორებით მოიპოვებს სულის ხსნას. ქრისტეზე უკეთ არავის ძალუძს იხსნას ადამიანი, ონტოლოგიური თვალსაზრისითაც და პრაქტიკულადაც, მისი გასაჭირიდან გამოხსნით, მისი ტკივილების დაამებით, მისი თავის კალთის ქვეშ შეფარებით. თუ ქრისტიანს რაიმე სათხოვარი აქვს, მისი პირველი ნავსაყუდარი მაცხოვარია, მის გულში მყოფი მაცხოვარი რომელთანაც ლოცვით განუყოფელ და ინტიმურ ერთობაშია და არა რომელიმე ჯადოსნური ნივთი ან რიტუალი სადღაც მცხეთაში ან ჩიკაგოში. ქრისტიანები წმინდანთა წმინდა ნაწილებს, ცხადია მოილოცავენ, მაგრამ ამას ორი სურვილის ასრულებით გამოწვეული სარგებლის ძიებაში არ აკეთებენ. რწმენის იმ ტიპის პრაგმატულ-ვულგარიზებული ინსტრუმენტალიზაცია, ავანტურისტმა მონაზონმა რომ საზოგადოებას (დიდი წარმატებით) უკარნახა, ქრისტიანობასთან ახლოსაც არ დგას, თუმცა კი ლოგიკურად აგრძელებს ეკლესიის მიერ მანამდე გაწეულ ძალისხმევას პირველყოფილი საზოდაგოების ჯადოქრობებით, ვულგარიზებულ-კარიკატურული წარმოდგენებით ჩაანაცვლოს ქრისტეს სწავლება. სამღვდელოების პირით სისტემატურად გაცხადებული ეს ფანტასმაგორიულ-აპოკალიპტური ზმანებები, ვულგარული და ბიბლიისა და პატრისტიკისაგან დაცილებული წარმოდგენები, ისევე, როგორც ულტრამემარჯვენე იდეოლოგია დიდი ხანია, რას ჩვენმა ეკლესიამ რწმენის სუროგატად დასახა. ამის შედეგად დღეს ცოტას თუ ახსოვს, რომ ქრისტიანობის მიზანი ნატვრების ასრულება არ არის. ქრისტე ჯინი არ იყო და არც ოქროს თევზი. მისი მისია ადამიანთა სულის ხსნა გახლდათ და ეს მას არავისთვის დაუმალავს, მათ შორის, წესით, არც დედა პარასკევასთვის.
პრობლემური ამ, ისევე, როგორც სხვა ამის მსგავს შემთხვევებში (აქ კი, უპირატესად, 17 მაისს გავიხსენებდი), გახლავთ ინსტიტუციური პასუხისმგებლობის განცდის არ არსებობა არც ეკლესიაში და, სამწუხაროდ, არც საზოგადოების დიდ ნაწილში. კონკრეტულად ამ კარიკატურული პილიგრიმობის ინიცირებაზე, უფრო ზოგადად კი ობსკურანტიზმზე, პასუხისმგებელია ეკლესია, სულ ცოტა იმიტომ, რომ დედა პარასკევა « ერისდამაქცეველი ილიაუნის » ლექტორი არ არის, ის ეკლესიის წარმომადგენელია, ამ არაჯანსაღი მოვლენის ინიციატორი, შესაბამისად, ეკლესია გახლავთ. ამაზე პასუხისმგებელია უწმინდესი, რომელსაც, როგორც ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ფუნქციურად ევალება ადამინებს განუმარტოს როგორია სწორი ხედვა, სწორი ქრისტიანული ხედვა, მაგალითად ამ და ყველა სხვა საკითხისა. ამის მაგივრად ჩვენ ვაკვირდებით, რომ უწმინდესი გეოპოლიტიკური გზავნილებით სავსე ქადაგებებს გვთავაზობს, რომლებშიც პარლამენტზე, მისაღებ კანონებზე, პუტინზე, საქართველოზე, სტალინზე, პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რკინიგზაზე, თვითმმართველობაზე, შრომის კოდექსზე, ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების საქმიანობებზე და რაზეც გნებავთ, ყველაფერ ამდაგვარზეა საუბარი, მაგრამ სიტყვა « ქრისტეს » იშვიათად თუ გადააწყდებით.
შედეგად, ჩვენ სამწუხაროდ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დიდი ალბათობით გაუნათლებელი და ქრისტეს მოძღვრებაში სრულიად გაუთვითცნობიერებელი რომელიმე პარასკევას სიზმრით ქვეყანა იმართება. მერე რა, რომ დედა პარასკევამ სიზმრის სიუჟეტის მოფიქრება და შემდეგ მისი უარყოფა სულ რაღაც 12 საათიან შუალედში მოასწრო: სამაგიეროდ დროის ამ შუალედში მეზღაპრე დედაკაცმა მასების ისეთი გააქტიურება და მობილიზაცია შეძლო, როგორიც სახელმწიფოს არჩევნების დროსაც არ დასიზმრებია. საეკლესიო ესტაბლიშმენტის სიმახინჯეთა გამპრავებელთა დემაგოგიური ლოგიკა - ჩვენს თავს დამიზნებული კომბალი - გვამცნობს, რომ პარასკევას სიზმრის გაანალიზება ეროვნული ცნობიერების და მართლმადიდებლობის დამხობის სურვილი და უზრდელური ქმედება იქნებოდა. ისღა დაგვრჩენია, « ანალიზს » შიშით გამოვეთხოვოთ და უფრო უწყინარ « სიზმრის ახსნას » მივმართოთ, ვთქვათ ასეთს: « თუ მონაზონს გაბრიელი დაესიზმროს, იმ დღეს ნატვრები ახდება ». არა, ბოდიში, იმ დღეს კი არა, ასე 3 დღის შუალედში. თანაც ნატვრა კი არა, არამედ ორი ნატვრა: ერთი რომ ყოფილიყო, ცოტა ბანალური იქნებოდა და სამი კი უკვე « ოქროს თევზის » ზღაპარშია გამოყენებული.
საერთოდაც სულ ერთია, ქრისტეს სწავლებას თუ არ მივსდევთ, მთავარია, ეკლესიის დაკვეთას მივსდიოთ.
მთავარია, ჩვენი და ინსტიტუციის შეხედულებათა უცნაურმა, პარაქრისტიანულმა ნაზავმა ესტაბლიშმენტს ძალაუფლება, გავლენა და სიმდიდრე მოახვეჭინოს. ეს კი გაბრიელის საფლავზე ყველაზე ადრე მისულმა პარასკევამ უკვე ჩაიფიქრა და შეუსრულდა კიდეც.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG