Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პერესტროიკა“ და კაფე „გალერი“


ავტორი: თამარ უჩანეიშვილი

სანამ დიჯეი მოვა და კაფე „გალერი“ სტუმრებით აივსება, შესაძლებელია მის კედლებზე გამოფენილი ნახატების დათვალიერება: კედლის საათი, ვაშლი და სხვა ხილი, ადამიანები, ცხოველები და კიდევ ბევრი სხვა ნახატი. ერთ-ერთი ცხოველი საკმაოდ მსუქანი ზებრაა. ცოტა უფრო მსუქანი ვიდრე ჩვეულებრივი, სტანდარტული ზებრები არიან ხოლმე. თავისი ზომის, ფორმის, კუდის, თვალების ან უბრალოდ იმ გარემოს გამო, რომელშიც ის არის გამოფენილი - ზოლებიან სპილოს ემსგავსება. აი იმ სპილოს, 90-იან წლებში, „პერესტროიკის“ ერთ-ერთი პლაკატისთვის, რომ გაჩნდა. კაფე „გალერიში“ „დიჯეის“ მოსვლასთან და სტუმრების მატებასთან ერთად, ზებრა-სპილო კარგად აღარ ჩანს - „პერესტროიკა“ დარბაზში გრძელდება. იწყება სკამების და მაგიდების გადაადგილება. ახლა სურათებზე უფრო მარტივი, ახალშემოსული ადამიანების დათვალიერებაა. დარბაზის კარი ხშირად იღება, შემოდიან თინეიჯერები, ზოგი მაგიდას უსხდება, ზოგი ბართან დგება, რამდენიმე “დიჯეის” სიახლოვებს ტრიალებს და რიტმს ჰყვება. ისევ იღება კარი, ახლა 25- 30 წლის ქალები ეძებენ თვალით თავისუფალ სკამებს, პოულობენ, სხდებიან მაგიდასთან. რაღაც ნივთებს იღებენ ჩანთებიდან: „კენტი 4 ნომერი“, iphone-ი. მსგავსი ნივთებია სხვა მაგიდასთანაც. ზოგან კენტის მაგივრად „პარლამენტი“ დევს, iphone-ი კი ხელში უჭირევათ, სხვა მაგიდებთან არც iphone-ი, არც კენტი და არც პარლამენტია, ლუდის ბოთლები, საფერფლე, კოქტეილები. ბართან ახლოს ხშირად ისმის შეკვეთა: „ერთი ვოდკა-რედბული“.
გარეთ, კაფეში შემოსასვლელ კართან რიგი დგას, ნაცნობები ერთმანეთს ხვდბიან, უხარიათ, ეხუტებიან ან არ ესალმებიან ერთმანეთს, ვითომ ვერ ხედავენ... რიგშიც და დარბაზშიც: ეროვნების, მეტყველების ფორმის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, ჩაცმულობის, სიფხიზლის და სიმთვრალის მრავალფეროვნებაა.
ორი ბიჭი თავდადებით იბრძვის რიგის გასარღვევად. არღვევენ, შემოდიან დარბაზში. დგანან, სხვებს უყურებენ: „აუ ამას შეხედე რა.....“ უზიარებენ ერთმანეთს განწყობას. აგრძელებენ დგომას და შიგადაშიგ, შეკრებილი საზოგადოების „კრიტიკას“. შეკრებილი საზოგადოება ამასობაში აცეკვებას იწყებს. დინამიკთან და „დიჯეის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი თითქმის აღარ არის. ვიღაც მარტო ცეკვავს, ვიღაც საპირისპირო ან იგივე სქესის მეწყვილესთან ერთად.
გვერდით მდგომი ბიჭების ხელების ქნევით შეწუხებული, ერთი გოგონა მეგობარს ეუბნება: ,,ქართველი პედერასტები ისეთივე აგრესიულები არიან, როგორც ფანატიკოსი მართლმადიდებლები’’. ორივეს ეცინება და ცოტა ხანში მართლმადიებლობა, აგრესიულობა, ჰეტერო თუ ჰომოსექსუალობა საერთოდ ავიწყდებათ, სვამენ, იღიმიან და ცეკვავენ. მოკლედ ზოგი სვამს, ზოგი დგას, ზოგი ზის, ზოგი ძიგძიგებს და ზოგიც საქმიანი ან დაბნეული გამომეტყველებით დადის აქეთ-იქით.
დარბაზი სავსეა, „დიჯეი“ უკრავს.
თინეიჯერები და ცოტახნისწინანდელი-თინეიჯერები, გეები და ფსევდო-გეები, „შუაშისტები“, „ნაცები“ და „ქოცები“ „ძველი ბიჭები“ და „ახალი ბიჭები“, უკმაყოფილოები და საქმიანები - გარკვეული დროის განმავლობაში ერთიანდებიან. განსხვავებულობა თითქოს აღარავის აწუხებს. ისღა რჩება ამ გალერეას პანდუსები გაუკეთონ, და პერესტროიკა - ინკლუზიად იქცეს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG